ვალერი ფალიანის დარბაზ-მაჩუბი
ვალერი ფალიანის დარბაზ-მაჩუბი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტში.
იგი საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილია, რომელიც კოშკის აღმოსავლეთით დგას. დღესდღეობით დარბაზ-მაჩუბის სამხრეთი და აღმოსავლეთი ფასადი მთლიანად ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლის ინტერიერშია მოქცეული, მხოლოდ ჩრდილოეთი ფასადის აღქმაა შესაძლებელი, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ის ქუჩისკენ არის მოქცეული, სადაც გზასა და ნაგებობას შორის ერთგვარი სივრცეა დარჩენილი. გზის სამუშაოების დროს ცარიელ სივრცეში ჩაასხეს ბეტონის გასამაგრებელი კედლები, ჩამოწოლილი მიწის ასარიდებლად და ნაგებობის დასაცავად. სახლში შესვლის თანავე დარბაზ-მაჩუბის სამხრეთ ფასადს აღვიქვამთ, რომელზეც შემორჩენილია საფასადე ნალესობა და გაჭრილია თაღოვანი ფორმის კარ-სარკმელი. მაჩუბის ინტერიერი პირვანდელი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ შედარებით შემორჩენილია ავთენტური იერსახე. ეტყობა შეკეთების კვალი და კედლების მდგომარეობა მძიმეა, მრავლად არის ნესტის და გამომარილების კვალი. მეორე სართული - დარბაზის ინტერიერი მთლიანად მორგებულია საცხოვრებელ სახლზე. აღსანშნია, რომ მაჩუბის ინტერიერში სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში, კარია გაჭრილი, საიდანაც მცირე ზომის ნაგებობაში ჩავდივართ. მეპატრონე ნაგებობას წმინდა გიორგის სახელობის სალოცავად მოიხსენიებს, იგი ამბობს, რომ საცხოვრებელი კომპლექსიდან ის უძველესი ნაგებობაა, რომლის გარშემოც შემოაშენეს კოშკი და დარბაზ-მაჩუბი. სალოცავი დარბაზ-მაჩუბის მსგავსად ახლად აშენებული სახლის ინტერიერშია მოქცეული, მას ეტყობა უხეში შეკეთების კვალი - ფასადის შელესილობა და ინტერიერში ამოვსებული ნაწილები. სალოცავის აღმოსავლეთ კედელზე გაჭრილია მცირე ზომის ორი ნიში და ერთი სარკმელი, რომელიც არა ცენტრში, არამედ სამხრეთ მონაკვეთშია მოთავსებული. ვალერი ფალიანის დარბაზ-მაჩუბი კოშკთან და სალოცავთან ერთად, ერთ-ერთ საინტერესო საცხოვრებელ კომპლექს წარმოადგენს. სამწუხაროდ სამხრეთის მხრიდან მიშენებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად ფარავს სალოცავის და დარბაზ-მაჩუბის ფასადებს, აძნელებს კომპლექსის ავთენტური იერსახის აღქმას და არღვევს ნაგებობის პირვანდელ პროპროციებს, მაგრამ შემორჩენილი დეტალებით შეიძლება ითქვას, რომ ნაგებობა ორგანულად ეწერება საერთო განაშენიანებაში, ამიტომ ისტორიული უბნის განაშენიანებისთვის ვალერი ფალიანის დარბაზ-მაჩუბის დაცვა-შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38146