ელენა ვლადიმირის ასული
ელენა ვლადიმირის ასული (რუს. Елена Владимировна, ბერძ. Ελένη Βλαδιμήροβνα; დ. 17 იანვარი, 1882, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 13 მარტი, 1957, ათენი, საბერძნეთი) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის შვილიშვილი. საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის ძის, პრინც ნიკოლოზ ბერძენის მეუღლე.
ელენა ვლადიმირის ასული | |
---|---|
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი საბერძნეთისა და დანიის პრინცესა | |
დაიბადა |
17 იანვარი, 1882 სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გარდაიცვალა |
13 მარტი, 1957, (75 წლის) ათენი, საბერძნეთი |
საგვარეულო | რომანოვები |
მეუღლე(ები) |
ნიკოლოზ ბერძენი (ქ. 1902 - გარდ. 1938) |
შვილ(ებ)ი |
ოლგა, იუგოსლავიის პრინცესა ელისაბედი, იეტენბახის გრაფინია მარინა, კენტის ჰერცოგინია |
მამა | დიდი მთავარი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე |
დედა | მარია მეკლენბურგ-შვერინელი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელენა დაიბადა 1882 წლის 17 იანვარს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვაჟის, დიდ მთავარ ვლადიმირ ალექსანდროვიჩისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია მეკლენბურგ-შვერინელის შუათანა შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. მას სამი უფროსი ძმა ჰყავდა: კირილე, ბორისი და ანდრია. იქიდან გამომდინარე, რომ ელენას ბრიტანელი ძიძა ზრდიდა მისი პირველი ენა არა მშობლიური რუსული, არამედ ინგლისური იყო. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ელენა მეტად ტემპერამენტიანი და უკონტროლო გოგონა იყო. აღსანიშნავია, რომ ერთხელ, როდესაც იგი ხატვის პედაგოგმა გააბრაზა ოთხი წლის ელენამ დანა აიღო და მოკვლით დაემუქრა.
იგი დედასთან ყოველთვის ახლოს იყო და შესანიშნავად იცოდა თავისი მაღალი სოციალური სტატუსის ფასი, რის გამოც თავის ნათესავებსაც კი ქედმაღლურად უყურებდა. ამაზე დიდი წუხილით წერდა მისი ბიცოლა, რუსეთის ქვრივი იმპერატრიცა მარია თედორეს ასული, რომელთანაც ელენა ამპარტავნულად იქცეოდა და გამუდმებით მიუთითებდა მის უცხოელობაზე (მარია ფეოდოროვნა დანიის მეფის ასული იყო და გათხოვებამდე დაგმარ დანიელი ერქვა).
1902 წელს ცარსკოე სელოში შედგა ელენასა და საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის შუათანა ვაჟის, პრინცი ნიკოლოზ ბერძენის ქორწინება, რომელიც დედის ხაზით ელენას ბიძაშვილად ერგებოდა.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის დროს დაემხო მონარქია, რომანოვების უმეტესობა კი ან ბოლშევიკებმა დახოცეს ან ქვეყნიდან გაიქცა, რამაც საშინლად იმოქმედა ელენაზე. ამავე წელს დაამხეს მისი მაზლის, მეფე კონსტანტინოს I-ის მმართველობაც, რის გამოც ელენა თავის ქმართან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში.
საფრანგეთში ცხოვრებისას ელენა ვლადიმიროვნა აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელიც ძირითადად რუსი დევნილების დახმარებისაკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია, რომ მას ერთდროულად შეუწყვიტეს პენსია როგორც რუსეთის, ისე საბერძნეთის სამეფო ოჯახიდან, ამიტომაც იგი საფრანგეთში შედარებით ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. საბოლოოდ იქამდე მივიდა საქმე, რომ ელენა თავისი სამკაულების გაყიდვით ირჩენდა თავს და არჩენდა ოჯახსაც, თუმცა ის და ნიკოლოზი მის ძმებზე გაცილებით უკეთ ცხოვრობდნენ.
1920 წელს საბერძნეთში კონსტანტინოსის ხელისუფლება აღსდგა, რის გამოც ელენა და მისი მეუღლე ათენში დაბრუნდნენ და ძველებურად, ფუფუნებაში განაგრძეს ცხოვრება. 1938 წელს ელენა დაქვრივდა, თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა და საბერძნეთში დარჩა. აღსანიშნავია, რომ იგი საბერძნეთში დარჩა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, მაშინ, როდესაც მთელი სამეფო ოჯახი რუმინეთსა და შვეიცარიაში გაიქცა. იგი გარდაიცვალა 1957 წლის 13 მარტს ათენში, 75 წლის ასაკში. დაკრძალულია ტატოის სამეფო მავზოლეუმში, მეუღლის გვერდით.
შვილები
რედაქტირება- ოლგა (1903-1997), ცოლად გაჰყვა იუგოსლავიის პრინც პავლეს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
- ელისაბედი (1904-1955), ცოლად გაჰყვა გრაფ კარლ თეოდორ ფონ თეორინგ-იეტენბახს, რომელთანაც ორი შვილი შეეძნა;
- მარინა (1906-1968), ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის უმცროს ვაჟს, კენტის ჰერცოგ ჯორჯს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Zeepvat, Charlotte, The Camera and the Tsars: A Romanov Family Album, Sutton Publishing, 2004, p. 65
- King, Stella. Princess Marina: Her Life and Times (pg. 27; Cox & Wyman Ltd, 1969)
- Paul Theroff (2007). "Russia". Archived from the original on 7 September 2006. Retrieved 5 January 2007.