მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო)

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო (ინგლ. Court of Justice of the European Union; CJEU) — ევროპის კავშირის სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა 1952 წელს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებით. სასამართლოში კავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ერთი მოსამართლეა წარმოდგენილი.[1]

მოსამართლეებს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას მხარს უჭერს 8 გენერალური ადვოკატი (გენერალურ ადვოკატთა რაოდენობა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მოთხოვნით შესაძლებელია 11-მდე გაიზარდოს), რომლებიც განსახილველ საქმეებზე დასაბუთებულ მოსაზრებებს წარმოადგენენ. მათი მოსაზრებები საჯაროა, რაც გამორიცხავს გენერალური ადვოკატების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანას. მოსამართლეობისა და გენერალური ადვოკატობის კანდიდატების შერჩევისას წევრმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლეს ეროვნულ სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ან უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ეროვნულ სასამართლოში მოსამართლედ გამწესებისათვის დადგენილ მოთხოვნებს; კანდიდატი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს სამართლის ექსპერტი და თავისუფლად ფლობდეს წარმდგენი ქვეყნის სახელმწიფო ენას.[1]

მოსამართლეები ინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე 6 წლის ვადით, ხელახალი დანიშვნის უფლებით მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან, უმაღლესი ეროვნული სასამართლოების მოსამართლეებისგან და სამართლის ექსპერტებისგან შემდგარი პანელი (7 წევრი) წარადგენს კანდიდატის მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისათვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ მოსაზრებებს. მოსამართლეები საკუთარი რიგებიდან 3 წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, ხელახალი არჩევის უფლებით. საქმის მნიშვნელობის, სირთულისა და განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოში შექმნილია 3 ან 5 მოსამართლისგან შემდგარი პალატები, დიდი პალატა 13 მოსამართლის შემადგენლობით და მოსამართლეთა სრული შემადგენლობის პალატა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2018-05-23.