ვლადიმერ თალაკვაძე
ვლადიმერ მანუელის ძე თალაკვაძე (დ. 5 თებერვალი, 1914, სოფ. მთისპირი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1999) — საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანული მოძრაობის მონაწილე ბელორუსიის სსრ-ის ტერიტორიაზე.
წითელ არმიაში მსახურობდა 1933 წლიდან. მონაწილეობდა პოლონეთის აღმოსავლეთის (დასავლეთ ბელორუსის) ოკუპაციაში (1939), ფინეთთან ომში (1939-1940). გერმანიასთან ომის საწყის ეტაპზე 1941 წლის ივნისში მეთაურობდა 126-ე მსროლელი დივიზიის ბატალიონს. 1941 წლის აგვისტოდან სათავეში ედგა ბელორუსიის ტერიტორიაზე მოქმედ პარტიზანულ ჯგუფს, 1942 წლის ივნისიდან — პარტიზანულ რაზმს „გროზნი“ («Грозный»), 1943 წლის მარტიდან — ს. მ. კოროტკინის სახელობის პარტიზანულ ბრიგადას. მისი მეთაურობით ბრიგადის პარტიზანებმა ჩაატარეს 80-ზე მეტი საბრძოლო ოპერაცია, რომლის დროსაც გაანადგურეს მოწინააღმდეგის 25 გარნიზონი, მწყობრიდან გამოიყვანეს 256 ავტომანქანა, ხელთ იგდეს საბრძოლო ნადავლი. 1944-1957 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის არმიაში. თადარიგში გასვლის (პოდპოლკოვნიკის წოდებით) შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში. დაჯილდოებული იყო წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლით „სამამულო ომის პარტიზანს“ (I ხარისხი).
ლიტერატურა
რედაქტირება- Б.Д. Долготович // Почетные граждане белорусских городов : биографический справочник / Б.Д. Долготович. - Мн., 2008. - С. 119.