ეკატერინე ნიკოლაძე
ეკატერინე ნიკოლაძე (დ. 1854 — გ. 1931) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაეკატერინე ნიკოლაძე ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაა. ის თავის დასთან ოლიმპიადა ნიკოლაძესთან ერთად, იმ ქართველ ქალთა რიცხვში შედის, ვინც ევროპაში პირველები წავიდნენ განათლების მისაღებად. ეკატერინე სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, შვეიცარიაში აქტიურად იყო ჩართული ქართველი ახალგაზრდობის მიერ დაარსებული საზოგადოება „უღელის“ საქმიანობაში. ევროპიდან, განათლების მიღების შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა, სადაც პედაგოგიურ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. მუშაობდა პანსიონში, რომელიც გიმნაზიაში შესასვლელად ამზადებდა ბავშვებს. ეკატერინე დასთან, ანასთან ერთად საქმიანობდა, მათ საგანმანათლებლო ღონისძიებებში კი აკაკი წერეთელი აქტიურად იყო ჩაბმული. სწორედ ეკატერინეს ინიციატივით, ქუთაისში სახალხო წარმოდგენები იმართებოდა.
„ამ ორი-სამი თვის წინეთ ზოგ ქუთათურ მანდილოსნებს და მათ ხელმძღვანელს ქ-ნ ეკატერინე ნიკოლაძისას დაებადათ კეთილი აზრი სახალხო ასპარეზზე მოღვაწეობისა. როდესაც ქ-ნ. ეკ. ნიკოლაძის ქალმა ასეთ მოღვაწეობისთვის ქუთათური ქალვაჟნი გამოიწვია, ყველას ეჭვი ებადებოდა ამის განხორციელების შესახებ... ორი-სამი თვის კრებების შემდეგ წასულ კვირას (1 ნოემბერს) უკვე გაიმართა ქუთაისში პირველი სახალხო წარმოდგენა სცენის მოყვარულთაგან“ [1].
კატო არცერთ საზოგადო საქმეს არ აკლდებოდაო - იგი ყველგან ერთ-ერთი ინიციატორი, სული და გული ყოფილა: ქართული თეატრი, თარგმანები და გამომცემლობა, სახალხო იაფფასიანი წარმოდგენების მოწყობა, სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და სტიპენდიები, საიმედო ახალგაზრდების და დევნილების დახმარება, – სად არ შეხვდებოდით მას 40-50 წლის მანძილზე, მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან 1920 წლამდე.
ქართველმა სტუდენტებმა ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის და გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით დააარსეს საზოგადოება უღელი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასე განმარტავს ამ საზოგადოების მიზანს: – საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანება, ევროპის სოციალისტური მოძრაობის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია საქართველოში, საერთოდ კავკასიაში. უღელის ყველა წევრის ოცნება იყო სამშობლოს გათავისუფლება, რის გამოც ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სხვა ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან.
ეკატერინე თავის დასთან ერთად იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების ნამდვილი კოლორიტი იყო. ისინი ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ. ატარებდნენ ლიტერატურულ მიძღვნით საღამოებს. როცა აკაკი წერეთელი ქუთაისში ჩადიოდა, თითქმის ყოველთვის სწორედ ნიკოლაძეებში იდებდა ბინას.
კატო ნიკოლაძე ხშირად დადიოდა საქმეების გამო ქალაქში. ანას კი „სკის დედა ფუტკარს“ ეძახდნენ. ძირითადად სახლში იყო და ბავშვებს ამეცადინებდა. ბავშვებისთვისაც მისი თავშეკავებული საყვედური და წარბის შეკვრა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე კატოს „აფეთქება“. ეკატერინე გაუთხოვარი დარჩა, მან სიცოცხლე შესწირა თავის საქმიანობა. გარდაიცვალა 1931 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „კვალი“ #46, 8 ნოემბერი, 1898