ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია
„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ (ფრანგ. L'existentialisme est un humanisme) — ჟან-პოლ სარტრის 1946 წლის ნაშრომი, რომელიც დაფუძნებულია მის მიერ კლუბ „Maintenant“-ში 1945 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებულ ამავე სახელწოდების ლექციაზე. ნაშრომში სარტრი ეგზისტენციალიზმის წინააღმდეგ წამოჭრილ ბრალდებებს ეხმაურება და ამ მოძღვრების ჭეშმარიტ არსს განმარტავს.
შინაარსი
რედაქტირებასარტრის თქმით, ეგზისტენციალიზმის ამოსავალი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ „ყოფიერება არსებობს უფრო ადრე, ვიდრე შეიძლება მისი განსაზღვრა რაიმე ცნებით.“ ამას იგი გამოხატავს ცნობილი ფრაზით „არსებობა წინ უსწრებს არსს“, რომელიც ეგზისტენციალური მიმდინარეობის დევიზი გახდა. მისი მნიშვნელობა ასეთია: არ არსებობს არანაირი მარადიული მორალური ღირებულებები, რომლებიც ადამიანს უკარნახებს, როგორ იმოქმედოს და რომელთაც შეიძლება არჩევნის გაკეთებისას დაემორჩილოს ადამიანი, მაშასადამე ადამიანი თავის ქმედებებში სრულიად თავისუფალია და თავადვე ქმნის თავისი ცხოვრების არსს. სარტრის მიხედვით, „ადამიანი ჯერ არსებობს, შეხვდება, მოევლინება სამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს საკუთარ თავს.“ ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი პასუხს აგებს იმაზე, თუ როგორია ის, ამრიგად, „ეგზისტენციალიზმი პირველ რიგში აყენებს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ფლობას და აკისრებს მას სრულ პასუხისმგებლობას არსებობისთვის.“
სარტრი უარყოფს იმას, რასაც „დეტერმინისტულ გამართლებებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ადამიანებმა თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხი თავად უნდა აგონ. იგი მშიშარას და უსინდისოს უწოდებს ისეთ ადამიანს, რომელიც თავს დეტერმინიზმით იმართლებს და მიისწრაფვის, დაუმალოს თავის თავს საკუთარი არსებობის სრული უმიზეზობა და თავისი სრული თავისუფლება.
სარტრი განსაზღვრავს შიშს, როგორც ემოციას, რომელიც ადამიანებს მაშინ ეუფლებათ, როცა აცნობიერებენ რომ საკუთარი ქმედებებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი თავების, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე, რამეთუ ადამიანიანი საკუთარი თავის არჩევით ზოგადად ადამიანს ირჩევს. ეს მას საშუალებას აძლევს, ჩაწვდეს საკუთარ თავს სხვის წინაშე და სხვასაც ისევე გაუგოს, როგორც საკუთარ თავს. სარტრი შიშს ოპტიმისტურად აფასებს, რამეთუ ის მრავალი განსხვავებული შესაძლებლობის გაანალიზებას და მათ შორის იმ არჩევნის გაკეთებას გვაიძულებს, რომელიც ღირებულად მიგვაჩნია. „შიში არ არის წინააღმდეგობა, რომელიც ჩამოგვაშორებს მოქმედებას, ეს თვით მოქმედების ნაწილია.“
სარტრი წერს, რომ ნებისმიერი პროექტი, როგორი ინდივიდუალურიც არ უნდა იყოს ის, ფლობს უნივერსალურ მნიშვნელობას: „მე ვაგებ უნივერსალურს, ვირჩევ რა საკუთარ თავს“. სარტრის მიხედვით, ინდივიდის ქმედებები გავლენას ახდენს მთელ კაცობრიობაზე: „საკუთარი თავის რეალიზებით ადამიანი კაცობრიობის გარკვეული ტიპის რეალიზებას ახდენს.“
ადამიანი გადაგდებულია, რის გამოც იგი იძულებულია თავად შექმნას ღირებულებები, რომლებსაც აირჩევს და რომელზე დაყრდნობითაც იმოქმედებს. „ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება. მისჯილი, რადგან საკუთარი თავი თვითონ არ შეუქმნია და მაინც თავისუფალია, რადგან სამყაროში ერთხელ გადაგდებული პასუხს აგებს ყველაფერზე, რასაც აკეთებს.“ გადაგდებულობაში ყოფნა ადამიანს აიძულებს გააკეთეთოს ღირებულები არჩევანი, მიუხედავად იმისა, უწერია თუ არა განხორციელება იმას, რისთვისაც ის იბრძვის. გადაგდებულობაში ადამიანი თვითონ წყვეტს თავის ბედს. მან უნდა იმოქმედეს უიმედოდ. არ უნდა გამოიკვებოს ილუზიებით და ბოლომდე ემსახუროს იმას, რაც ღირებულად მიაჩნია.
სარტრი აგრეთვე გადაგდებულობას აღწერს, როგორც მარტოობის განცდას, რომელსაც ათეისტები გრძნობენ, როცა აცნობიერებენ, რომ არ არსებობს ღმერთი, რომელიც მათ ცხოვრების სწორ გზას უჩვენებს და მათი ცხოვრების არსს განსაზღვრავს. ღმერთის არარსებობასთან ერთად იკარგება რაიმე ღირებულის პოვნის შესაძლებლობა. ამრიგად, ადამიანის არსებობა არაა წინასწარ განსაზღვრული, თავისი თავი ყველამ თავად უნდა შექმნას, რაზეც მათ პასუხისმგებლობა ეკისრებთ. ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას უარი თავის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გვაიძულებს ვიცხოვროთ „ჭეშმარიტად“.
სარტრის თქმით, არ არსებობს არავითარი ღვთიური ნიშანი, თუმცა თუ არსებობს, მაინც ჩვენ განსვსაზღვრავთ, როგორია მისი აზრი და ამასთანავე სრულ პასუხისმგებლობას ვატარებთ ნიშნის განმარტებისთვის. მაშასადამე, ეგზისტენციალიზმის მიხედვით, ღმერთის არსებობა არაფერს შეცვლიდა. „ადამიანს არაფერი იხსნის საკუთარი თავისგან, ღმერთის არსებობის უტყუარი დამტკიცებაც კი.“ რეალობა იქნება ისეთი, როგორადაც მას ადამიანი განსაზღვრავს.
ნაშრომს სარტრი იმის აღნიშვნით ასრულებს, რომ ეგზისტენციალიზმი, ესაა მოძღვრება მოქმედებაზე და თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ თავს თავად განსაზღვრავს, ოპტიმისტური ხასიათისაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- L'existentialisme est un Humanisme დაარქივებული 2019-12-14 საიტზე Wayback Machine. ლექციის სრული ტექსტი ფრანგულად
- Full version of "Existentialism Is a Humanism" lecture
- A guide to understand Jean Paul Sartre's Existentialism is a Humanism, an article of Yoann Malinge - Literary Encyclopedia
- A student’s guide to Jean-Paul Sartre’s Existentialism and Humanism - Philosophy Now