დორეთკარის წმინდა ბარბარეს ეკლესია
დორეთკარის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარში. აგებულია IX-X საუკუნეებში, მოხატულობაც ამავე საუკუნეებით თარიღდება.
ეკლესიაში აქ გვხვდება წმინდა ბარბარეს ამსახველი ოთხი სცენა. საქართველოში წმინდა ბარბარეს ცხოვრების სცენები სხვაგან არსად არ არის შემორჩენილი. ეკლესიის დასავლეთ კედელზე გამოსახულია აბანოს მშენებლობის სცენა და წმინდა ბარბარე განრისხებული მამის წინაშე. სამხრეთ კედელზე გაგრძელებულია თხრობა, რომელიც გვიჩვენებს წმინდა ბარბარეს თავის კვეთას და წმინდანის შერაგნილი ცხედრის თაყვანისცემის კომპოზიციას.
თხრობა იმ ეპიზოდით იწყება, როცა ხუროებმა ბარბარეს მამის ბრძანებით გაასრულეს აბანოს მშენებლობა, რომელსაც ორად–ორი სარკმელი ჰქონდა. მამის არყოფნის დროს ბარბარე, რომელმაც ამ დროისათვის მალულად აღიარა ქრისტიანობა, ხუროებს მესამე სარკმლის გაჭრასაც სთხოვს – „განმიღეთ მესამეცაო“, რითაც ერთარსება სამების არსებობას მიანიშნებს. ბარბარემ შეძლო ხუროების დაყოლიება და ნაგებობას სამი სარკმელი დააყოლეს. ბარბარეს ქრისტიანობა ასე გაცხადდა. მოგზაურობიდან დაბრუნებული, ბარბარეს მამა შვილის საქციელით განრისხებული შვილისგან მრწამსის უარყოფას მოითხოვს.
მოწამის ცხოვრების მონათხრობიდან, ეკლესიის დასავლეთმა კედელმა სახვითად ერთიან კომპოზიციად გამთლიანებული ორი, ერთმანეთის თანმიმდევრული ეპიზოდის ილუსტრაცია შემოგვინახა. ჯერ, მარცხენა ფრთაზე, როტონდის მსგავსი მცირე გუმბათიანი ნაგებობაა (წარწერით „აბანოი“) და მის წინ წელში მოხრილი ხურო წარმოგვიდგება, შემდეგ კი საპირისპიროდ მდგომი წმინდა ბარბარე, რომლის გაწვდილი ხელიც შენობის მესამე სარკმლისკენაა მიმართული. მცირეოდენი ინტერვალით მომდევნო ეპიზოდია ასახული – განრისხების ნიშნად ხელაღმართული ბარბარეს მამა და დასასჯელად განწირული მოწამის ფიგურა. თხრობა სამხრეთით გადაინაცვლებს, სადაც მოწამის ამქვეყნიური ცხოვრების დამასრულებელი ეპიზოდი – თავის კვეთა და მისი შეგრაგნილი ცხედრისადმი თაყვანისცემაა ასახული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხუსკივაძე ი., დორეთკარი – წმ. ბარბარეს ეკლესიის მოხატულობა, საქართველოს სიძველენი, № 13, 2009