ეფრემის ქრონიკა
ეფრემის ქრონიკა, ქრონოგრაფია (ბერძ. Χρονογραφία) — ლექსად დაწერილი ბერძნულენოვანი ისტორიული ქრონიკა. ავტორის — ეფრემის (Εφραίμ) ბიოგრაფია უცნობია. ქრონიკა 1313 ახლო ხანებში დაიწერა. მოღწეულია არასრული სახით XIV საუკუნის ხელნაწერისა (Vaticanus 1003) და მისი XVII საუკუნის ასლის (Barberinianus 146) სახით.
ქრონიკა იწყება იულიუს კეისრის (I საუკუნე) მოღვაწეობით და მოიცავს ისტორიულ მოვლენებს 1261 წელს ბიზანტიაში ლათინთა ბატონობის დამხობის ჩათვლით. ეფრემის ქრონიკაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი კომნენოსებისა და ანგელოსების ეპოქას და ნიკეის სამეფოს ისტორიას. თხზულებაში არის ცნობები კეისარ ბასილი II-ის საქართველოში ლაშქრობის შესახებ (ავტორი საქართველოს სამეფოს მცხოვრებლებს „აბაზგებს“ უწოდებს), მარიამის (მართა-ყოფილის) იმპერატორ ნიკიფორე ბოტანიატესთან ქორწინების შესახებ (დედოფლის სახელს არ ახსენებს). ასევე მოთხრობილია, რომ ისააკ II ანგელოსის სიძეს და სარდალს კონრად მონფერატელს მეამბოხე ალექსი ვრანას წინააღმდეგ ჯარში ჰყავდა „სკვითები, იტალიელები, აგარიანები და იბერიელები“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
- მიწიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 112.
- Neville L. Ephraim. In: Guide to Byzantine Historical Writing. Cambridge University Press; 2018: 249-251.