ედისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ედისაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა სახისა და ზომის ქვით. გამოყენებულია ტუფი და შირიმი.

გეგმით ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთით შვერილი, წახნაგოვანი აბსიდი აქვს. ეკლესიის შიდა გეგმა გარე მასებშია განმეორებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელი ჯვრის მკლავების გადამკვეთ კუთხეებს ეყრდნობოდა.

ინტერიერი განათებულია ჯვრის ოთხივე მკლავში და გუმბათის ოთხ წახნაგში დატანებული სარკმლებით.

ფასადები სადაა, კედლების მძიმე ფორმებს არავითარი დეკორატიული აქცენტები არ გააჩნიათ.

ეკლესიას სამივე მკლავში დატანებული აქვს ფართო კარი. ჩრდილოეთით და სამხრეთით კარს ორივე მხრიდან კედლის ნახევარპილასტრი აუყვება. ძეგლი დაზიანებულია, ჩამოქცეულია გუმბათის გადახურვა. კედლებზე და სახურავზე ამოსულია ხე-მცენარეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004, გვ. 14-15