ენდელაძისეული — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

გავრცელებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში ენდელაძეების დასახლებაში. იმერეთში ზოგჯერ შეცდომით ამ სახელით მოიხსენიებენ ფრანგულ საღვინე ჯიშ „კაბერნე სოვინიონს“ (Cabernet Sauvignon).

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუ-სური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის, ოვალური, მუქი-წითელი, თითქმის შავი. კანი საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ზომიერადაა დაფარული, რბილობი წვნიანია.

ენდელაძისეული საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 166 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 175-200 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 6.8-8.4 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.4-23.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.8-8.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი ღია წითელი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 117