ვანო სიმონის ძე შადური (დ. 1910 — გ. 1988)[1] — ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977). სკკპ წევრი 1931 წლიდან. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1938). 1941 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. პირველი მოთხრობები 1930 წელს გამოაქვეყნა, სამეცნიერო ნაშრომები — 1937 წელს. პირველი წიგნი გამოსცა 1945 წელს. შადური იკვლევდა რუსული ლიტერატურის ისტორიას, მარქსისტულ-ლენინური ლიტერატურათმცოდნეობის მეთოდოლოგიის, რუსულ-ქართულ კულტურულ-ლიტერატულ და საზოგადოებრივ ურთიერთობათა საკითხებს; ვანო შადური 42 წიგნის ავტორი და შემდგენელია.[1] ძირითადი გამოკვლევები და კრებულებია „ბესარიონ ბელინსკი“ (1948), „რუსი მწერლები საქართველოს შესახებ“ (1949), „ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ“ (1962), „პირველი რუსული რომანები კავკასიასა და საქართველოზე“ (1966), „რუსული ლიტერატურის ისტორია“ (ნაწილი I, 1969; 1978, თანაავტორი გიორგი ტალიაშვილი) და სხვა. რუსულ ენაზე გამოქვეყნებული ნაშრომებიდან აღსანიშნავია „გრიბოედოვი და ქართული კულტურა“ (1946), „პუშკინის მეგობარი ა. ა. შიშკოვი და მისი რომანი საქართველოზე“ (1951), „დეკაბრისტული ლიტერატურა და ქართული საზოგადოებრიობა“ (1958), „პუშკინი და ქართული საზოგადოებრიობა“ (1966), კრებული „ქართველი და რუსი ხალხების მეგობრობის მატიანე“, ტ. I, (1961, 1967), აგრეთვე მ. გორკის (1970), ა. პუშკინის (1974), მ. ლერმონტოვის, ა. გრიბოედოვის (ორივე 1977), ნ. ჩერნიშევსკის (1978) საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი კრებულები და სხვა. შადურის ნაშრომები თარგმნილია სომხურ, ნორვეგიულ და სხვა ენებზე.[2]

  1. 1.0 1.1 Этапы большого пути[მკვდარი ბმული]
  2. ქრისტესაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 669.