ზაზალოს ციხე
ზაზალოს ციხე — ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს დასავლეთით 2 კილომეტრში, კლდოვან გორაკზე. შემონახულია მხოლოდ აღმოსავლეთი და დასავლეთი კოშკები, კედლები კი ნანგრეევების სახითაა შემორჩენილი. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. სამხრეთი კედელი მონგრეულია. ასევე ნაწილობრივ დანგრეულია ორივე კოშკის კედლები.
ნაგებია ლოდებითა და კირხსნარით კლდის მასივზე. კლდის თხემი მთლიანად ციხესიმაგრეს უკავია. აღმოსავლეთ კოშკის ნაშთი მრგვალია, დასავლეთისა — ოთხკუთხა, გარედან კუთხეებმომრგვალებულია. იგი ოთხსართულიანია, შემორჩენილია ბუხარი, სალოდეები და სამზერები. გარედან დასავლეთის კედლის ქვედა წყობაში ერთ ლოდზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. მისადგომი ადგილები კლდეზე კედლებითაა გამაგრებული. კოშკებს შორის სადგომების ნაშთები ჩანს. კოშკის კედლების ქვედა რიგები ჰორიზონტალური წყობისაა, ზოგან ვერტიკალურად ჩაშენებული ქვებით. ციხე აგებული ჩანს თოფ-ზარბაზნის შემოღებამდე, იგი აქ გამავალ გზებს მოხერხებულად აკონტროლებდა. 1870 წელს ციხის მახლობლად იყო საკორდონო პოსტი, რომელიც დღემდე შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ზაზალო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 299.
- ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992. — გვ. 140-141.