დიდმოწამე ეკატერინე

(გადამისამართდა გვერდიდან ეკატერინე ალექსანდრიელი)

დიდმოწამე ეკატერინე (ბერძ. ἡ Ἁγία Αἰκατερίνη ἡ Μεγαλομάρτυς; დ. 287— გ. 305) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, [ხსენების დღე — 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)].

წმინდა ეკატერინე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. იგი დაიბადა 287 წელს ალექსანდრიაში.

ეკატერინე მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ მაქსიმინუსის (305-313 წწ.) მმართველობის პერიოდში. ალექსანდრიაში ჩასული იმპერატორი წარმართულ დღესასწაულს დაესწრო.

მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს მიმდევრებს. ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. მან ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართები. ეკატერინეს სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუხმო, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია, რის შემდეგაც იმპერატორის ბრძანებით ისინი ცეცხლში დაწვეს.

იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ეკატერინეც, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა მისმა სულის სიმტკიცემ.

მომდევნო დღეს ეკატერინე კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. მან კიდევ ერთხელ აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტიანობა, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ეკატერინეს ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ეკატერინეს ცხედარი სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში მიაკვლიეს მის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 27 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბ., 2003

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება