ვაუჩერი (ინგლ. voucher – ხელწერილი, თავდებობა) — მოწმობა წერილობითი დოკუმენტის ან სხვა რაიმე სახით, რომელიც იძლევა განსაზღვრული საქონლის ან მომსახურების დადგენილი ოდენობით მიღების უფლებას.

ვაუჩერი შეიძლება გაიცეს სხვადასხვა მიზნით, როგორც კერძო პირის, ისე სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოს მიერ ის გამოიყენება, როგორც სოციალური ან ეკონომიკური პოლიტიკის მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ წარმოქმნილ სახელმწიფოებში სიტყვა „ვაუჩერი” დამკვიდრდა პრივატიზების პროცესთან დაკავშირებით. საბჭოთა მბრძანებლურ-გეგმური და ცენტრალიზებული სისტემის დემონტაჟი სხვა ღონისძიებებთან ერთად განხორციელდა პრივატიზების გზით, რაც გულისხმობდა სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში როგორც უფასო, ისე გამოსყიდვის გზით გადაცემას. ამ უკანასკნელში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის მიზნით სახელმწიფომ გამოიყენა ვაუჩერული პრივატიზება, რომლის დროსაც სახელმწიფო საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შემდეგ მათი აქტივების (აქციების) ყიდვა შესაძლებელი იყო „საპრივატიზებო ბარათებით” („ვაუჩერი” მათი არაოფიციალური დასახელებაა).

საქართველოში ვაუჩერები ფართოდ გავრცელდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991). საქართველოს სახელმწიფომ ვაუჩერები გამოუშვა შემდეგი პრინციპით: 1. გაიცა უფასოდ საქართველოს ყველა მოქალაქეზე; 2. ერთი საპრივატიზებო ბარათის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 30 აშშ დოლარის ოდენობით; 3. მისი გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ საპრივატიზებო ობიექტების აქტივების შესაძენად; 4. მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით; 5. შეიძლებოდა მისი ყიდვა-გაყიდვა შეუზღუდავად; 6. არ იყო სახელობითი და მისი გამოყენება შეეძლო ყველა წარმომდგენს; 7. დაკარგვის შემთხვევაში სახელმწ. არ ჰქონდა აღდგენის პასუხისმგებლობა; 8. მისი გამოყენება შეიძლებოდა სპეციალურ, საბარათე აუქციონებზე სავაუჩერო პრივატიზების პროგრამით განსაზღვრულ პერიოდში; 9. ანგარიშსწორებაში საპრივატიზებო ბარათი მიიღებოდა ნომინალური ღირებულებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო იმ მომენტისათვის მისი საბაზრო ღირებულება.

ამრიგად, საპრივატიზებო ბარათის სახით ვაუჩერი იყო დადგენილი ნომინალური ღირებულების, მიზნობრივი დანიშნულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოიყენებოდა სახელმწიფო საკუთრების ობიექტების საპრივატიზებოდ. პრივატიზების დროს ვაუჩერი წარმოადგენდა ერთგვარ ქონებრივ კუპონს, რომელიც მოსახლეობამ მიიღო.

ვაუჩერი სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება როგორც წერილობითი მოწმობა, დავალება, გარანტია. ის შეიძლება იყოს გარკვეული მიზნებით ფულის ნაცვლად გამოსაყენებელი კუპონი ან სერტიფიკატი. ვაუჩერები გამოიყენება ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროების მომსახურების დროს. ფართო გავრცელება პოვა ფასდაკლების ვაუჩერულმა სისტემამ.

ვაუჩერი შეიძლება იყოს ფულადი კუპონის სახით. ამ ტიპის კუპონი ვაუჩერს წარმოადგენდა საქართველოში მისი შემოღებიდან (1993 წლის აპრილი) ეროვნულ ვალუტად — ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად — გამოცხადებამდე (1993 წლის აგვისტო). ნაღდი ფულის ნიშნების უქონლობის გამო გამოწვეული პრობლემების დასაძლევად მიმოქცევაში შემოტანილ იქნა ფულის ვაუჩერი, ფულის სუროგატი (შემცვლელი) — „კუპონი”. კუპონი წარმოადგენდა რუბლის სერტიფიკატს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ რუბლის გარანტიის დოკუმენტურ მოწმობას, მიმოქცევაში რუბლის ტექნიკურ შემცვლელს, ხოლო რუბლი უნაღდო ანგარიშსწორებაში რჩებოდა იქ, სადაც კუპონი არ იყო დაშვებული მის ეროვნულ ვალუტად გამოცხადებამდე. კუპონის, ისევე როგორც ნებისმიერი ვუაჩერის უკან, რეალური ფიზიკური ქონება, ფასეულობა არ იდგა. ის მხოლოდ რუბლის ჩანაცვლების უფლების მოწმობა იყო.

ვაუჩერის ფულის სერტიფიკატის მნიშვნელობით გამოყენება ფართოდ გავრცელდა თანამედროვე საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი სახეა სასწავლო ვაუჩერი, რომელიც გამოიხატება მოსწავლეებისა და სტუდენტების პერსონიფიცირებულ დაფინანსებაში განათლების მიღების მიზნით. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწ. ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანს. ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სოციალური დახმარების სისტემაში ვუაჩერი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალური მომსახურების გაწევა კი არ ფინანსდება, არამედ ხდება მომსახურების შესყიდვა. ასეთებს წარმოადგენს სადაზღვევო, სოციალური, აგრეთვე სასურსათო და ენერგეტიკული ვაუჩერები. აღნიშნული ვაუჩერების გაყიდვა არ შეიძლებოდა, თუმცა შეიძლებოდა მისი გადაცემა ადრესატის მითითებით.

ლიტერატურა

რედაქტირება