ექვსაფსიდიანი ეკლესია

ექვსაფსიდიანი ეკლესია — გუმბათოვანი ეკლესიის ტიპი, რომელმაც ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი პერიოდის ბოლოს, X საუკუნეში, საქართველოს სხვადასხვა პროვინციაში იჩინა თავი. იგი წარმოიშვა როგორც ტეტრაკონქის ძველი ტიპის ერთგვარი დეკორატიული გადამუშავების თუ განვითარების შედეგი. თუ არ ჩავთვლით ნინოწმინდის ტაძარს (VI საუკუნე), ეს ერთადერთი სახეობაა ქართულ გუმბათიანი ტაძრებისა, რომლებშიც გუმბათი კვადრატს არ ეყრდნობა. გუმბათის საყრდენად აქ გამოყენებულია რადიალურად განლაგებული აფსიდების ექვსი შვერილი. გარედან ექვსაფსიდიანი ეკლესია შედგება ორი ერთმანეთზე შესმული წახნაგოვანი ცილინდრისაგან: ქვემო, უფრო ფართო, შეიცავს თვით აფსიდებს. ზემო – გუმბათის ყელია. ამ ტიპის ცალკეული ნიმუშები საკუთარი თავისებურებით გამოირჩევა. ექვსაფსიდიანი ეკლესიის ნიმუშებია: გოგიუბის, ქიაგლის-ალთის, ოლთისის, ბოჭორმის ეკლესიები, კაცხის ტაძარი. გენეტიკურად ამავე თემასთანაა დაკავშირებული კუმურდო და ნიკორწმინდა.

კაცხის ტაძარი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • Беридзе В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981 (ტექსტი აგრეთვე ფრანგ. ენაზე).