ერმიტაჟი (ცარსკოე-სელო)

ერმიტაჟი (რუს. Эрмитаж) — ბაროკოს სტილში აგებული პავილიონი ეკატერინეს პარკში, ცარსკოე-სელოში. გამოიყენებოდა სამეფო კარის ვიწრო წრეების გასართობი შეხვედრებისათვის. ერმიტაჟი წარმოადგენს XVIII საუკუნის რუსული ბაროკოს საინტერესო და უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლს.

ერმიტაჟი
Эрмитаж
კოორდინატები 59°42′49″N 30°24′12″E / 59.713557° ჩ. გ. 30.403385° ა. გ. / 59.713557; 30.403385
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი მიხეილ ზემცოვი
მოქანდაკე ანდრეი კვასოვი, საბა ჩევაკინსკი, ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1743-1753
მდგომარეობა კარგი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810447090

პავილიონის მშენებლობა მიმდინარეობდა რუსეთის იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულის მეფობის პერიოდში, 1743 წლიდან 1753 წლამდე, ეკატერინეს სასახლესთან ერთად. პროექტის ავტორი იყო სამეფო კარის არქიტექტორი მიხეილ ზემცოვი, ხოლო პავილიონის მშენებლები ანდრეი კვასოვი, საბა ჩევაკინსკი და ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი. შენობა წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, რომელსაც ოთხი მხრიდან მიშენებები აქვს.

პავილიონი მდებარეობს ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც გაფორმებულია შავთეთრი მარმარილოს ფილებით, ყველა მხიდან გარშემორტყმულია წყლით და გარშემო შემოვლებული აქვს ბალუსტრადა. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია თხრილზე გადებული ხიდებით.

შენობის კედლებს ამშვენებს კოლონები და პილასტრები. კედლები ფირუზისფერშია გადაწყვეტილი და დეტალების გარკვეული ნაწილი მოოქროვილია. 64 დეკორატიული სვეტი (მათ შორის დამონტაჟებული 16 ქანდაკება), გამოძერწილი გირლანდა, ნიჟარები, ნიღბები, ფანჯრის ბრწყინვალე თამასები, აივნის აჟურული გისოსები პავილიონის კედლებს გლუვს არ ტოვებს. პავილიონის ცენტრალურ ნაწილს ამშვენებს გუმბათი.

პავილიონი ერმიტაჟი იყო ელისაბედ პეტრეს ასულისა და ეკატერინე II-ის საყვარელი დასასვენებელი ადგილი, აქ ისინი იღებდნენ გამორჩეულ რუს და უცხოელ სტუმრებს, აწყობდნენ დღესასწაულებს.

2005-2006 წლების სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღადგინეს ერმიტაჟის გარშემო მდებარე არხი. თავად პავილიონის ინტერიერი არ გადაკეთებულია XVIII საუკუნიდან მოყოლებული და ჩვენამდე მოაღწია თითქმის უცვლელი სახით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება