ვასილი გორიაჩკინი

საბჭოთა მეცნიერი

ვასილი გორიაჩკინი (რუს. Горячкин, Василий Прохорович; დ. 29 იანვარი, [ძვ. სტ. 17 იანვარი] 1868 — გ. 21 სექტემბერი, 1935) — რუსეთის საბჭოთა მეცნიერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სფეროში, საბჭოთა სოციალისტური კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1932 წლიდან). მეცნიერებისა და რსფსრ-ს ტექნიკის (1935) დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი.

ვასილი გორიაჩკინი
დაბ. თარიღი 17 (29) იანვარი, 1868
დაბ. ადგილი ვიქსა[1]
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1935(1935-09-21)[1] (67 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ჯილდოები რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასილი პროხორის ძე გორიაჩკინი დაიბადა მოსკოვში ყოფილი ყმის ოჯახში. მამამისი პროხორ ივანეს ძე გორიაჩკინი ღალაზე მუშაობდა. იგი წავიდა მოსკოვში და ზეინკლობა დაიწყო, ნიკოლოზის რკინიგზაზე. ნიჭიერი და ენერგიული პროხორ ივანე ძე მალე მთავარი მექანიკოსის თანაშემწედ გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ სარემონტო სახელოსნოების მთავარ მექანიკოსად.

ვასილი გორიაჩკინი სამი წლისაც არ იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ივანეს დაობლებულ ბავშვებზე (ისინი კი თერთმეტნი იყვნენ) მზრუნველობა უფროსმა ვაჟმა იკისრა.

როცა ვასილი გორიაჩკინი თორმეტი წლის გახდა მამაც გარდაეცვალა და უფროსი ძმის ნიკოლოზის ოჯახის ანაბარა დარჩა. ნიკოლოზ პროხორის ძე მამის მსგავსად ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული იყო. წერა-კითხვა დიაკვანმა შეასწავლა, მამის სიკვდილის შემდეგ რკინიგზის სახელოსნოების მთავარი მექანიკოსის თანამდებობაზე დანიშნეს და წარმატებითაც უძღვებოდა თავის საქმეს. ეს თანამდებობა მოითხოვდა, როგორც ადმინისტრაციულ ნიჭს, ისე ტექნიკურ განათლებასაც. მართალია, მეურვე ძმა ვასილის განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავდა, მაგრამ ოჯახში მკაცრი და სასტიკი წესები იყო გამეფებული.

პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა

რედაქტირება

ავტომანქანა, ტრაქტორი, ხომალდი, თვითმფრინავი და ყველა ტექნიკური კონსტრუქცია უნდა დაპროექტდეს და გაანგარიშდეს მკაცრ მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით, რასაც მანქანათა თეორია იძლევა. თუ თეორიის მოთხოვნილებებს გადაუხვევ, მანქანა დეფექტიანი გამოვა და შეიძლება უვარგისიც.

XIX საუკუნის დასაწყისამდე სასოფლო-სამეურნეო მანქანების თეორია, საერთოდ, არ არსებობდა, თუმცა იმ დროისათვის სოფლის მეურნეობაში უკვე იყენებდნენ სხვადასხვა მანქანა-იარაღებს. ეს იყო გუთანი, ფარცხი, სატკეპნი, კულტივატორი, სათიბელა, სამკელი, ძნის საკონი და სალეწელა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი უკვე ჰქონდათ კომბაინები მარცვლოვანი თავთავიანი პურეულის ასაღებად და დასალეწად (ამ კომბაინებს მინდორზე ჯორები ან ცხენები ამოძრავებდა).

ყველა ეს მანქანა ცდების საფუძველზე იქმნებოდა, ცდებისავე საფუძველზე იღებდა სრულყოფილ სახეს. ეს იყო მძიმე, ხანგრძლივი, ნელი, ძვირადღირებული და არც თუ საიმედო გზა, რასაც ხშირად მარცხი სდევდა.

სასოფლო მანქანების თეორიის ფუძემდებელი იყო შესანიშნავი რუსი მეცნიერი ვასილი პროხორის ძე გორიაჩნიკი. სწორედ გორიაჩნიკმა მსოფლიოში პირველად დაამუშავა სასოფლო-სამეურნეო მანქანების აგებისა და გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასილი პროხორის ძე შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა განყოფილებაზე, რომელიც 1890 წელს დაამთავრა, ხოლო 1894 წელს მან დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. აქ მისი სადიპლომო პროექტის თემა იყო ორთქლმავალი. როგორც ჩანს, ორთქმავალისადმი ინტერესი მამისა და ძმისგან ჰქონდა გამოყოლილი.

სასწავლებლის დირექტორის რეკომენდაციით გორიაჩნიკი დაინიშნა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია) „სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ხელსაწყო-იარაღებისა და ძრავების სწავლეების“ კათედრის ადიუნქტ-პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად.

მეცნიერული მუშაობისა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ლექციების კითხვისათვის მოსამზადებლად ვასილი პროხორის ძე მიავლინეს „რუსეთსა და საზღვარგარეთ“.

იმ დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობაში სულ უფრო დიდი რაოდენობით იყენებდნენ მანქანებს, სწრაფად ვითარდებოდა სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა.

მაგრამ ეს მანქანაები არ იყო მეცნიერული შესწავლის საგანი მათი მოწყობილობის სიმარტივის გამო.

იმ დროს არსებული მთელი ლიტერატურა სასოფლო-სამეურნეო მანქანებზე მხოლოდ ე.წ. აღწერილობითი მანქანათმშენებლობა იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მეცნიერულ ტექნიკურ დისციპლინასთან.

„სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობას პრაქტიკოსების ხელში არ გააჩნია მეცნიერული საფუძველი. აქამდე არც რუსულსა და არც უცხოურ ენაზე არ არსებობდა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების კონსტრუქციული ფორმებისა და გაანგარიშებების შემსწავლელი წიგნი. ამიტომ სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის საერთო დონე მეტად დაბალია და ცუდ შთაბეჭდილებას სტოვებს“ - წერდა ვასილი პროხორის ძე 1913 წელს.

გორიაჩნიკმა მიზნად დაისახა დაემუშავებინა სასოფლო-სამეურნეო მანქანების მეცნიერული თეორია, თანამედროვე ტექნიკური დისციპლინისათვის გაეთანაბრებინა მისი დონე.

იგი ცდილობდა, უპირველეს ყოვლისა, თითოეული მანქანის მოქმედების განმსაზღვრელი ძირითადი მექანიკური მოვლენები და პროცესები გამოერკვია და არა მარტო გამოეხატა მექანიკური პრინციპი, რაზეც მანქანის მოქმედება იყო დაფუძნებული, არამედ განესაზღვრა ის კანონები, რომლებიც მის მუშა პროცესს მართავდა. გორიაჩნიკმა თანდათანობით შექმნა ახალი ტექნიკური დისციპლინა, რომელიც მოიცავდა ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანის თეორიის საფუძვლებს. ამ დისციპლინას მეცნიერმა მიწათმოქმედების მექანიკა უწოდა. მიწათმოქმედების მექანიკიდან გამომდინარეობს თითოეული მანქანის დაპროექტებისა და გაანგარიშების მეთოდები. ამ მეთოდების ნაწილი თვით გორიაჩნიკმა დაამუშავა, შემდეგ კი მის საქმეს ინჟინრების სულ ახალ-ახალი თაობები აგრძელებენ.

სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესასწავლად გორიაჩნიკმა 1913 წელს თავის კათედრასთან ერთად დიდი სამეცნიერო ლაბორატორია შექმნა, რომელსაც მანქანათსაცდელი სადგური უწოდა. ეს იყო მეცნიერის ძირითადი საცდელი ბაზა.

დიდმა ოქტომბრის რევოლუციამ განუზომელი ახალი შესაძლებლობები გადაუშალა მეცნიერს. საოცრად გაიზარდა კვლევის მასშტაბებიც. 1928 წელს როცა მანქანათსაცდელი სადგური უკვე აღარ კმაროდა ბაზად, მოსკოვის მიდამოებში შეიქმნა საბჭოთა კავშირში სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის პირველი საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი.

შემდეგში ასეთივე ინსტიტუტი შეიქმნა უკრაინაშიც, უფრო მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის მეზობელ ზოგიერთ სოციალისტურ ქვეყანაში.

შემდეგში სასოფლო-სამეურნეო მანქანების კონსტრუქციების დამუშავება საბჭოთა კავშირში მკაცრი მეცნიერულ-ტექნიკური გაანგარიშების საფუძველზე მიმდინარეობს და თანამედროვე საინჟინრო დაპროექტების საგნადაა ქცეული.

მოსკოვის საოსფლო-სამეურნეო აკადემიის საინჟინრო განყოფილებაზე გორიაჩნიკის ენერგიული მონაწილეობით მიწათმოქმედების მექანიკის საფუძველზე შეიქმნა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, რომელიც მოგვიანებით მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების საინჟინრო ხელმძღვანელობას.

ამჟამად საბჭოთა კონსტრუქტორები ყველა სასოფლო-სამეურნეო მანქანას მკაცრ მეცნიერულ საფუძველზე აპროექტებენ. გორიაჩნიკის შრომებში კონსტრუქტორები ყოველი სახის მანქანისათვის დაპროექტებისა და გაანგარიშების თეორიულ საფუძვლებს პოულობენ. გორიაჩნიკის წამოწყების განვითარების შედეგად საბჭოთა ტექნიკური მეცნიერება მტკიცედ ინარჩუნებს მთელ მსოფლიოში პრიორიტეტს მიწთმოქმედების მექანიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დაპროექტების მეთოდების დარგში.

ავადმყოფობამ სწორედ მაშინ შეწყვიტა ვასილი პროხორის ძის გორიაჩკინის სიცოცხლე, როცა იგი ჯერ კიდევ სავსე იყო შემოქმედებითი ძალებით.

მან შექმნა ახალი სასწავლო დისციპლინა, რომლიდანაც აღმოცენდა ტექნიკურ მეცნიერებათა მთელი დარგი. ეს დარგი იქცა საბჭოთა კავშირში სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ტექნიკური კულტურისა და სოციალისტური სოფლის მეურნეობის წარმოების საფუძვლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საბავშვო ენციკლოპედია, თბ. 1973 წელი, გვ. 430-432
  • Родоначальники научных школ // «Тракторы и сельскохозяйственные машины». — 2005. — № 9.
  • Дубровский А. А. Академик В. П. Горячкин. Биографический очерк. — М.: Сельхозгиз, 1960.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება