ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ინგლ. European Law Students' Association, ELSA) — ევროპის ქვეყნების იურისტი სტუდენტების საერთაშორისო, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია.
ასოციაცია დაფუძნდა 1981 წლის 4 მაისს ვენაში პოლონელი, ავსტრიელი, უნგრელი და დასავლეთ გერმანელი სტუდენტების მიერ. ასოციაციის შექმნის თავდაპირველი იდეა იყო „რკინის ფარდის“ ორ მხარეს მყოფ იურისტ სტუდენტებს შორის საერთაშორისო კონტაქტებისა და ურთიერთგაგების გაზრდა–გაძლიერება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაცია ეტაპობრივად ძლიერდებოდა და საწყის ეტაპზე ევროპის ჩრდილო ნაწილში იზრდებოდა.
თავდაპირველად საერთაშორისო საბჭოს შეხვედრათა უმეტესობა მხოლოდ სკანდინავიაში, კერძოდ კი კოპენჰაგენსა და ჰელსინკიში იმართებოდა, შესაბამისად ასოციაციის პირველი საერთაშორისო ოფისი ქალაქ ოსლოში, 1984 წელს შეიქმნა.
1992 წლის 12 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში შემუშავებული იქნა ასოციაციის ფილოსოფიური ხედვა: „A just world in which there is respect for human dignity and cultural diversity“, რომელსაც ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ასოციაციის საქმიანობაში. გარდა ამისა ხედვამ გარდამტეხი როლი ითამაშა ასოციაციის სამომვალო მოღვაწეოაბასა და განვითარებაში.
1995 წელს ბრიუსელში, დაქირავებულ იქნა საჭირო სამუშაო ადგილი, რომელსაც პირობითად „ELSA House“ (ელსას სახლი) ეწოდა. ამ მომენტიდან სწორედ ბრიუსელში მდებარეობს ასოციაციის საერთაშორისო ოფისი, რომელშიც საკმარისი სივრცეა საარქივო მასალების მოსათავსებლად და საერთაშორისო გამგეობის წევრთა სამოქმედოთ. საქმე ისაა, რომ ელსას სახლი უზრუნველყოფს სათანადო პირობებს საერთაშორისო გამგეობის წევრთა საცხოვრებლად და ნაყოფიერი მუშაობისათვის.
2016 წელს ასოციაციამ 35 წლის იუბილე იზეიმა. 35 წლის განმავლობაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპელ იურისტ სტუდენტთა და ახლგაზრდა იურისტთა პროფესიულ განვითარებასა და წარმატებაზე. სწორედ ამ ფონზე, ელსა ჩამოყალიბდა, როგორც ევროპული იურიდიული საზოგადოების მნიშვნელოვანი, განუყოფელი, დამოუკიდებელი და ღირსეული ნაწილი.
დღესდღეობით, მისი ქსელი მოიცავს 45 ევროპულ სახემლწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 300-მდე სახელგანთქმულ უმაღლეს სასწავლებელს მთელს ევროპაში, 51000-ზე მეტ მოტივირებულ, ნიჭიერ და წარმატებულ იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს.