ჰუგო ვოლფი

ავსტრიელი კომპოზიტორი
(გადამისამართდა გვერდიდან ვოლფი, ჰუგო)

ჰუგო ვოლფი (გერმ. Hugo Wolf; დ. 13 მარტი, 1860 — გ. 16 თებერვალი, 1903) — ავსტრიელი კომპოზიტორი. მას ეკუთვნის „სიმღერათა იტალიური წიგნი“ და „სიმღერათა ესპანური წიგნი“.[12]

ჰუგო ვოლფი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 მარტი, 1860(1860-03-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი სლოვენ-გრადეცი[9]
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 1903(1903-02-22)[1] [2] [3] [4] [5] [10] [6] [7] (42 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[11]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი
ჰუგო ვოლფი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა და ახალგაზრდობა

რედაქტირება

ჰუგო ვოლფი დაიბადა 1860 წლის 13 მარტს სამხრეთ შტირიაში მდებარე ქალაქ ვინდიშგრაცში (ახლანდ. სლოვენ-გრადეცი, სლოვენია). მამამისი ტყავის ოსტატი და მუსიკის დიდი მოყვარული იყო. იგი უკრავდა ვიოლინოს, გიტარას, ჩანგს, ფლეიტასა და როიალს. დიდი ოჯახი, რომლის რვა შვილთაგან ჰუგო მეოთხე იყო, თავდაჭერილად ცხოვრობდა; მიუხედავად ამისა, დიდი ადგილი ეთმობოდა მუსიკას: ხშირად ასრულებდნენ ავსტრიულ, იტალიურ და სლოვენიურ ჰანგებს. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საკვარტეტო მუსიკასაც: მამა პირველი ვიოლინოს პარტიას ასრულებდა, ხოლო პატარა ჰუგო — მეორე ვიოლინოს პარტიას. ისინი მონაწილეობას ღებულობდნენ მოყვარულთა ორკესტრშიც, რომელიც უპირატესად გასართობ, საყოფიერო მუსიკას ასრულებდა.[13]

ვოლფმა ბავშვობის წლებიდანვე გამომამჟღავნა ურთიერთსაპირისპირო პიროვნული თვისებები: იგი ახლობელ ადამიანებთან იყო ალერსიანი, თბილი და გულღია, ხოლო უცნობებთან- ფიცხი, შეურიგებელი და პირქუში. ხასიათის ამგვარი თვისებები აძნელებდნენ მასთან ურთიერთობას და საბოლოოდ გაართულეს კიდეც კომპოზიტორის ცხოვრება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას არ მიუღია სისტემატიური საერთო და მუსიკალური განათლება. ის მხოლოდ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ვენის კონსერვატორიაში, საიდანაც გარიცხულ იქნა „დისციპლინის დარღვევის“ გამო.[13]

ჰუგოს მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში აღეძრა და თავდაპირველად მამამისი ცდილობდა ამ გატაცების წახალისებას, თუმცა მას არ სურდა, რომ მისი ვაჟი პროფესიონალი მუსიკოსი გამოსულიყო. თხუთმეტი წლის ჭაბუკმა მამის აკრძალვის საპირისპიროდ საბოოლოოდ გადაწყვიტა, გამოსულიყო კომპოზიტორი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუგო რიხარდ ვაგნერის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო.

პირველი შემოქმედებითი პერიოდი

რედაქტირება

თავდაპირველად ვოლფს იტაცებდა ფართო ჩანაფიქრები: ოპერა, სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები. მათმა უმეტესობამ ჩვენამდე მოაღწია დაუმთავრებელი, ფრაგმენტული სახით. მისი პირველი შემოქმედებითი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებს წარმოადგენენ სიმფონიური პოემა „პენტეზილეა“ (1883–1885, გ.კლეისტის ერთსახელიანი ტრაგედიის მიხედვით) და „იტალიური სერენადა“ სიმებიანი კვარტეტისთვის (1887).[14]

1888–1891 წლებში ჰუგო ვოლფი განსაკუთრებული ინტენსივობით ქმნიდა ნაწარმოებებს: მან დაასრულა სიმღერების ოთხი დიდი ციკლი მერიკეს, ეიჰენდორფისა და გოეთეს სიტყვებზე და „სიმღერათა ესპანური წიგნი“ და დაიწყო „სიმღერათა იტალიური წიგნის“ წერა.[15]

მოულოდნელად ვოლფს შთაგონება ამოეწურა და იგი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ეს შემოქმედებითი პაუზა ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა 1895 წლის მარტში იწყება კომპოზიტორის მეორე შემოქმედებითი პერიოდი.[16]

მეორე შემოქმედებითი პერიოდი

რედაქტირება

ჰუგო ვოლფმა სამი თვის განმავლობაში დაწერა კლავირი ოპერისთვის „კორეგიდორი“ ცნობილი მწერლის, პედრო დ'ალარკონის სიუჟეტზე. ამავე დროს მან დაასრულა „სიმღერათა იტალიური წიგნი“ და დაიწყო მუშაობა ოპერაზე „მანუელ ვენეგასი“ (იმავე დ'ალარკონის სიუჟეტზე).[16]

ცხოვრების უკანასკნელი წლები

რედაქტირება

1896 წელს მანჰეიმში შედგა ოპერა „კორეგიდორის“ პრემიერა, თუმცა ვოლფის ცხოვრების წლები უკვე დათვლილი იყო. ჰუგო ვოლფი ინტენსიურად მუშაობდა, მაგრამ უეცრად მას გონება დაეხშო. 1897 წელს მეგობრებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე თვეში ვოლფს მცირე ხნით გონება დაუბრუნდა, თუმცა შრომისუნარიანობა საბოლოოდ დაკარგა. 1903 წლის 16 თებერვალს ჰუგო ვოლფი ხანგრძლივი სულიერი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 42 წლის ასაკში.

შემოქმედება

რედაქტირება

სიმღერები:

  • „მერიკეს ლექსები“ (53 სიმღერა, 1888)
  • „ეიჰენდორფის ლექსები“(20 სიმღერა, 1880–1886)
  • „გოეთეს ლექსები“ (51 სიმღერა, 1888–1889)
  • „სიმღერათა ესპანური წიგნი“ (44 პიესა, 1888–1889)
  • „სიმღერათა იტალიური წიგნი“ (1-ლი ნაწილი — 22 სიმღერა,1890-1891; მე-2 ნაწილი — 24 სიმღერა, 1896)
  • „სამშობლოს“ (მერიკეს სიტყვებზე) ვაჟთა გუნდისა და ორკესტრისთვის (1890–1898)

ინსტრუმენტული ნაწარმოებები:

  • სიმებიანი კვარტეტი d-moll (1879–1884)
  • სიმფონიური პოემა „პენტეზილეა“ (1888–1885)
  • „იტალიური სერენადა“ სიმებიანი კვარტეტისთვის (1887)

ოპერები:

  • „კორეგიდორი“ (1895)
  • „მანუელ ვენეგასი“ (1897, დაუმთავრებელი)

მუსიკა დრამისთვის:

  • ჰ. იბსენის (1890–1891) „ზეიმი სოლხაუგაში“
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Salzburgwiki
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. The Fine Art Archive
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #118634712 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Вольф Хуго // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. მ. დრუსკინი (1975). რედ. ვ. დონაძე: საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია (ქართული). "განათლება", გვ. 189. 
  13. 13.0 13.1 მ. დრუსკინი (1975). რედ. ვ. დონაძე: საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია (ქართული). "განათლება", გვ. 191. 
  14. მ. დრუსკინი (1975). რედ. ვ. დონაძე: საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია (ქართული). "განათლება", გვ. 193. 
  15. მ. დრუსკინი (1975). რედ. ვ. დონაძე: საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია (ქართული). "განათლება", გვ. 194. 
  16. 16.0 16.1 მ. დრუსკინი (1975). რედ. ვ. დონაძე: საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია (ქართული). "განათლება", გვ. 195.