დრაკონციუსი
ბლოსიუს ემილიუს დრაკონციუსი (ლათ. Blossius Aemilius Dracontius) — V საუკუნის მიწურულის ქრისტიანი ლათინურენოვანი მწერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადრაკონციუსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კართაგენში (ჩრდილოეთი აფრიკა), სადაც მან ტრადიციული რიტორიკული განათლება მიიღო და იურისტად მუშაობდა. თავდაპირველად ჩრდილოეთ აფრიკის ვანდალი მეფეების კეთილგანწყობით სარგებლობდა, შემდეგ კი რომის იმპერატორისადმი მიძღვნილი ლექსის გამო ვანდალთა მეფე გუნთამუნდმა (მეფობდა 484-496 წლებში) შერისხა.
დრაკონციუსის უმთავრესი ნაშრომია ქრისტიანული პოემა De laudibus dei („უფლის დიდება“), რომელიც 2 327 ჰეგზამეტრისგან შედგება. მასში ბიბლიური შინაარსის თხრობასთან შერწყმულია ეგზეგეზის, დოქტრინისა და ავტობიოგრაფიული ელემენტები. დრაკონციუსს ასევე ეკუთვნის Satisfactio („ვედრება“, მიმართული მეფე გუნთამუნდისადმი), მითოლოგიური შინაარსის ოთხი ეპილიონი („ჰილასი“, „ელენე“, „მედეა“, „ორესტე“), ეპითალამები, ეპიგრამები და სხვ.
დრაკონციუსის „მედეა“
რედაქტირებადრაკონციუსის „მედეა“ არგონავტების თქმულების თავისებური ვერსიაა — დაახლოებით 600 -სტრიქონიანი ეპილიონი (მცირეტანიანი ეპიკური პოემა). მოქმედების დიდი ნაწილი (იასონისა და მედეას ქორწინება, ბავშვების დაბადება და სხვ.) ხდება კოლხეთში, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ყინულოვან სკვითიასთან არის გაიგივებული. ნაწარმოებში მედეა ყოვლისშემძლე ჯადოქარი და, იფიგენიას მსგავსად, დიანას ტაძრის ქურუმია, იასონის სახე კი ზერელე და სქემატურია. ოქროს საწმისის გამტაცებლები საბერძნეთში გაიქცევიან, მაგრამ კორინთის მაგივრად თებეს გამგებელ კრეონტთან ჩადიან. თხზულების ბოლოს გლავკეს, კრეონტისა და შვილების გარდა, მედეას შურისძიების მსხვერპლი ხდება იასონიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაბერიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 490.
- Lejay, Paul (1909). "Blossius Æmilius Dracontius" . In Herbermann, Charles (ed.). Catholic Encyclopedia. Vol. 5. New York: Robert Appleton Company.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დრაკონციუსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)