ვახტანგ ვალერიანის ძე დუგლაძე (დ. 23 ივლისი, 1916, სოფ. კლდეეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 2011) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1985).

დაამტავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943). იმავე წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1946-1948 წლებში მუშაობდა მოსკოვში აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში. 1954–1959 წლებში იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის, 1959–1964 წლებში — თავდაპირველად სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის საქართვ. პავილიონის, შემდეგ — რესპუბლიკების პავილიონების მთავარი მხატვარი, 1964–1979 წლებში — საკავშირო საზოგადოება „ზნანიეს“ საცდელი ექსპერიმენტული ფაბრიკის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე. ამ პერიოდში მისი ნამუშევრების მთავარი თემატიკა იყო „მეცნიერული ციმბირი“ და „კოსმოსის ათვისება საბჭოთა კავშირში“. დუგლაძე აპროექტებდა ამ გამოფენებს, აწყობდა ექსპოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შემდგომში დუგლაძე ძირითადად მოღვაწეობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ახალგაზრდა პარტიზანის დაკითხვა“ (1943), „გენერალი ლესელიძე ფრონტზე“ (1945); სერიები: „შვეცია“ (1972), „ამერიკის შეერთებული შტატები“ (1976–77), „საქართველო“ (1977-1986), „იტალია“ (1979) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება