ვეფხვო გიგლემიანის საცხოვრებელი სახლი
ვეფხვო გიგლემიანის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ წვირმში. რაფიელ გიგლემიანის კოშკის კომპლექსი სოფელი წვირმის ყველაზე დიდი, გალავანშემოვლებულ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს.
სოფლის განაპირა ნაწილში მოქცეული ნაგებობები ამჟამად მიტოვებული და უფუნქციოა; ფართო და გაშლილ ეზოში ჩადგმული საცხოვრებელი სახლები გაპარტახებულია, თუმცა შედარებით კარგ მდგომარეობაშია კოშკი და გალავნის დიდი ნაწილი. ნაგებობები, გალავნის ჩათვლით, ნაგებია ფიქალითა და ნახევრად დამუშავებული ნატეხი ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით.
სხვადასხვა დროს აგებული შენობებიდან შუა საუკუნეებით თარიღდება კოშკი და მის დასავლეთით აღმართული დარბაზ-მაჩუბი; ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარე ვეფხვო გიგლემიანის საცხოვრებელი სახლი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრით, ან უფრო გვიანდელი პერიოდით უნდა დათარიღდეს. ის ორსართულიანი, სწორკუთხა გეგმარების საცხოვრებელი სახლია. საკმაოდ მოცულობითი სახლის ქვით ნაშენი ზურგის ფასადი სანახევროდ მიწაშია შეჭრილი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადი, მეორე სართულის ხით ნაგები შუშაბანდით არის წარმოდგენილი. სახლის მეორე სართული ეზოს და გარემოს ფართო კარ-სარკმლის ღიობებით ეხსნება.
სახლის კონსტრუქციული მდგომარეობა მძიმეა: ჩამონგრეულია საბურავი, ხის კონსტრუქციები დაძველებულია, ხავსმოდებული და დანესტილია დაწეული, დეფორმირებული საყრდენი კედლები. ჩრდილოეთ მხარეს კართან მორღვეულია კედელი და ინტერიერი ნაშალი ქვით არის ამოვსებული. კომპლექსის სამხრეთ ნაწილში, მის აღმოსავლეთ ფრთაში, ძირამდე მორღვეულია გალავნის კედელი. ვეფხვო გიგლემიანის საცხოვრებელი სახლი კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი დაცვა-შენარჩუნება, რადგან ის რაფიელ გიგლემიანის კოშკთან და შუა საუკუნეების გუჯა გიგლემიანის დარბაზ-მაჩუბთან ერთიან კომპლექსურ ძეგლს ჰქმნის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35108