ეტალონი (პროექტი)
„ეტალონი“ — სატელევიზიო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მედია საშუალებებით).
ეტალონი | |
---|---|
ავტორი | გოჩა ტყეშელაშვილი |
წამყვანი | გოჩა ტყეშელაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | მანანა ღოღობერიძე |
პროდიუსერ(ებ)ი | არჩილ თავბერიძე |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | პირველი არხი |
ჩვენების ფორმატი | 4:3 |
ეთერში | 2004 წლის ოქტომბერი — 11 აპრილი, 2015 |
ეტალონი ტელეკომპანია იმედისა და ჟურნალ „რეიტინგის“ ერთობლივი, მოსწავლე ახალგაზრდობაზე გათვლილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები.
„ეტალონის“ იდეის ავტორი და წამყვანია გოჩა ტყეშელაშვილი. ეთერში გასვლის შემდეგ, პროექტმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობაში, ისე უფროსი ასაკის ტელემაყურებლებში.
პროექტს, ეთერში გასვლამდე უკვე მხარს უჭერდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულია და დაპატენტებულია.
„ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ“ ქალაქ ჰანოვერში (გერმანია) 2006 წლის 26-28 მაისს ფართომასშტაბიან კონფერენციაზე პროექტი „ეტალონი“ პედაგოგიკის სიახლედ აღიარა, დიპლომი და ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი — „მედიაპედაგოგიკა“ შეურჩია.
ისტორია
რედაქტირებაპროექტი 2004 წლის შემოდგომის სატელევიზიო სეზონიდან ტელეკომპანია მზის ეთერში დაიწყო, თუმცა გაზაფხულის სეზონიდან მან ტელეკომპანია იმედზე გადაინაცვლა; აქვე, მას დაემატა მეორე პროექტი სტუდენტებისათვის — ეტალონის პრინციპებზე აგებული გადაცემა „დიდი პერსპექტივა“. 2007 წლის შემოდგომიდან, ეტალონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაგრძელდა. 2008 წლის შემოდგომიდან, გადაცემა კვლავ ტელეკომპანია მზეს უბრუნდება. 2010 წლის შემოდგომიდან ყოველ კვირას, დილის 10:00-ზე ეტალონი იმედის ეთერში გადიოდა. 2012 წლის შემოდგომიდან ეტალონი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადის ყოველ შაბათს 18:00 საათზე, ხოლო განმეორებით კვირას,დილის 10:00 საათზე. გადაცემას მართვას საპროდიუსერო კომპანია „ეტალონი მედია“.
გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა თუ ქალაქების სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა გუნდები. თუმცა, არაგეგმიურ გადაცემებში პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ მასწავლებლებიც იღებენ მონაწილეობას.