ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110215191153/

„ოქსიმორონი მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში”“

ჟუჟუნა შაინიძე


მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” ერთ-ერთ სტილურ თავისებურებას ქმნის ოქსიმორონის, როგორც სტილისტიკური ხერხის, ხშირი გამოყენება. სტილისტიკური ხერხი, რომელიც ლიტერატურათმცოდნეობაში ოქსიმორონის სახელითაა ცნობილი, ოპოზიციური წყვილების გამთლიანებით მიიღება. თვით „ოქსიმორონი” ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით მახვლიგონივრულ-სულელურს გულისხმობს. მაგ., „მჭევრმეტყველური დუმილი,” „ცოცხალი ლეში” (ჭაბაშვილი 1989: 361). ოქსიმორონის, როგორც სტილისტიკური ხერხის, დატვირთვა ძალზე დიდი და შთამბეჭდავია მხატვრულ ნაწარმოებში. სიბრძნისა და სისულელის ან ნებისმიერი მკვეთრად საწინააღმდეგო მოვლენის მახვილგონივრული შეხამება ქმნის ოპოზიციურ წყვილებს, რომელთა მეშვეობით გაცილებით მეტად წარმოჩნდება ნათქვამის აბსურდულობა. მაგ., როცა მ. ჯავახიშვილის ~ჯაყოს ხიზნებში~ თეიმურაზი მარგოს ევედრება, ოღონდ შენს გვერდით მამყოფე და მე შენი „სულიერი ქმარი” (ჯავახიშვილი 2006:192) ვიქნებიო, პერსონაჟს აგდებს კომიკურ სიტუაციაში, ააშკარავებს მის სრულ უილაჯობას, დაკნინება-დაჩიავებას, ავადმყოფურ სისუსტეს. იგი კიდეც გვეცოდება, მაგრამ თავს ვერ ვიკავებთ კარნავალური სიცილისაგან. მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” ერთ-ერთ სტილურ თავისებურებად არა მხოლოდ ოქსიმორონის, როგორც სტილისტიკური ხერხის, ხშირი გამოყენება, არამედ ამ ხერხით შექმნილი სახეების სიმკვეთრე და მაღალმხატვრულობა უნდა ჩაითვალოს. მაგ., ამ მხრივ გამოირჩევა ოქსიმორონი „ახალგაზრდა მოხუცი”. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობის მქონე სიტყვების ერთ სიბრტყეზე მოთავსება საუკეთესო საშუალებაა თეიმურაზ ხევისთავის დასახასიათებლად: „თეიმურაზ ხევისთავი ახალგაზრდა მოხუცი გახლდათ, ნათავადარი, ნამამულევი, ნამოღვაწარი და ნავექილარი” (ჯავახიშვილი 2006: 10). ამ ისედაც ძლიერგამომასხველობით მხატვრულ სახეს კიდევ უფრო ამკვეთრებს ნამყო მიმღეობური ფორმით გამოხატული განკერძოებული განსაზღვრებანი. „ნა” თავსართით ნაწარმოები რამდენიმე მიმღეობის თავმოყრა ერთ წინადადებაში (ნათავადარი,ნამამულევი და ა. შ.) ქმნის გროტესკულ განწყობილებას. აღნიშნული ოქსიმორონი შეცვლილი სახით, მაგრამ იმავე დატვირთვით სხვაგანაც მეორდება თეიმურაზის დასახასიათებლად: „ორმოციოდე წლის მოხუცს თეთრი წვერი ჩაზნექილ მკერდზე სცემდა.” ( იგივე; 220). ასეთი მკვეთრი კონტრასტულობით შექმნილი სახე იმდენად ფერწერულია, რომ მკითხველი არა მხოლოდ თეიმურაზ ხევისთავის პორტრეტს უყურებს, არამედ მის სულშიც იხედება და ერთიანად იმსჭვალება პერსონაჟის ტრაგიკულობით, რაც აძლიერებს ამ მხატვრული სახის ესთეტიკურ ღირებულებას. თეიმურაზის დახასიათებისას მწერალი ხშირად იყენებს ოპოზიციურ წყვილს „უძვალო ხერხემალი”, რაც გაცილებით გროტესკულია, ვიდრე ჩეხოვის „უხერხემლო ინტელიგენტი.” („როგორ უნდა ჰზიდოს იმისმა უძვალო და მოდრეკილმა ხერხემალმა ეგოდენი მოურეველი ტვირთი.” (იგივე:142). ოქსიმორონში სრულად ხორციელდება კარნავალური სიტყვის ამბივალენტური სტრუქტურა. დაპირისპირებული ორივე პოლუსი თანაბრად ძლიერია და ასევე რეაგირებს ჩვენს ცნობიერებაზე. ოქსიმორონის მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრაგიკომიკური სტილის ნაწარმოებში. იგი თავისი დისონანსურობით, ალოგიკური ლოგიკით კიდეც აოცებს მკითხველს და კიდეც აბნევს. სწორედ ეს დისონანსურობა განსაზღვრავს ოქსიმორონის კარნავალურ ხასიათს. კარნავალური სიცილი ოპოზიციურ წყვილთა მთლიანობაში ხორციელდება. სიტუაციის შესაბამისად ცვალებად ჯაყოს ბუნებას შესანიშნავად ხატავს ოპოზიციური წყვილი „გაკრავებული დათვი: „ნინიკა კოშკის კართან შესდგა და გაკრავებულ დათვს მიუბრუნდა”(იგივე: 219). ეფექტურია აგრეთვე სხვადასხვა კონტრასტული შეხამებანი ერთსა და იმავე წინადადებაში: „მარგოს დარიგებით გაპარსული მაიმუნი კვლავ ბანჯგვლიან დათვად გადაიქცა” (იგივე: 221). კარნავალური ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ნიშანი - ადამიანის სხვადასხვა ცხოველთან შედარება ამ წინადადებაში საუკეთესოდ წარმოაჩენს ჯაყოს ნამდვილ ბუნებას. ბახტინის თქმით გროტესკულ სახეში, როგორც არასრულყოფილ სხეულში, წაშლილია ზღვარი ადამიანურსა და ცხოველურს შორის, არ არის მსგავსების ან განსხვავების ხარისხი და ერთი გადადის მეორეში. ასეთი რამ პირველად გაჩნდა რომში, მხატვრული ორნამენტების მოხატულობაში, მე-15 საუკუნეში. ტერმინი გროტესკიც აქედან მოდის. (ბახტინი 1996: 28). კარნავალური სახის ლიტერატურისათვის განსაკუთრებით საინტერესო შეხამებაა „ორფეხა პირუტყვი.” (ჯავახიშვილი 2006: 47). „ადამიანისა და ცხოველის ფორმების შერევა ერთ-ერთი მახასიათებელია ადრინდელი გროტესკისა” (ბახტინი 1996: 89), ასეთი ფორმები ხშირად გვხვდება ხალხურ მეტყველებაში, ზეპირსიტყვიერ ნიმუშებში. მკვეთრად კონტრასტულია გამონათქვამი „ზრდილობიანად ამოაბოყინა” (ჯავახიშვილი 2006: 48). ოპოზიციური წყვილები -„გაკრეჭილი მღვდელი” (იგივე: 71) და „ურწმუნო მოძღვარი”(იგივე: 132) საუკეთესოდ ახასიათებს ნახუცარი ივანეს პიროვნებას. ასეთი სიზუსტით მიგნებული ოპოზიციები მრავლადაა „ჯაყოს ხიზნებში.” მაგალითად, აღმავალი გროტესკულობით ხასიათდება წინადადება, რომელიც აგებულებით შერწყმულია და აღმატებით ხარისხის მიხედვით დალაგებული უარყოფითი ეპითეტებით ხატავს მარგარიტა ხევისთავისთვის შეუფერებელ ფიზიკურ და სულიერ პორტრეტს: „ მარგო კი, ნაცემი, ნაბეგვი, დაძალებული და გაჭუჭყიანებული მარგარიტა ხევისთავი...” (იგივე: 61). თავისთავად, ცალკე აღებული დანართი „მარგარიტა ხევისთავი” მიანიშნებს ამ ქალბატონის დიდგვაროვნულობასა და ღირსეულობას, მაგრამ ამ კონტექსტში სწორედ ამ თვისებებზე ხაზგასმა ქმნის კონტრასტს და ცხადად გვაჩვენებს იმ შეუსაბამობას, რაც ასეთი ქალბატონისათვის შეუფერებელია. ასეთივე დატვირთვა აქვს სინტაგმას „საწყალი კნიაზი.” ასეთივეა აგრეთვე „საწყალი ჯაყო”, რომელიც ძალიან ხშირად მეორდება ნაწარმოებში და ერთ-ერთი სახასიათო სტილური ნიშანია ჯაყოს დახასიათებისთვის. იგი კონტექსტური მნიშვნელობის შინაარსობრივი შეუსაბამობის მაჩვენებელია. მწერალი მარგოს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად იყენებს წყვილებს: „ნერვიული კისკისი” (47), „ შხამიანი სიცილი”(65), „შხამიანი ღიმილი”(49); თეიმურაზის სულიერი განცდების გადმოსაცემად გამოყენებული აქვს დისონანსური წყვილი „ჩამოხრჩობილის ღიმილი”: „ კვლავ ბუტბუტებს თეიმურაზი და ჩამოხრჩობილის ღიმილით იღიმება” (225). მახვილგონივრული დაპირისპირებით გამოირჩევა წყვილები: „პატიოსანი წკიპურტი” („გახსოვდეს, ძმაო ივანე, პატიოსანი წკიპურტი უფრო მწვავეა, ვიდრე ხეპრეს კომბალი”(185); „ენადაბმული ღიღინი”(302); „უხილავი კივილი”(180) და სხვა. მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში” ოპოზიციურ წყვილთა მახვილგონივრული შეხამება იშვიათ მხატვრულ ეფექტს ქმნის.


გამოყენებული ლიტერატურა რედაქტირება

1. მ. ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები” გამომცემლობა~ბაკმი~ 2006. თბ.

2. М.Бахтин ТВОРЧЕСТВО ФРАНСУА РАБЛЕ И НАРОДНАЯ КУЛЬТУРА СРЕДНЕВЕКОВЬЯ И РЕНЕССАНСА (http://ru.philosophy.kiev.ua/library/bahtin/rable.html);

3. მ. ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გამომცემლობა „განათლება”, 1989. თბ.