ელენა კუზა
ელენა კუზა (რუმ. Elena Cuza; დ. 17 ივნისი, 1825, იასი, რუმინეთი — გ. 2 აპრილი, 1909, პიატრა-ნიამცი, რუმინეთი) — მოლდოველ-რუმინელი არისტოკრატი და ფილანთროპი. ვლახეთისა და მოლდოვეთის მთავარი 1859-1866 წლებში როგორც ალექსანდრუ იოან კუზას მეუღლე.
ელენა კუზა | |
---|---|
ვლახეთისა და მოლდოვეთის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 იანვარი, 1859 |
მმართ. დასასრული: | 11 თებერვალი, 1866 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ცუ ვიდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ივნისი, 1825 |
დაბ. ადგილი: | იასი, რუმინეთი |
გარდ. თარიღი: | 2 აპრილი, 1909, (83 წლის) |
გარდ. ადგილი: | პიატრა-ნიამცი, რუმინეთი |
მეუღლე: | ალექსანდრუ იოან კუზა |
მამა: | იორდაქე როსეტი |
დედა: | ეკატერინა სტურძა |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელენა დაიბადა 1825 წლის 17 ივნისს ქალაქ იასში, მოლდოვის პროვინციაში, თანამედროვე რუმინეთში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნისა და მაღალჩინოსნის, იორდაქე როსეტისა და მისი ცოლის, ასევე არისტოკრატ ეკატერინა სტურძას ქალიშვილი. 1844 წელს იგი დაქორწინდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ ალექსანდრუ იოან კუზაზე, რომელთანაც მანამდე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ქორწილიდან სულ მალე გაირკვა, რომ ელენას არ შეეძლო ბავშვის გაჩენა, მაგრამ ალექსანდრუ ამის გამო არ გასცილებია. მოგვიანებით იგი ალექსანდრუს ორ ვაჟს ისე ზრდიდა, როგორც საკუთარ შვილებს. აღსანიშნავია, რომ მის ქმარს ეს ბავშვები თავისი საყვარლის, ელენა მარია კატარგიუ-ობრენოვიჩისაგან ჰყავდა.
იგი ყოველთვის თავისი ქმრის ერთგული იყო და აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან თავისი ფელანთროპული ხასიათი მას შემდეგ გამოავლინა, რაც 1848 წელს ქვეყნიდან გააპარა მოლდოვის რევოლუციურ მოძრაობაში გაერთიანებული პირები, რომელთაც ელენას ბიძაშვილი, მთავარი მიხაილ სტურძა ერთიანად აპატიმრებდათ. მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ საყვარელი გაიჩინა ელენა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა პარიზში, საფრანგეთში, საიდანაც იგი მხოლოდ 1853 წელს, ელჩის შუამავლობით დაბრუნდა. ამის მიუხედავად, ალექსანდრუ იოან კუზამ თავისი საყვარელი ელენა მარია თავისთან დაიტოვა, რომელიც მომავალში სერბეთის მთავარ მილან ობრენოვიჩის დედა გახდა.
1859 წლის 24 იანვარს ჩამოყალიბდა ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავრო, რომლის ტახტიც ალექსანდრუ იოან კუზამ დაიკავა, რითაც ელენა რუმინეთ-მოლდოვეთის ისტორიაში პირველი კონსორტი გახდა.
საბოლოოდ ელენა ძალიან დაღალა ქმრის გაუთავებელმა ღალატმა, რის გამოც 1862 წელს იგი მეორედ გადასახლდა პარიზში, სადაც იგი საკმაოდ დიდ ხანს დარჩა. საფრანგეთიდან იგი მინისტრ ვასილი ალეშანდრის თხოვნით დაბრუნდა, რომელიც გულმოდგინედ ცდილობდა მთავრის ოჯახში არსებული სკანდალის მოგვარებას. როგორც სახელმწიფოს მეთაურის მეუღლე, ელენა აქტიურად იყო ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. იგი პატრონობდა ობლებს, ქვრივებსა და შემდეგში ქმრის უკანონო შვილებსაც.
1866 წლის 11 თებერვალს რუმინელებმა მისი ქმრის მმართველობის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რა დროსაც ელენა თავის სასახლეში იზოლირებული აღმოჩნდა ამბოხებულთა მიერ. ეს რთული ღამე ელენამ თავის დაუძინებელ მტერთან, მარია ელენა ობრენოვიჩთან ერთად გადაიტანა. მოგვიანებით ქალბატონები ალექსანდრუ იოან კუზას შეუერთდნენ და დასავლეთ ევროპაში გაჰყვნენ გადასახლებაში. 1873 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ელენამ ყველაფერი გააკეთა, რათა მისი ვაჟები რუმინეთში დაებრუნებინა და თანამდებობები დაეკავებინათ. მოგვიანებით რუმინელებმა თავად ელენასაც დართეს დაბრუნების ნება, რის შემდეგაც იგი პიატრა-ნიამცში დასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1909 წლის 2 აპრილს, 83 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Radu R. Florescu, "Elena Cuza - dincolo de legendă", in Magazin Istoric, January 1998
- Petre Otu,"«Adevărul rămâne oricare ar fi soarta celor care l-au servit». Gh.I.Brătianu — un istoric printre politicieni", in Dosarele Istoriei, 1/VI, 2001