ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110207175605/

„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“

ნინო აფციაური

დღეს უკვე დავას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მკითხველის როლი მხატვრული ნაწარმოების აღქმაში განუსაზღვრელია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა: რეცეფციის ანუ აღქმის თეორიამ განვითარების მეტად ვრცელი გზა განვლო. მისი დასაწყისი ჯერ კიდენ ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ. ფილოსოფიის მამად აღიარებულმა სოკრატემ თხრობის პრინციპთა ერთ-ერთი სახეობა სრულიად გაათავისუფლა ავტორისაგან, რითაც ძირითადი ფუნქცია სწორედ რეციპიენტზე მიმართა, ხოლო არისტოტელემ წარმოდგენათა ხარისხი მთლიანად მსმენელს დაუქვემდებარა და გადამწყვეტი როლი აღმქმელს დააკისრა. მას შემდეგ სამყაროში მრავალი რამ შეიცვალა: კაცობრიობამ განვლო შუა საუკუ ნეები, რენესანსის ეპოქა. თითოეული ეს ხანა მკაფიოდ აისახა მხატვრულ შემოქმედებაში. ხელოვნე-ბის ცენტრალურმა დარგმა, ლიტერატურამ, საკუთარ თავში დაიტია ყოველი მათგანი და თავისი შედევრნი კაცობრიობის ჭეშმარიტ მატიანედ აქცია. თანდათან წინ წამოიწია მკითხველის როლმაც, გაიზარდა მისი ფუნქცია მხატვრული ნაწარმოების აღქმასა და სრულყოფაში. საბოლოოდ კი მივიღეთ კომპოზიციის ელემენტად ქცეული რეციპიენტი, რომელიც არა მხოლოდ აკვირდება ქმნილებაში აღწე-რილ მოვლენებს, არამედ აქტიურად მონაწილეობს კიდეც მათში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხატვრული ნაწარმოების აღსაქმელად გარკვეული დისტანციის შენარჩუნებაა საჭირო. ღირსეული შე-მოქმედის ქმნილებაში ჩაკარგული მკითხველი ბოლომდე უნდა განიცდიდეს, რომ მის წინაშე წარმოსახული სინამდვილეა და იგი მხოლოდ და მხოლოდ რეალურად არსებულთან მიმართებით შეიმეცნება. აღსანიშნავია, რომ მხატვრული სამყარო არაა იდენტური ჩვენი სამყაროსი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოსაწყენ განმეორებად იქცეოდა. აი, რას წერს ცნობილი გერმანელი მეცნიერი ვოლფგანგ იზერი თავის წერილში-"იმპლიციტური მკითხველი": "შიშველი რეალობის ნაცვლად რომანში უნდა შეიქმნას უკეთესი ხედი, რათა სინამდვილე იყოს გამჭვირვალე და ცხადი."* ამგვარ "ხედთა" შექმნა კი მხატვრული ლიტერატურის ყოველ ნაწარმოებს ინდივიდუალურ ენას უმუშავებს. ამ ენის გაშიფვრა და დეკოდი-რება უკვე მისი მართებულად აღქმის წინაპირობად გვევლინება. რეზო ყარალაშვილი თავის ნაშრომში-"წიგნი და მკითხველი"-მხატვრულ ნაწარმოებში ოთხ ძირითად კოდს გამოყოფს:

1. გამოსახვის საშუალებათა კოდი-მის გასაშიფრად მკითხველი უნდა ფლობდეს ენობრივ თავისებურებებს, ტროპულ მახასიათებლებს და აანალიზებდეს თვით ნიუანსებსაც კი. 2. ჟანრული კოდი-მკითხველი უნდა იცნობდეს იმ ჟანრს, რომელსაც მიეკუთვნება ნაწარმოები და აღიქვამდეს ამ ჟანრის მიერ სამყაროს ასახვის თავისებურებებს. 3. კულტურული კოდი-მკითხველს ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს იმ კულტუ-რულ და საზოგადოებრივ კონტექსტზე, რომელშიც იქმნებოდა ესა თუ ის მხატვრული ნაწარმოები. 4. ფსიქოლოგიური კოდი-ემოციური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული დეტალები.

გარდა ზემოაღნიშნულ ფაქტორთა გათვალისწინებისა, მხატვრული შედევრის შემეცნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა რეციპიენტის ფანტაზიას ენიჭება. სიუჟეტის აღწერისას მწერალი ხშირად ტოვებს დაუსრულებელ დეტალებს, რომელთაც რომან ინგარდენი "განუსაზღვრელ ადგილებს" უწოდებს და მათს რეკონსტრუქციასა და კონკრეტიზაციაზე ანუ აღდგენასა და შევსებაზე მიგვითითებს.

აღსანიშნავია, რომ რეციპიენტის ფანტაზიის მსგავსი თავისუფლება სულაც არ იძლევა ნაწარმოების ნებისმიერად გაგების შესაძლებლობას. გარკვეული შეზღუდვა განსაკუთრებით მხატვრულ შედევრთა იდეურ ხაზზე ვრცელდება. ავტორი სხვადასხვა მინიშნებითა და ხერხით თავისთვის სასურველი მიმართულებით წარმართავს აღმქმელი სუბიექტის ფანტაზიას და სიუჟეტური ჯაჭვით სასურველ დასკვნამდე მიჰყავს იგი.

  • Iser W. Der implizite Leser, Theorie und Geschichte der Literatur und der schonen Kunste, Band 31, 1972, S.172.
  • ყარალაშვილი რ., "წიგნი და მკითხველი"
  • ლიტერატურის თეორია,მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები”, ბრეგაძე ლ., რეცეფციული ესთეტიკა, გვ.170.




            მხატვრულ ლიტერატურაში მომხდარი გარდატეხა შესანიშნავად ვლინდება ორი უდიდესი მწერლის შემოქმედებაში: პირველი მათგანია ქართველი ერის მამად აღიარებული ილია ჭავჭავაძე, ხოლო მეორე-დიდი ქართველი მოაზროვნე და მოღვაწე-ოთარ ჭილაძე.  ორივე მათგანი ბრწყინვალედ ფლობს ადამიანთა ფსიქოლოგიას და მათს სულში მიმდინარე ძვრებს, ორივე მათგანი მწვავედ ამხელს მოკვდავთა უღირს მხარეებს და ორივე მათგანი ცდილობს, წარმოსახული რეალობის ხარჯზე ერში მართლცხოვრების მიზანი და ღირებულებათა შეგრძნება გააღვიძოს, თუმცა განსხვავებულია ფორმა, რომლითაც ეს მწერლები სათქმელს გადმოგვცემენ. ამის ნათელსაყოფად,ვფიქრობ, საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები-”კაცია-ადამიანი?!” და ოთარ ჭილაძის ”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”. ილია სიუჟეტის მსვლელობისას კვლავაც ავტორად რჩება და მყარი, მწერლისეული პოზიციიდან მიმართავს როგორც პერსონაჟებს, ისე-მკითხველს. შემოქმედი ხშირი მოწოდებით საჭირო გზაზე აყენებს მას და საშუალებას არ აძლევს, სხვაგვარად აღიქვას ნაწარმოები. ამგვარი იძულებითი შემეცნების აუცილებლობა  თავად ილიას თანამედროვე საზოგადოებას უნდა გამოეწვია. საქვეყნო ძილით გარემოცულ ერს თავშესაქცევად ოდენ ე.წ. ”კულინარიული”ლიტერატურა ექცია და კოზლოვის ”შეშლილს” თარგმნიდა. ცხადია, მის გამოსაღვიძებლად, ხალხის ჯერ კიდევ ”ჩჩჳლი” და ”ლიტონი” გონების გამოსაფხიზლებლად სწორედ ამგვარი მეთოდი იყო აუცილებელი.  
               განსხვავებული ნაციონალური მდგომარეობა შეინიშნება ოთარ ჭილაძის  თანამედროვეობაში. ამ დროისათვის ერს უკვე ჰყავს ილია, აკაკი, ვაჟა, კონსტანტინე, მიხეილ ჯავახიშვილი. მაშასადამე, ხალხის კულტურულ ნაწილს ლიტერატურული გამოცდილების ხარჯზე დაგროვილი აქვს საკმაო გამოცდილება, თეზაურუსი, რათა დატკბეს ”აღმოჩენის” ესთეტიკით, თვითაღქმისაგან მიღებული სიამოვნებით. ამ გარემოს კი ყველაზე უკეთ მწერალი აანალიზებს. ამიტომაც იგი თავს უფლებას აძლევს, შეეხიზნოს თავის მიერვე შექმნილ პერსონჟთა არსებას, სრულად გაითქვიფოს მათში და პლატონისეული ბაძვის საფუძველზე მოგვცეს ყოველგვარ ღია მითითებას მოკლებული ნაწარმოები, რომელშიც მთავარი ნიშნის ფუნქციას, სხვადასხვა ნიუანსის გვერდით, სიუჟეტის განვითარება-გადაწყვეტა ასრულებს.  						სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ოთარ ჭილაძის რომანი-”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”. მასში ავტორი უშუალო ჩარევის გარეშე ხატავს თითოეულ პერსონაჟს, მათს სულში მომხდარ გარდატეხებსა და ბრძოლას საკუთარ ”მესთან”. განსაკუთრებული სიმწვავით იკვეთება დაპირისპირება თაობათა შორის. განვითარების მხრივ, მრავალ-ფეროვან სურათს ქმნის ალექსანდრეს პერსონაჟი. იგი სულიერი გარდატეხის უმძიმეს გზას გადის, ატარებს რა საკუთარ თავში ყველა იმ ცოდვას, რაც, წინაპართა ”წყალობით”, ამ უწმინდურ კერაზე დატრიალებულა. ცოდვითა და დანაშაულით გამოწვეული სიბინძურის შეგრძნება, რომელიც მოგვიანებით პროტესტის გრძნობით აღსავსე ანეტას აეკვიატება სიტყვებად: ”რაღაც ყარს”, იმთავითვე სდევს თან ძმების მეამბოხე სულს, თუმცა ალექსანდრეს შემთხვევა გამოარჩევს, იგი გახდება გარეგნული გამოხატულება ოჯახში ჩაბუდებული სიმახინჯისა. პერ-სონაჟის განცდები ნაწარმოებში საოცარი ოსტატობით იხატება. მწერალი განზე განმდგარა ან ისე ღრმად შეჭრილა გმირის არსებაში, რთულია მიხვედრა, ვისი პოზიცია უჭირავს თავად. სწორედ ასეთი გაუჩინარებითა და გრძნობათა არაჩვეულებრივი გადმოცემით იხატება უმძიმესი ფსიქოლოგიური დრამა, სავსე ტრაგიზმითა და სამყაროსაგან განდგომის სურვილით. გთავაზობთ იმ შტრიხებს, რომელთა მიღმა გატანჯული ადამიანის შინაგანი ბრძოლა მიმალულა: ”ალექსანდრე ისე ფიქრობდა მონასტრის სენაკზე, როგორც უცხო ცის ქვეშ მოხვედრილი-მშობლიურ სახლზე...რაც იქამდე იცხოვრა ალექსანდრემ, დაკარგული დროა მხოლოდ, არარსებული, გამოგონილი და იმის გახსენება თუ არ შეაფერხებს, არაფერში გამოადგება, რადგან მაშინდელი ალექსანდრე სხვა იყო და ახლანდელი სხვაა. ის გამოგონილი იყო, ეს კი ნამდვილია, რადგამ იმას ორი ხელი ჰქონდა და არ იცოდა, რაში მოეხმარა, ამას კი ერთი ხელი აქვს და იცის, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ცალი ხელითაც... მართალია, მკლავი დაკარგა, მაგრამ არც სხვებზე ნაკლები მადა აქვს და არც უნარი. სხვებზე მეტიც ეკუთვნის, რადგან მათს ოჯახში მარტო ისაა პირნათელიცა და თავისუფალიც, რადგან დასაშავებელი უკვე დააშა-ვა და სასჯელიც უკვე მოიხადა. დასაკარგი დაკარგა და რაც დარჩა, იმითაც კმაყოფილია... სიმახინჯე მისთვის იგივეა, რაც ნიკოსთვის სწავლა-განათლება. რისთვისაც ნიკომ წლები უნდა დაკარგოს და კიდევ საკითხავია, მოიპოვებს თუ არა, მან ერთ ღამეში მოიპოვა სისხლითა და ტკივილით... ძნელი         სათქმელია, მოიპოვებს თუ არა, ანდა როდის მოიპოვებს ნიკო იმავეს წიგნისა და დედამისივით ქერქეტა გოგოების დახმარებით. ღმერთმა ხელი მოუმართოს... რა მისი საქმეა?! იმ ღამის მერე ნიკო მისთვის იგივეა, რაც მისი მარჯვენა ხელისათვის მარცხენა ხელის მონარჩენი, აღარც მოემატება და აღარც მოაკლდება რამე....ნიკოს ჯერ ღმერთი არ უნახავს, მან კი იხილა და განიცადა კიდეც, რამეთუ ღმერთი არის ტკივილი და საკუთარი სიმახინჯის მიხვედრა.”* მაშ ასე, ხელახლაშობილი ალექსანდრეს არსებაში სიმახინჯის მკაფიო განცდამ იჩინა თავი. მრავალჭირნახულმა ნერგმა მაკაბლებისა საკუთარ პიროვნებაში ჰპოვა ძალა, თვალებში შეეხედა მძიმე რეალობისათვის და გარდაუვალი ტანჯვისა და ტკივილის ნიადაგზე განეცადა კათარზისი, მაგრამ მეამბოხე სულს ამ გზაზე მწარე გაუცხოება დაეუფლა. მან სიყვარულს სიძულვილის ბილიკი ამჯობინა, რითაც გაქცევის ნაცვლად კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო სიბინძურეში. მთელი მისი შემდგომი ცხოვრება, რომელსაც პერსონაჟი მაროს გვერდით ატარებს, ამის დასტურად გვევლინება. 
                 თუმცა, როგორც დიდი ილია იტყოდა, ”არაფერია დაურღვეველი ამქვეყნად” და ალექსანდრეს ცხოვრებაშიც დგება გარდამტეხი ეტაპი: შეგინებული დის წინაშე შერცხვენილი გმირი კატორღის გზას გაუყვება, რომლის ბოლოში მას წლების წინათ დაკარგული სისხლი და ხორცი, ნიკო, ეგულება. ავისმომასწავებელი შავი ყორანი მიაცილებს მგზავრს და მის ხორციელ ჭირს მორალურ განსაცდელს უმატებს თან: ”წინ ერთი და იგივე სივრცე იყო გადაშლილი, უჰორიზონტო, უიმედო, მაგრამ სადღაც, მის სიღრმეში ძმა ეგულებოდა ალექსანდრეს და ეს იყო, მშიერი მგელივით რომ მიერეკებოდა წინ. ეს აიძულებდა, კიდევ ერთხელ ამოფოფხებულიყო თოვლის ორმოდან, რადგან მაშინვე მეორეში ჩავარდნილიყო წელამდე. ქურქის ცარიელი სახელო, ყინვისაგან გაშეშებული, ტოტივით ჰქონდა გაშვერილი და თითქოს ის აჩვენებდა გზას, თითქოს ნამკლავარმა იცოდა, სად იყო მისი შემცვლელის ადგილსამყოფელი და ალექსანდრესაც იქითკენ ეწეოდა, სულწასული, აღგზნებული, ისევ მკლავადქცევის იმედით.”** ეს ეპიზოდი ცხადყოფს, რომ ალექსანდრეში აღდგა დაცემული კაცი, რაც არაჩვეულებრივად გამოხატა მწერალმა მკლავის მეგზურობით: დაობლებული კიდური დაკარგულ ნაწილს ეძებს. ამგვარი ხერხით ოთარ ჭილაძე ალექსანდრეს ეულ სულს გამოხატავს, რომელმაც მრავალ დაბრკოლებას გაუძლო ერთხელ მოწყვეტილის დასაბრუნებლად.
                  ნაწარმოები სამშობლოში ძმის შთამომავალთან, პატარა მართასთან ერთად დაბრუნებით სრულდება. ამ გზაზე გმირი უკვე ამაღლებულია. მან შეიცნო საკუთარი მიზანი და იგი ნიკოს დანატოვარში, მცირეწლოვან ძმიშვილში ჰპოვა. სწორედ მართა აღმოჩნდა ალექსანდრეს ცხოვრების გამართლება. კათარზისის გზაზე შემდგარი პერსონაჟი თავადვე, ავტორის ღია ჩარევის გარეშე, უარყოფს გარშემომყოფთაგან გაუცხოებისას წამოჭრილ სიცივეს და სიყვარულის ძალით ეგოიზმისაგან განიარაღებული აცნობიერებს, რაოდენ ამაოა ყოველგვარი პირადი განსაცდელი საქვეყნო ჭირის წინაშე. ”დარიალს რომ გამოსცდნენ, ფიქრი მერე დაიწყო მერე დაინახა ძმა, მერე მიხვდა მის სიდიადესა და სიძლიერეს, როცა უკვე სამშვიდობოს გამოვიდა და როცა უკვე ისღა იყო მართას პატრონი. იმასაც მიხვდა, რა პატარა და სუსტი იყო თვითონ ნიკოსთან შედარებით, როგორი გულღრძო და თავკერძა. ეს მთელი სიცოცხლე მკლავს მისტიროდა, ვერაფრით ვერ მოინელა მკლავის დაკარგვა და ვერც კი შეამჩნია, ადამიანობაც რომ გადააყოლა მკლავს... რადგან ძმის შეშურდა, ძმას არ აპატია გადარჩენა, როცა მისი ძმა, თავად დაკარგული, უცხო ცის ქვეშ მომაკვდავი, მისი ადამიანობის გადარჩენაზე ფიქრობდა, უკანასკნელ წუთამდე სწამდა და ეამაყებოდა იგი, ნდობასა და სიყვარულს უზრდიდა მართას სახით, თუმცა უნდობლობასა და სიძულვილს უფრო იმსახურებდა... სირცხვილიც იყო ბავშვობაში დაკარგულ მკლავზე წუწუნი, როვა საერთოდ ბავშვობა, ოცნება და სილამაზე იყო გადასარჩენი, როცა ქვეყანა იყო დასახიჩრებული, ქვეყანას ჰქონდა კიდურები წაგლეჯილი და ზეზეულად ლპებოდა...”***


  • ო. ჭილაძე, ”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”, თბ.,1976.
    • ო. ჭილაძე, ”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”, თბ.,1976.
      • ო. ჭილაძე, ”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”, თბ.,1976.





          ვფიქრობ, ზემოხსენებული ეპიზოდები ცხადყოფს, რაოდენ შთამბეჭდავია პერსონაჟის სულიერი განვითარენა შემდეგი პრინციპით: ”საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!” გმირის სახე მისივე ქმედებების თანამიმდევრული აღწერითა და ლოგიკური გარდაქმნებით იხატება. პროცესზე დაკვირვება მკითხველს აღმოჩენის საშუალებას აძლევს და მშრალ დიდაქტიკას განარიდებს, რაც ავტორისათვის სასურველი დასკვნების თანაზიარად აქცევს მას. 
          რეციპიენტისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართება, მხატვრული შემოქმედების შემეცნებით მიღებული სარგებელი არაჩვეულებრივად აქვს გადმოცემული თავის წერილში ვოლფგანგ იზერს. აი, რას წერს მეცნიერი: ”სამყაროსთან ღია თანამოზიარეობა ადამიანს თანდათანობით აუძლურებს. დაკვირვების წესი კი ყოველთვის ქმნის კრიტიკული თვალსაწიერის გააქტიურების გზით მსგავს შედეგთა თავიდან აცილების შესაძლებლობას.
          აქედან იღებს სათავეს პარადოქსული ბრუნვა, რომლის მიხედვითაც წარმოსახული სინამდვილე გვევლინება ღირსშესანიშნავ ილუზიონისტად, დაკვირვების ერთგვარ სპექტრად არსებული რეალობის აღქმისას. პრედიკატთა ამგვარი მონაცვლეობა წარმოსახულ რეალობას წარსულის ხასიათს ანიჭებს და მისი დაძლევის პერსპექტივას გვიქმნის.” *
      
















  • W. Iser, Der implizite Leser, Theorie und Geschichte der Literatur und der schonen Kunste, Band 31, 1972, S.193.