ექსტრასისტოლია
ექსტრასისტოლია — გულის ნაადრევი შეკუმშვა, რომელიც ასწრებს მორიგი სისტოლის ფაზას, სინუსის კვანძის გარეთ წარმოქმნილი ელექტრული იმპულსის გამო. ექსტრასისტოლა შეიძლება იყოს პარკუჭოვანი, ან წინაგულოვანი.[1] წინაგულოვანი (პარკუჭზედა) ექსტრასისტოლები გარკვეული რაოდენობით ყველას აღენიშნება და არ წარმოადგენს საფრთხეს, საყურადღებოა მხოლოდ პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.[2][3]
ექსტრასისტოლის დროს ადამიანს ეუფლება გულის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ძლიერი შეკუმშვის შეგრძნება, თითქოს პულსი დროებით შეჩერდა და კვლავ გაგრძელდა. იმპულსი, რომელიც სინუსის კვანძის გარეთ (წინაგულთან, პარკუჭთან ან წინაგულ-პარკუჭოვან კვანძში) წარმოიქმნება, განაპირობებს ექსტრასისტოლების ფორმას, კერძოდ, მის მიხედვით განარჩევენ სუპრავენტრიკულურ ანუ პარკუჭზედა და პარკუჭოვან ექსტრასისტოლიებს.[4]
იმ შემთხვევაში, თუ ექსტრასისტოლების გამომწვევი ყველა პათოლოგიური მიზეზი გამოირცხება, ის მკურნალობას არ საჭიროებს.