ვიბრიოზი — ზღვისა და ესტუარის თევზების ინფექციური დაავადება, რომელსაც ვიბრიონის (Vibrio) გვარის ცალკეული სახეობის ბაქტერიები იწვევენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მოაქვს ზღვის წყალზე მოწყობილ საკალმახეებში ცისარტყელა კალმახის მოშენებისას. მიმდინარეობს მწვავედ, მაღალი ლეტალობითა (70–90%) და ქრონიკულობით. ჩნდება ფართო სისხლჩაქცევების, კუნთშიდა აბსცესებისა და ტანის ზედაპირზე წყლულების სახით. ვიბრიოზის განვითარებას ხელს უწყობს წყლის ტემპერატურის მატება და მისი დაბინძურება ორგანული ნივთიერებებით. გამომწვევები დაზიანებული თევზებისგან გადაეცემა წყლის საშუალებით ან უშუალო კონტაქტით. მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. პროფილაქტიკა: არასასიკეთო მეურნეობებიდან თევზის ამოღების აღკვეთა, ვაქცინაცია, სათევზეებში თევზთა სიმჭიდროვის შემცირება, სათევზეების დეზინფექცია. სავაჭრო ქსელში დაშვებულია თევზები ვიბრიოზის გარე ნიშნების გარეშე. თევზი შეიძლება იყოს V. parahaemolyticus-ის მატარებელი, მისი ტოქსინი ადამიანებში მოწამვლას იწვევს, მისით დასნებოვნებული თევზი არ დაიშვება ნედლი სახით საჭმელად.[1]

  1. Бычкова Л. И. Вибриоз рыб // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 251.