დრის მაუდის ფაბრიკა

დრის მაუდის ფაბრიკა — მაუდის საწარმო თბილისში XIX საუკუნის შუა წლებში. 1838 წელს რუსეთის იმპერატორმა დაამტკიცა კავკასიის ცალკე კორპუსის საჭიროებისათვის მაუდის ფაბრიკის აგების პროქტი. ფაბრიკას სამხრეთ უწყებისთვის ყოველწლიურად უნდა გაემზადებინა მისთვის საჭირო მაუდის ნახევარი, ე. ი. 90 000 არშინი (64 000 მ) მაუდი. მანამდე მაუდი თბილისში ვორონეჟიდან შემოჰქონდათ. მიუხედავად ამ წამოწყებისა, ამიერკავკასიაში მანუფაცტურული მრეწველობის განვითარება ვერ მოხერხდა.

1852 წელს მაშინდელი თბილისის ვერის გარეუბანში, დრის სახელით ცნობილ ადგილზე, მდინარე ვერის ნაპირას (შემდეგ იქ იყო ა. ენფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკა, მოგვიანებით კი აბრეშუმის საფეიქრო ფაბრიკა). პრუსიელმა ვაჭარმა კ. მაინცერმა ხაზინიდან მიღებული სესხით ააგო კომბინირებული საწარმო, სადაც ჯარის ნაწილებისა და ჰოსპიტლებისათვის ადგილობრივი მატყლისგან უხეშ მაუდს აწარმოებდნენ. აქვე მზადდებოდა საუკეთესო მატყლი საექსპორტოდ. ფაბრიკისათვის საჭირო დაზგა-ხელსაწყოები მოსკოვიდან ჩამოიტანეს. ჩამოიყვანეს უმთავრესად მრთველები და ფეიქრები. კავკასიის მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის შუამდგომლობით, რუსულმა ხელისუფლებამ ფაბრიკასთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ფაბრიკას კავკასიის სამხრეთ უწყებისთვის 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა მიეწოდებინა 90000 არშინი მწვანე, რუხი და შავი მაუდი. ადგილობრივი ფაბრიკის მაუდი რუსეთის სამხრეთ უწყებას უფრო იაფი უჯდებოდა. დრის მაუდის ფაბრიკა ხელს უწყობდა საქართველოში მეცხვარეობის განვითარებას, მაგრამ სხვა კოლონიური ქვეყნების საფეიქრო მრეწველობის საწარმოთა მსგავსად, დიდხანს ვერც ამ ფაბრიკამ იარსება. რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ კავკასიის სამხრეთ უწყების შეკვეთები რუსეთის ცენტრალური რაიონების საწარმოებისთვის მიეცათ. ამის შედეგად 1858 წელს ფაბრიკამ გამოუშვა მხოლოდ 4000 მანეთის საქონელი. 1860 წელს დრის მაუდოს ფაბრიკა დაიხურა.

ლიტერატურა

რედაქტირება