დუდუნა — სოფელი ისტორიულ არტაანში (ახლანდ. თურქეთი). მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქ. არტაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 18 კმ-ზე.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595) მიხედვით, დუდუნაში სახლობდა 69 კომლი, ძირითადად ქართველები: ელიაზარ იმარინდოსძე, გიორგი ცისკარასძე, იოსებ გიორგისძე, შავთვალასძე, ფერა მახარებლისძე, გოგიჩა მჭედლიშვილი, მახარებელ ზაქარასძე, გოგინა იოსებისძე, დავით სალმანისძე, ელია წამალასძე, მახარა სულასძე, ხახუტა სორაზანისძე, მანველ გოგიჩასძე, იასონ იორდანისძე, მაცაცა გრიგოლისძე და სხვ. 5–6 არაქართული სახელიც გვხვდება: შაჰყული, გრიქორ მინასისძე, ტერაკოფ, ხაჩიკ ქორჩიკასძე და სხვ. ყველა ქრისტიანი იყო, რისთვისაც იხდიდნენ სპეციალურ გადასახადს 1725 ახჩის ოდენობით. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი; ჰქონდათ ბოსტანი; ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი; ჰქონიათ 3 თვალი წისქვილი. ყველაფერ ამისათვის სოფელი იხდიდა სულ 22600 ახჩას. დუდუნაში ყოფილან თიმარის მფლობელი მაჰმადიანებიც — რამაზანი, დაუდი და ბუნიანდი, რომელთა მიწაზე 5 კომლი ქართველი ქრისტიანი ცხოვრობდა.

მათი გამოსაღები 1000 ახჩას შეადგენდა. სოფელთან ყოფილა სათესი „მრგვალი ტყე“. „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის“ მიხედვით, 1718–1719 წლებში სოფელი დუდუნა შედიოდა დიდი არტაანის ლივის ტყე-ნაჰიეში, ექვემდებარებოდა იაჰია აჰმედის ძეს და იხდიდა გამოსაღებს — 7500 ახჩას. 1878 წელს იქ მხოლოდ 8 კომლი ცხოვრობდა, 1882 წელს კი — 4.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941, წგ. 3, თბ., 1958; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.