ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი

პირველი შუალედური პერიოდი — ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც გრძელდებოდა ძვ.წ. 2280–2016 წლებში. იგი მოიცავს VII-X დინასტიებს. ეს ეგვიპტის ისტორიაში მეტად მძიმე პერიოდია. ამერიკელი მეცნიერის ვ. ჰეისის რეკონსტრუქციით, VI დინასტიიდან IX დინასტიამდე სულ 21 წელი გავიდა. მანეთონს აქვს ცნობა, რომლის მიხედვითაც VII დინასტია შედგება 70 მეფისაგან, რომლებიც 70 დღეს მეფობდნენ.

ეგვიპტის ისტორია
ეგვიპტის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ანტიკური ეგვიპტე
სპარსული ეგვიპტე
ელინისტური ეგვიპტე
რომის ეგვიპტე
ქრისტიანული ეგვიპტე
არაბული ეგვიპტე
ოსმალეთის ეგვიპტე
მუჰამედ ალის დინასტია
თანამედროვე ეგვიპტე
ეგვიპტე

 
  •  •  

VIII დინასტია

რედაქტირება

VIII დინასტიის მეფის ძალაუფლება მხოლოდ მემფისსა და მის ირგვლივ მდებარე რაიონზე ვრცელდებოდა. ჩრდილოეთში თარეშობდნენ სინაის მომთაბარე ტომები, სამხრეთში თითოეული ნომარქი თავისი ნომის ერთპიროვნული ბატონი იყო.

ჰერაკლეოპოლიტური პერიოდი და თებეს აღზევება

რედაქტირება

ეს პერიოდი მოიცავს IX-X დინასტიებს. დაახლოებით ძვ.წ. 2242 წელს ტახტს იპყრობს ვინმე ახტოი, ზემო ეგვიპტის მეოცე ნომის ნომარქი ჰერაკლეოპოლისიდან (ეგვ. ნენ-ნი-სუტ). შუა ეგვიპტის ნომარქებთან ბრძოლების შედეგად მან მემფისის რაიონს შუა ეგვიპტის ტერიტორია შემოუერთა. ახტოის და მის მომდევნო 17 ფარაონს ტახტი ეკავათ დაახლოებით ძვ.წ. 2242–2052 წლებში. ჰერაკლეოპოლისის მეფეების დროს მოხდა ნილოსის დელტიდან სინაის ტომების განდევნა. სამხრეთ ეგვიპტეში ამ პერიოდში თანდათან აღზევდა თებეს ნომარქების ოჯახი, რომლებმაც სამხრეთ ეგვიპტის დანარჩენი ნომები დაიმორჩილეს. ჰერაკლეოპოლისელ ნომარქებსა და თებეს მეფეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობაა, რაც, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ თებეს ნომარქები სამხრეთის დამორჩილებით იყვნენ დაკავებული. მაგრამ მთელი სამხრეთის დაპყრობის შემდეგ თებელებმა იარაღი უკვე ჰელიოპოლისისკენ მოაბრუნეს. ამ დროისთვის სამხრეთის ტახტზე ადის ენერგიული ნომარქი (მომავალი მენტუხეტეპ II), რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრო ჰერაკლეოპოლისის სამეფოს ქალაქები.

VII-X დინასტიების დროს თებეს მართავდნენ ნომარქები, რომლებიც ერთსა და იმავე საგვარეულო სახელს — ინტეფს — ატარებდნენ. პირველი ინტეფების წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ ჰერაკლეოპოლისელთა დინასტიის მეფეებს. დღეს ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მათი ძალაუფლების გავრცელება, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. 2134 წელს ერთ-ერთმა ინტეფმა თავი უკვე „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფედ“ გამოაცხადა. მართალია, ვერც მან და ვერც მისმა შემდეგმა სამმა მემკვიდრემ ვერ მოახერხეს ჰერაკლეოპოლისის მეფეების საბოლოო დამარცხება, მაგრამ შემდგომმა ეგვიპტურმა ტრადიციამ იგი მაინც აღიარა XI დინასტიის დამაარსებლად. ამ დინასტიის მეხუთე წარმომადგენელმა მენტუხეტეპ II ერთიმეორის მიყოლებით აიღო ჩრდილოეთის რამდენიმე ქალაქი და დაახლოებით ძვ.წ. 2052 წელს დაიპყრო თვით ჰერაკლეოპოლისიც. ამგვარად, თებეს ნომარქების შთამომავალმა მთელი ეგვიპტის გაერთიანება მოახერხა. ჰერაკლეოპოლისელები კიდევ რამდენიმე წელიწადს ებრძოდნენ მენტუხეტეპს, მაგრამ ამაოდ. მისი ხანგრძლივი მეფობის (51 წელიწადი) შუახანს ეგვიპტის გაერთიანება საბოლოოდ დასრულდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მეტუხეტეპმა მიიღო ჰორის ახალი სახელი – სემა-ტაუი (ორი ქვეყნის გამაერთიანებელი). ქვეყნის გამაერთიანებლად აღიარა იგი ეგვიპტურმა ტრადიციამაც. ერთ-ერთი ტაძრის კედელზე სამი ფარაონი – მენესი, მენტუხეტეპი და იაჰმესი (XVIII დინასტია) – მოიხსენიება როგორც ერთიანი ეგვიპტის ფუძემდებელნი მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. მენტუხეტეპის მეფობით იწყება ეგვიპტის ისტორიის ახალი ეტაპი – მისი ხელმეორედ გაერთიანების პერიოდი, ანუ ე.წ. შუა სამეფოს ხანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ძველი აღმოსავლეთის ისტორია, (გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988