ვასილ დიმიტრის ძე ლაკობა (აფხ. Уасил Дмитри-иԥа Лакоба; დ. 27 მარტი, 1897, სოფელი ლიხნი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 3 ნოემბერი, 1937) — აფხაზი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასილ დიმიტრის ძე ლაკობა დაიბადა 1897 წლის 27 მარტს სოფელ ლიხნში. 1912 წელს მშობლიურ სოფელში დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი და სწავლა განაგრძო გუდაუთის უმაღლეს დაწყებით სკოლაში.

1914 წელს სწავლას დაანება თავი და პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაერთო „აფხაზთა ასეულის“ ჯარისკაცად, რომელიც შედიოდა კავკასიის მკვიდრთა ცხენოსან დივიზიაში. ეს დივიზია ცნობილი იყო აგრეთვე „ველური დივიზიის“ სახელითაც. 1915 წელს ვასილ ლაკობამ ქალაქ კამენეც-პოდოლსკში დაამთავრა სამეთაურო სკოლა.

თებერვლის რევოლუციამ ვასილ ლაკობას ქალაქ კიევში მოუსწრო, სადაც იგი მივლინებული იყო იმჟამად მხედართა რაზმის ცხენთა შემადგენლობის დასაკომპლექტებლად. კიევში იგი უკავშირდებაბოლშევიკურ პარტიულ კომიტეტს, რომლისაგანაც მიიღო დავალება გაეწია სათანადო მუშაობა „ველური დივიზიის“ ჯარისკაცებს შორის. ეს დივიზია წარმოადგენდა მეფის ხელისუფლების ყველაზე საიმედო დასაყრდენ ჯარის შენაერთს რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვ. ლაკობას რევოლუციურ ორგანიზაციებთან კავშირი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ხელისუფლებისათვის. იგი გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იქნა აყვანილი. მალე, მისი იზოლაციის მიზნით, გაგზავნეს ბესარაბიის გუბერნიაში სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად, მაგრამ იქაც გააგრძელა ბოლშევიკური აგიტაცია ჯარისკაცთა შორის, ავრცელებდა კიევის ბოლშევიკური პარტიული კომიტეტის მიერ გამოშვებულ მოწოდების ფურცლებს.

ერთხელ ვ. ლაკობამ მოიწვია მეზობელი სოფლის მცხოვრებთა კრება. შეკრებილთ მოუწოდა სოფლიდან განედევნათ მღვდლები, გაენადგურებინათ მემალუთეთა სახლ-კარი და დაეტაცათ მათი მიწის სავარგულები. მალე მის მიერ ორგანიზებულმა ცხენოსანთა რევოლუციურმა რაზმმა, რომელსაც შეურთდნენ ფრონტიდან გამოქცეული ფეხოსანთანაწილის ჯარისკაცებიც ქალაქ ბენდერში მოაწყო აჯანყება. მაგრამ იგი ჩაქრობილ იქნა, მისი ორგანიზატორები, მათ შორის ვასილ ლაკობაც, კიშინიოვის ციხეში გამოამწყვდიეს. ცნობა უმალ გავრცელდა დივიზიაში, რომელმაც ფეხზე დააყენა მთელი მისი შემადგენლობა. ოფიცრები, თავადაზნაურთა შვილები, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ, მოითხოვდნენ ვასილ კალობას დახვრეტას. მაგრამ ჯარისკაცთა უმრავლესობა, რომლებიც წარმოადგენდნენ გლეხობისა და მუშების შვილებს, ერთსულოვნად გამოვიდნენ თავიანთი ამხანაგის დასაცველად. დივიზიაში შეიქმნა დაძაბული მდგომარეობა. სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის სარდალმა სასწრაფოდ გამოითხოვა ვასილ ლაკობა კიევში. მას ჩამოართვეს სამხედრო ჩინი, წინადადება მისცეს დაუყოვნებლივ დაეტოვა ფრონტის ხაზი და შინ, მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნებულიყო.

1917 წლის ბოლოს ვასილ ლაკობა აფხაზეთში ბრუნდება. გუდაუთის უბანი, სადაც ის ცხოვრობდა იმ დროს წარმოადგენდა ყველაზე რევოლუციურ კუთხეს მთელ აფხაზეთში. აქ ბოლშევიკები, ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ 1917 წლის გაზაფხულიდან სარგებლობდნენ დიდი გავლენით მშრომელ საზოგადოებაში.

ვასილ ლაკობა მაშინვე ჩაერთო მუშაობაში, 1918 წლის დასაწყისში შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. პირველი დავალება, რომელიც მან მიიღო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გუდაუთის კომიტეტისაგან, იყო გლეხთა შეიარაღებული რაზმის „კიარიაზის“ შექმნა.

1918 წლის გაზაფხულზე აფხაზეთი მოიცვა შეიარაღებულმა აჯანყებამ, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ვასილ ლაკობა ხელმძღვანელ როლს ასრულებდა აჯანყებაში. იგი მონაწილეობდა ბათუმიდან იარაღის გადმოტანასა და კ. პ. ინალ-იფასთან ერთად სოხუმის დაპყრობაში. სოხუმის დაკავების შემდეგ ვ. ლაკობა შეყვანილ იქნა აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაში, რომლის მუშაობაშიც იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა.

მალე, 1918 წლის მაისში, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აფხაზეთიდან განდევნა ბოლშევიკური საოკუპაციო ძალები. წითელი არმიის ნაწილები, რომელთა ავანგარდშიც ვასილ ლაკობას ცხენოსანთა რაზმი იმყოფებოდა, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და სოჭი-ადლერის მხარეში გადასულიყვნენ. სოჭი-ადლერისა და ტუაფსის მხარეში აფხაზთა ცხენოსანთა რაზმი ვასილ ლაკობას ხელმძღვანელობით აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივ წითელგვარდიელებთან ერთად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. როცა სამხრეთის არმიის მოწინავე კოლონის სარდალი დაადანაშაულეს ღალატში, მის ადგილას დაინიშნა ვ. ლაკობა. ამ დროს ტუაფსის რაიონში მოხდა მოწინააღმდეგე რაზმების გაერთიანება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაშიც იგი შრაპნელით დაიჭრა გულმკერდის არეში. შემონახულია ფოტოგრაფია ვ. ლაკობა ყავარჯნებზე დაყრდნობილი, რომლის გვერდით დგანან ნესტორ ლაკობა და ნიკოლოზ ბახტაძე. ჭრილობებისაგან მოშუშების შემდეგ მალევე ვასილ ლაკობა დაინიშნა სამხრეთის ფრონტის სარდლის ადიუნტანტად.

1918 წლის შემოდგომაზე აფხაზთა რაზმი ნ. ლაკობას ხელმძღვანელობით კავკასიონის უღელტეხილით გადასროლილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე პარტიზანული ბრძოლის გასაჩაღებლად. აქტიური ბრძოლების შედეგად დაპატიმრებულ იქნა პარტიზანული რაზმის „კიარზის“ ბევრი ხელმძღვანელი, მათ შორის ვასილ ლაკობაც. სოხუმის ციხიდან ვასილ ლაკობა გადაიყვანეს ქუთაისის ციხეში, საიდანაც იგი განთავისუფლებული იქნა მხოლოდ საქართველოში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბრუნდება აფხაზეთში, სადაც ის საბრძოლო დამსახურებისათვის წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს. საბჭოთა აფხაზეთში ის იყო აფხაზეთის ცხენოსანთა პოლკის სამხედრო კომისარი, მილიციის უფროსი გაგრისა და გუდაუთის მაზრებში, ქალაქ სოხუმში, გუდაუთის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე, რესპუბლიკური მილიციის უფროსი. ვასილ ლაკობა არაერთხელ იყო არჩეული პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტისა და აფხაზეთის ცაკის წევრად.

1937 წლის 13 აპრილს დაპატიმრებული იქნა აფხაზეთის ასსრ შინსახკომის მე-4 განყ-ის მიერ. მოთავსებული იყო კომენდატურაში 26 აპრილიდან. 2 ნოემბერს „ნ. ლაკობას დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას გუდაუთის კოლმეურნეობებში, იყო წევრი ტერორისტული დაჯგუფებისა, რომელიც ამზადებდა ტერაქტებს ამხ. სტალინისა და ამხ. ბერიას წინააღმდეგ“ ბრალდებით მიესაჯა უმაღლესი სასჯელი — დახვრეტა. განაჩენი მოყვანილ იქნა შესრულებულებაში 3 ნოემბერს.

1955 წლის 3 ივნისს მოხდა ვ. ლაკობას რეაბილიტაცია. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განჩინებით, რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის №387 მუხლით, აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლოს საგანგებო დაწესებულების 30.10.1937—2.11.1937 განაჩენი ვ. დ. ლაკობას მიმართ გაუქმდა და №4н-010805 საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №69 (12435), 8 აპრილი, 1987

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება