ეტოლიის კავშირი
ეტოლიის კავშირი — თავდაპირველად ეტოლიის თემების ტომობრივი გაერთიანება, შემდგომში — შუა საბერძნეთის მთელი რიგი ქალაქ-სახელმწიფოების მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება. ეტოლიის კავშირის მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ძვ. წ. III საუკუნიდან კავშირს შეუერთდა იონიის კუნძულები, აკარნანიის, თესალიისა და არკადიის ნაწილები. ეტოლიის კავშირში უმეტესად დემოკრრატიული წყობა იყო. სხვა კავშირებისაგან განსხვავებით, ეტოლიის კავშირს ჰეგემონი არ ჰყავდა, კავშირის წევრები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. ჰქონდათ საერთო მოქალაქეობა, საერთო მუდმივად მოქმედი ორგანოები. ეტოლიის კავშირის სათავეში იდგა მოქალაქეების საერთო საკავშირო კრება (რომელსაც ყოველწლიურად შემოდგომობით ქ. თერმონში აპოლონის ტაძართან იწვევდნენ) და კავშირის წევრი ქალაქ-სახელმწიფოების წარმომადგენლების მუდმივად მოქმედი საკავშირო საბჭო. კრებაზე ირჩევდნენ (ერთი წლით) კავშირის თანამდებობის პირებს, ამტკიცებდნენ კანონპროექტებს, განიხილავდნენ ომისა და მშვიდობის საკითხებს და სხვ. ეტოლიის კავშირის წევრები შინაგან საქმეებში ავტონომიას ინარჩუნებდნენ. ძვ. წ. 200—197 წლებში ეტოლიის კავშირი მაკედონიის წინააღმდეგ გამოდიოდა და რომის მხარეზე იყო; ხოლო ძვ. წ. 192 წელს ანტიოქე III-თან ერთად რომის წინააღმდეგ იბრძოდა. ძვ. წ. 189 წელს ეტოლიის კავშირი რომმა დაამარცხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 243.