გამარჯობა! ძალიან გვიხარია, რომ ვიკიპედიაში შენი წვლილის შეტანა გინდა. აქ ეს ძალიან მარტივია — ყოველ წამს ათასობით ადამიანი ამდიდრებს და აუმჯობესებს კაცობრიობის ისტორიაში შექმნილ ყველაზე დიდ, მრავალენოვან და თავისუფალ ენციკლოპედიას. ასე რომ, პირველი არ ხარ. დავიწყოთ?
პირველი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ — ვიკიპედია არის ენციკლოპედია. შენი სტატია უნდა ეხებოდეს აკადემიურად მნიშვნელოვან თემას, მისი სტილი კი უნდა იყოს აკადემიური. მოდი, მაგალითი ნახე — მარცხენა ისაა, როგორც ვიკიპედიაში ვწერთ, მარჯვენა კი... ალბათ, უფრო ფეისბუქისთვის არის უკეთესი:
მელა (ლათ. Vulpes) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა.
მელიები მიყვარს <3 <3 <3 ძალიან საყვარლები არიან!
იგივე წესი ეხება არა მარტო მელიებს, არამედ ყოველ კომპანიას, ადამიანს ან სტატიას ნებისმიერ სხვა თემებზე. შევთანხმდით? გავაგრძელოთ!
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ძალიან მარტივია — ამისთვის საჭიროა, მხოლოდ იპოვო შენთვის საინტერესო სტატია. მის ზედა ნაწილში იქნება ღილაკი „რედაქტირება“, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. ჯერ რამდენიმე წესი:
რადგანაც ვიკიპედია არის ენციკლოპედია, ნებისმიერი მასალა, რომელსაც აქ დაწერ, უნდა იყოს გამყარებული წყაროთი. წყარო არის აკადემიური ნაშრომი, წიგნი, აკადემიური ან საინფორმაციო სტატია. აი, შეხედე, მარცხენა არის წყაროს მაგალითი, რომელიც ვიკიპედიაში მისაღებია, მარჯვენას კი დიდი ალბათობით მალევე წაგიშლით:
ირაკლი ხვადაგიანი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN 978-9941-0-9318-0.
ჩემმა დიდმა ბებიამ უთხრა ჩემი მამიდის რძალს, რომელმაც ეს ცოდნა მე გადმომცა.
შევთანხმდით? წყარო გაქვს და ვიკიპედიის სტილიც გასაგებია? გავაგრძელოთ!
ვიკიპედიაში ყველა სტატიის თავზე არის ღილაკი „რედაქტირება“ და „წყაროს რედაქტირება“. აი, შეხედე ქვემოთ:
როდესაც „რედაქტირება“ ღილაკს დააჭერ, სტატიის სახე ოდნავ შეიცვლება და ასეთი გახდება:
მარჯვნივ გამოხტება ორი გაფრთხილება: პირველი, რომ არ ხარ ავტორიზებული და IP-მისამართი ჩაიწერება ამ გვერდის ცვლილებების ისტორიაში. ვიკიპედიაში ჩვენ ვინახავთ ყველა სტატიის ყველა ჩასწორებასა და მის ავტორებს იმისთვის, რომ დავიცვათ საავტორო უფლებები და ვებრძოლოთ ვანდალებს. IP მისამართი არის ციფრების უნიკალური ნაკრები, რომლითაც შესაძლებელია რედაქტორის აღმოჩენა - ჩათვალე, პირადი ნომერივითაა. თუ არ გინდა, რომ ვინმემ იცოდეს შენი IP მისამართი, ჩვენი რჩევაა, რომ დააჭირო ამ ლურჯ ტექსტს და შექმნა შენი პირადი ანგარიში. გავაგრძელოთ? ძალიან კარგი.
როდესაც დააჭერ ღილაკს „რედაქტირება“, უბრალოდ დააჭირე ტექსტის იმ ნაწილს, რომელიც გინდა, რომ შეცვალო. პატარა ვიდეოც მოგიმზადეთ, რომ უფრო გასაგები გახდეს -
ხომ მარტივია? ძალიან კარგი.
არ დაგავიწყდეს „ცვლილებების შენახვა“ ღილაკის დაჭერა, თორემ მთელი შენი რედაქტირება დაიკარგება (რაც არ გვინდა!):
სანამ შეინახავ, გამოხტება ახალი ფანჯარა, რომელიც გთხოვს რედაქტირების მოკლე რეზიუმეს - ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ გავასწორეთ აბზაცები და ზუსტად ეს ჩავწერეთ — „აბზაცების გასწორება“. რეზიუმეს ჩაწერა სავალდებულო არ არის, მაგრამ სხვა რედაქტორებსა და შემმოწმებლებს (ვიკიპედიის სანდო მომხმარებლები, რომლებიც იცავენ ვიკიპედიას ვანდალებისგან) უმარტივებს შენი წვლილის ნახვას. ამის მერე არ დაგავიწყდეს „ცვლილებების შენახვა“ ღილაკის დაჭერა! სულ ესაა.
გილოცავ! შენ უკვე შეგიძლია პატარა რედაქტირების გაკეთება, და ამასობაში მელას შესახებ სტატიაც გააუმჯობესე, ახლა ის უკვე ისე გამოიყურება, როგორც ქვემოთ სურათზე. დიდი მადლობა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ შენ ხომ გაცილებით მეტი შეგიძლია, ვიდრე აბზაცების ან პატარ-პატარა შეცდომების გასწორება. რა უნდა ქნა, თუ ცოტა დიდი ტექსტის დამატება გინდა? მოდი, გავაგრძელოთ!
ახლა ჩავიდეთ ცოტა სიღრმეებში. ვიკიპედია არის ენციკლოპედიური პლატფორმა და ჩვენი მიზანი არის გავუმარტივოთ მკითხველს ინფორმაციის მიღება. ამისთვის არსებობს ბმულები — სტატიებსშორისი კავშირები. ბმულის გაკეთება ძალიან მარტივია, მაგრამ სანამ მათზე გადავალთ, მოდი შევხედოთ რედაქტირების პანელს:
თითოეულ სიმბოლოს ამ პანელზე საკუთარი მნიშვნელობა და ფუნქციონალი აქვს. მოდი დავიწყოთ ბმულების ჩასმით! ბმულის ჩასასმელად უნდა მონიშნო შენთვის საინტერესო სიტყვა და დააჭირო ამ ნიშანს:
ჩვენ მოვნიშნეთ სიტყვა ავსტრალიაში და დავაჭირეთ ხატულას. ახლა გამოხტება ახალი ფანჯარა:
ეს ფანჯარა გვეუბნება, რომ გვერდი ავსტრალიაში ქართულ ვიკიპედიაში არ არსებობს. როგორ?! ავსტრალიაზე სტატია როგორ არ შეიძლება იყოს ამხელა ვიკიპედიაში? მართალი ხარ — ავსტრალიის შესახებ სტატია, რა თქმა უნდა, გვაქვს. ამ გამომხტარ ფანჯარაში ავსტრალიაში ნაცვლად ჩავწეროთ ავსტრალია; და აი ისიც, სტატია გვქონია! არ დაგავიწყდეს ღილაკს „გაკეთდა“ დააჭირო, რომ შეინახო ბმული.
ვიკიპედიაში ბმული ორგვარია — ლურჯი და წითელი. ლურჯი ბმული ნიშნავს, რომ ვიკიპედიაში ამ თემაზე სტატია არსებობს. წითელი კი — რომ სტატია არ არსებობს, და ძალიან კარგ საქმეს იზამ, თუ შექმნი ამ სტატიას! ბმულების გაკეთება ვიკიპედიაში აუცილებლობაა და ყველა სტატიას აქვს, მაგრამ ბმულების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია წყაროები.
წყაროებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ — გახსოვს, ბებიის ნათქვამი რომ არ ვარგა, ცნობილი ისტორიკოსის კი — ძალიან კარგია. ვიკიპედიაში ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს წყაროებს, ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი წესი — ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უბრალოდ გადმოკოპირება, რადგანაც ტექსტის გადმოკოპირება — ქურდობა — აკადემიურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია.
ინფორმაცია გაქვს, წყარო გაქვს, ახლა როგორ უნდა მოიქცე? მოდი მაგალითის საფუძველზე შევხედოთ: გვაქვს წიგნი — ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსის, ირაკლი ხვადაგიანის წიგნი საქართველოს დამფუძნებელი კრება. ამოვიღოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია: ავტორის სახელი და გვარი, წელი, წიგნის სახელი, გამოცემის ადგილი, გამომცმელობა და ISBN კოდი. ხანდახან შეიძლება ინფორმაცია სრულად არ გვქონდეს, ეს არაუშავს — მთავარია იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს, წიგნი მოძებნადი იყოს. მივიღებთ შემდეგ ტექსტს: ირაკლი ხვადაგიანი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN 978-9941-0-9318-0
დავუბრუნდეთ ისევ რედაქტირების პანელს, ოღონდ ამჯერად არა ბმულის ხატულას, არამედ მის გვერდით — ციტირება რომ წერია. ქვემოთ სურათიც აგიტვირთეთ:
ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული აბზაცის ბოლოს. რედაქტირებაში შევსლის შემდეგ, მიიყვანე მაუსის კურსორი იმ ადგილზე, სადაც გინდა, რომ ჩასვა წყარო, დააჭირე ციტირების ღილაკს (აი ზემოთ რომაა), აარჩიე საბაზისო ციტირება და ჩააკოპირე წყაროს ტექსტი. რთული არაფერია — ამ პატარა ვიდეოს თუ ნახავ, კიდევ უფრო გასაგები გახდება:
კიდევ რამდენიმე რამ, უნდა იცოდე. ვიკიპედიაში სტატიების გარდა, კიდევ არსებობს განხილვის გვერდები, რომლებიც ყველა სტატიას აქვს. განხილვის გვერდზე შეგიძლია დატოვო შენიშვნა სტატიასთან დაკავშირებით (რა თქმა უნდა, ჯობია, რომ შენვე გაასწორო, მაგრამ თუ გაქვს კომენტარი ან შემოთავაზება - თავისუფლად შეგიძლია სტატიის განხილვის გვერდის გამოყენება). განხილვის გვერდების რედაქტირება ისეთივე მარტივია, როგორც ჩვეულებრივი გვერდების - ერთადერთი განსხვავება, განხილვის გვერდზე არ უნდა დაგავიწყდეს ხელის მოწერა. უფრო გასაგები რომ გახდეს, პატარა ვიდეოც გაგიკეთეთ:
კიდევ ერთი რამ - გარდა სტატიებისა და სტატიების განხილვის გვერდებისა, არსებობს კიდევ მომხმარებლის გვერდები - ერთგვარი პროფილები, რომლებიც ყველა მომხმარებელს ავტომატურად უჩნდება ვიკიპედიაში შესვლისთანავე. მომხმარებლის განხილვის გვერდი არის ვიკიპედიაში კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, ამიტომ აუცილებლად დააკვირდი გვერდის ზედა ნაწილს. ქვემოთ ორი სურათია - მარცხენა აჩვენებს როგორ გამოიყურება დაურეგისტრირებელი მომხმარებლის გვერდი შეტყობინებით და შეტყობინების გარეშე, მარჯვენა კი - დარეგისტრირებულის. გახსოვს, ჩვენი რჩევა, რომ რეგისტრაციის გავლა ჯობია? ახლაც გავიმეორებთ - ჯობია გაიარო რეგისტრაცია! შეგიძლია დააჭირო ამ ლურჯ ტექსტს და შექმნა შენი პირადი ანგარიში, ან უბრალოდ გააგრძელე კითხვა:
უკვე შექმენი ანგარიში? ძალიან კარგია, გავაგრძელოთ.
დააკვირდი - ეკრანის ზედა მარჯვენა ნაწილში გამოჩნდა შენი არჩეული მომხმარებლის სახელი და რამდენიმე ახალი სიტყვა. ყვითლად ხომ არ ჩანს რამე, როგორც სურათზე ქვემოთ? თუ ხედავ, ესე იგი ვიღაცამ მოგწერა! გახსოვს ალბათ, რომ განხილვის გვერდის რედაქტირების ძალიან მარტივია (თუ არა, ზემოთ არის ვიდეო) - თუ ვინმემ რამე მოგწერა, ჯერ გადადი შენს განხილვის გვერდზე (შეგიძლია დააჭირო ამ დიდ ყვითელ ყუთში ლურჯ ბმულს), ან ეკრანის ზედა ნაწილში არის წარწერა „განხილვა“ - მას დააჭირე და გადახვალ შენი განხილვის გვერდზე. აქაც არ უნდა დაგავიწყდეს ხელმოწერა: ზემოთ არის პატარა ვიდეო, მარცხნივ კი ის სურათი, რომელსაც უნდა დააჭირო ხელმოსაწერად. მომხმარებლის განხილვის გვერდის რედაქტირება ზუსტად ისეთივეა, როგორც განხილვის გვერდის - თუ გჭირდება გახსენება, ზემოთ ვიდეო ნახე.
თუ ანგარიში ჯერ არ შეგიქმნია (თუმცა, ჯობია შექმნა)
უპირველეს ყოვლისა, დააკვირდი, ხომ არ ხედავ ამ დიდ ყვითელ ყუთს, როგორც სურათზე ქვემოთ? თუ ხედავ, ესე იგი ვიღაცამ მოგწერა! გახსოვს ალბათ, რომ განხილვის გვერდის რედაქტირების ძალიან მარტივია (თუ არა, ზემოთ არის ვიდეო) - თუ ვინმემ რამე მოგწერა, ჯერ გადადი შენს განხილვის გვერდზე (შეგიძლია დააჭირო ამ დიდ ყვითელ ყუთში ლურჯ ბმულს), ან ეკრანის ზედა ნაწილში არის წარწერა „განხილვა“ - მას დააჭირე და გადახვალ შენი განხილვის გვერდზე. აქაც არ უნდა დაგავიწყდეს ხელმოწერა: ზემოთ არის პატარა ვიდეო, მარჯვნივ კი ის სურათი, რომელსაც უნდა დააჭირო ხელმოსაწერად. მომხმარებლის განხილვის გვერდის რედაქტირება ზუსტად ისეთივეა, როგორც განხილვის გვერდის - თუ გჭირდება გახსენება, ზემოთ ვიდეო ნახე.
გილოცავ! ახლა უკვე იცი, როგორი უნდა იყოს ვიკიპედიის სტატია, რა არის ბმული, რა არის ციტირება, განხილვა. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლია დაიწყო ვიკიპედიის რედაქტირება და შეიტანო შენი წვლილი კაცობრიობის ისტორიასა და ქართულ ენაზე ცოდნის ყველაზე დიდი საცავის შექმნაში! ვიკიპედიაში კიდევ ბევრი წესი და დახმარების გვერდია. ამ გვერდის ქვედა ნაწილში არის რამდენიმე ბმული, რომლებზეც შეგიძლია გადახვიდე და კიდევ უფრო მეტი ისწავლო ვიკიპედიისა და მისი რედაქტირების შესახებ. გახსოვდეს, რომ ინფორმაცია ვიკიპედიაში უნდა იყოს ნეიტრალური, დაკავშირებული და წყაროებზე დაფუძნებული. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავ, ვიკიპედიაში შენი ყოფნა ძალიან საინტერესო იქნება!