კომპაქტური ვარსკვლავი
ასტრონომიაში ტერმინი კომპაქტური ვარსკვლავი (ზოგჯერ კომპაქტური ობიექტი) გამოიყენება თეთრი ჯუჯების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა, სხვა ეგზოტიკური მკვრივი ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების აღსანიშნად.
კომპაქტურ ვარსკვლავთა უმეტესობა ვარსკვლავური ევოლუციის საბოლოო ეტაპია და, აქედან გამომდინარე, ხშირად ვარსკვლავურ ნარჩენს უწოდებენ. ნარჩენი ფორმა ძირითადად დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე, რომლითაც იგი თავდაპირველად წარმოიქმნა. ყველა ეს ობიექტი თავიანთ მასასთან შედარებით მოცულობაში ძალიან მცირეა, რის გამოც მათ ძალიან მაღალი სიმკვრივე აქვს. ტერმინი კომპაქტური ვარსკვლავი ხშირად გამოიყენება, როდესაც ვარსკვლავის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ მტკიცებულების თანახმად, ის ძალიან მასიურია და მცირე რადიუსი აქვს. კომპაქტურ ვარსკვლავს, რომელიც არ არის შავი ხვრელი, შესაძლოა გადაგვარებული ვარსკვლავი ეწოდოს.