ფრედი ვუდროფი

(გადამისამართდა გვერდიდან ვუდროფი, ფრედი)

ფრედი ვუდროფი (ინგლ. Freddie Woodruff; დ. 14 სექტემბერი, 19478 აგვისტო, 1993,[1] თბილისი) — ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს; CIA) აგენტი საქართველოში. საეჭვო და ბოლომდე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს თბილისის შემოსასვლელთან.

ფრედი ვუდროფის საფლავი

ვუდროფი თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის საფარქვეშ ხელმძღვანელობდა ცსს ოპერაციებს საქართველოში. მისი მონიტორინგით იწრთვნებოდა სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის დაცვა და პირველი ქართული განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი „ომეგა“. მისი მკვლელობა მოხდა იმ დროს, როდესაც ვუდროფი შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელთან ელდარ გოგოლაძესთან და ორ გოგონასთან ერთად ავტომანქანა „ნივით“ თბილისში ბრუნდებოდა ქალაქგარე გასეირნებიდან. გამოძიების ვერსიით, ავტომანქანას გზა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე ახალგაზრდამ გადაუღობა და გაჩერება მოსთხოვა. გოგოლაძე არ დაემორჩილა, რის შემდეგაც უცნობების მხრიდან მოხდა ერთი გასროლა. უკანა სკამზე მჯდომ ვუდროფს ტყვია თავში მოხვდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გოგოლაძე ინციდენტის ადგილას დაბრუნდა და დააკავა სამი პირი, მ.შ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ანზორ შარმაიძე, რომელიც გამოძიებამ დამნაშავედ სცნო და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა (შემდგომში გაუხანგრძლივდა გაქცევის მცდელობის გამო).

გამოძიების ვერსია თავიდანვე გახდა კამათის მიზეზი. ვუდროფის ოჯახი მიიჩნევს, რომ შარმაიძე უდანაშაულოა. 2004 წელს იყო მცდელობა საქმის გადახედვისა, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი არ მოყოლია. ინციდენტის ბევრმა მოწმემ ჩვენება შეცვალა; ზოგიერთი გაუჩინარდა. შარმაიძემ აღიარა, რომ გამოძიებისათვის ხელსაყრელი ჩვენება წამების შემდეგ მისცა. ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომ შესაძლოა ვუდროფი საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ჯაშუშურ ომს შეეწირა და საქმეში რუსეთის უშიშროების სამსახურები იყვნენ ჩარეული.

ამერიკულმა მხარემ გამოძიება დამოუკიდებელად ჩაატარა, თუმცა გამოძიების მასალების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვუდროფი თბილისში შეხვდა თავის ძველ მეგობარს, ცსს მაღალი რანგის ოფიცერს — ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც მალე გაიშიფრა როგორც რუსეთის აგენტი და აშშ სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამერიკული გამოძიება ასევე უარყოფს შარმაიძის კავშირს ვუდროფის მკვლელობასთან. 2008 წელს ოქტომბერში შარმაიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Stillwater Pioneer Athlete Menzorial : Freddie R. Woodruff (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-01-24.