ედუარ მანე

(გადამისამართდა გვერდიდან ედუარდ მანე)

ედუარ მანე (ფრანგ. Édouard Manet; დ. 23 იანვარი, 1832, პარიზი — გ. 30 აპრილი, 1883, იქვე) — ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისი ადრეული ნამუშევრები „წახემსება მინდორზე“ და „ოლიმპია“ დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც იმპრესიონიზმის მიმდინარეობას მისცა დასაბამი. იგი XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი იყო, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების ობიექტების ასახვა დაიწყო. მისი ნამუშევრები საყოველთაოდ განიხილება, როგორც დამაკავშირებელი რეალიზმსა და იმპრესიონიზმს შორის.

ედუარ მანე

ედუარ მანე (პორტრეტი ნადარის მიერ)
სრული სახელი ედუარ მანე
დაიბადა 23 იანვარი, 1832
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაიცვალა 30 აპრილი, 1883 (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
ეროვნება ფრანგი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა რეალიზმი, იმპრესიონიზმი
ჟანრი პორტრეტი[1] , საჟანრო ფერწერა[1] , ნატურმორტი[1] , პეიზაჟი[1] და რელიგიური ფერწერა[1]
ცნობილი ნამუშევრები საუზმე ბუნების წიაღში, 1863
ოლიმპია, 1863
ბარი ფოლი-ბერჟესი, 1882

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედუარ მანე საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის ოგიუსტ მანესა და ფრანგი დიპლომატის ქალიშვილის, ეჟენი-დეზირე ფურნიეს ოჯახში დაიბადა. მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, თუმცა მამამისი მის იურიდიულ კარიერაზე ოცნებობდა. სამხედრო სამსახური 1848 წელს მან ფლოტში გაიარა. ერთი წლის შემდეგ იგი უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში გამოცდაზე ჩაიჭრა და მშობლებისგან მხოლოდ მაშინ მიიღო თანხმობა სერიოზულად შეესწავლა ფერწერა. ხელოვნების სკოლაში ის 6 წელიწადს სწავლობდა, ტომა კუტიურის[2] (ფრანგ. Thomas Couture) სახელოსნოში. მის ადრეულ შემოქმედებაზე მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა. ამ პერიოდში მანე ოფიციალურ სალონში ეძებდა აღიარებას, მაგრამ მისთვისვე მოულოდნელად პარიზელი ავანგარდისტების სათავეში მოექცა.

მისი ნაწარმოები „საუზმე ბუნების წიაღში“ (იგივე „წახემსება მინდორზე“) „განკიცხულთა სალონში“ იყო გამოფენილი. ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მსგავსი მწარე გამოცდილება ადრეც ჰქონდა მიღებული, 1863 წელს ლუი-მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთ-ერთი პირველი დიდი ტილო „მუსიკა ტიუილრის ბაღში“ (1862) აღშფოთებულმა ბურჟუაზიამ კინაღამ ხელჯოხებითა და ქოლგებით გაანადგურა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა არ მოეწონათ, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე მანეს მეორე ტილოც — „ქუჩის მომღერალი ქალი“ დაგმეს, რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.

მალე მხატვარი ახალ ტილოზე მუშაობას შეუდგა და მას „ოლიმპია“ უწოდა, — სახელი ქალისა, რომლის შექმნაც მას შთააგონა ზაქარი აისტრიუკის პოემამ „კუნძულთა ასული“.

მანეს ცხოვრებაში 1863 წელი აურზაურებისა გარდა, მისი ბედნიერებითაც აღინიშნა. 1863 წლის 28 ოქტომბერს მან ჰოლანდიის პატარა ქალაქ ზალტ-ბოლმელდში სუზანა ლენხოპი მოიყვანა ცოლად. სუზანა ლენხოპი ედუარ მანესა და მის ძმა ეჟენს მუსიკას ასწავლიდა. სუზანასა და ედუარს ვაჟი ლეონ-ედუარ კოელა ეყოლათ.

ამავე წელს მანემ ოფიციალურ სალონში ორი ტილო — „გარდაცვლილი ქრისტე ანგელოზებით“ და „ხარების ბრძოლის ეპიზოდი“ გამოფინა. ედუარ მანეს ეს ტილოებიც მწარედ გააკრიტიკეს, განრისხებულმა მხატვარმა საკუთარი ხელით გაანადგურა „ხარების ბრძოლის ეპიზოდი“. შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტი „მკვდარი ტორერო“. 1865 წელს მისი ცოლის, სუზანასა და მხატვარ ბოდლერის დაჟინებული თხოვნით მანემ სალონში თავისი „ოლიმპია“ გამოფინა. სალონის მესვეურებმა „ოლიმპია“ რაც შეიძლება მაღლა დაკიდეს, რათა მას გასანადგურებლად ვერ მისწვდომოდნენ. ყოველივე ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მხატვარმა სალონურ მაყურებელს დაბალი წრიდან გამოსული ქალიშვილი წარუდგინა, თანაც ჯორჯონეს „მძინარე ვენერადან“ და ტიციანის „ვენერა ურბინელიდან“ ნასესხები და ახალი შინაარსით შევსებული კომპოზიციით.

1866 წლიდან ედუარ მანე რეგულარულად სტუმრობდა კაფე „გერბუას“,[3] სადაც მუდმივად იკრიბებოდა მომავალ იმპრესიონისტთა საზოგადოება. ვერაგი ხალხი მათ ჯგუფს „მანეს ბანდას“ უწოდებდა. მხატვართა ამ ჯგუფის თანამეგობრობის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენდა ფანტელ ლა ტურის სურათი „ბატილიონის სკოლა“ (იგივე „სახელოსნო ბატილიონში“). თავის მხრივ მანესაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო ახალგაზრდა მხატვრებთან. იგი ადრე საკმაოდ დიდხანს წერდა სურათებს სახელოსნოში, ხოლო მათთან დაახლოების შემდეგ კი პეიზაჟი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მანეს შემოქმედებაში („ქალი სენის სანაპიროზე“, „არჟანტე“, „ნავში“, „ბაღში“), მაგრამ მანე მაინც ნატურმორტებზე, ფიგურულ კომპოზიციებზე და პორტრეტებზე მუშაობას ამჯობინებდა. 1875 წლიდან, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მანე იმპრესიონისტული მანერით ყვავილების მრავალფეროვან სერიას ქმნის.

სალონის ოფიციალური აღიარება მანემ ცხოვრების უკანასკნელ ორ წელიწადში მიიღო. 1876 წელს მან სალონში კომუნარების ლიდერის, ანრი როშერის პორტრეტი გამოფინა და სალონის მეორე ხარისხის მედალი დაიმსახურა. მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და ოფიციალურად ჟიურიმ იმავე სალონში გამოფენილ მანეს მეორე სურათს, — „ლომებზე მონადირის პორტრეტს“ მიანიჭა ეს ჯილდო.

აღსანიშნავია ედუარ მანეს ბოლო წლების შედევრი „ბარი ფოლი-ბერჟერში“ (1881–82). ეს სურათი შეიძლება შედევრად ჩაითვალოს, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ 1882 წელს მიიღო, როდესაც ის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს.

ედუარ მანე ატაქსიით იყო დაავადებული.[4] დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და მხატვარს არა მხოლოდ მუშაობა, არამედ გადაადგილებაც სულ უფრო და უფრო უჭირდა. 1883 წლის 19 აპრილს მან მარცხენა ფეხის ამპუტაციის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა 11 დღის შემდეგ, მოჩვენებითი გამოჯანმრთელების პირველი სიმპტომების მიუხედავად, საშინელ აგონიაში, — 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა.[5]

მის დაკრძალვას პარიზის სახელოვნებო სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენელი დაესწრო. მანეს სიკვდილის შემდეგ მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა მოეწყო, ხოლო „ოლიმპია“, მანეს ცოლთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ლუვრმა შეისყიდა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Édouard Manet: Rebel in a Frock Coat by Beth Archer Brombert (1996), ISBN 0-316-10947-9 and ISBN 0-226-07544-3 (1997 paperback)
  • Manet by Françoise Cachin (1990 in French; English translation 1991), ISBN 0-8050-1793-3
  • The Drawings of Édouard Manet by Alain de Leiris (1969), ISBN 0-520-01547-9
  • The Painting of Modern Life: Paris in the Art of Manet and His Followers by T.J. Clark (1985), ISBN 0-500-28179-3 (2000 paperback edition)
  • Manet: Painter of Modern Life by Françoise Cachin (1995), 'New Horizons' series, ISBN 0-500-30050-X
  • Marlow, Tim; Grabsky, Phil; Harding, Ben; Royal Academy of Arts (2013), Manet, portraying life : from the Royal Academy of Arts, London, Phil Grabsky Films, OCLC 856905666
  • Мане Э. Жизнь. Письма. Воспоминания. Критика современников. — М.: Искусство, 1965.
  • Прокофьев В. Н. Жизнь и творчество Эдуарда Мане (вступительная статья) // Эдуард Мане: Жизнь, письма, воспоминания, критика современников. — М., 1965.
  • Прокофьев В. Н. Живопись Эдуарда Мане между прошлым и будущим. // Статьи разных лет. — М., 1985.
  • Перрюшо А. (пер. М. Прокофьевой). Эдуард Мане. — М.: Терра, 2000. — 400 с. — (Мастера). — ISBN 5-300-02940-8.
  • Перре Катрин.Модернизм Фуко (Лекция М. Фуко о живописи Э. Мане) // Сб. ст. — М.: ОГИ, 2006. — С. 148—165.
  • Чернышева М. А. Мане. — СПб.: Бельведер, 2002.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 RKDartists
  2. Who is Thomas Couture? (with Chief Curator Paul Lang)
  3. კაფე გერბუა (ფრანგ. Café Guerbois) — კაფე მონმარტრზე, ფრანგული ბოჰემის — მათ შორის, მხატვრების, მწერლებისა და ხელოვნების მოყვარულთა თავშეყრის ცნობილი ადგილი XIX საუკუნის ბოლოს.
  4. ატაქსია — ნევროლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება კიდურების, სხეულის და ქალას კუნთების მოუხერხებელი, არაკოორდინირებული მოძრაობით.
  5. Болезнь и смерть Эдуарда Мане