დოლმაბაჰჩე

სასახლე სტამბოლში, თურქეთში

დოლმაბაჰჩე (თურქ. Dolmabahçe) — თურქი სულთნების სასახლე სტამბოლში, ბოსფორის ევროპულ მხარეს. აგებულია 1842-1853 წლებში აბდულმეჯიდ I-სთვის, რომელსაც თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლის კომპლექსი აღარ მოსწონდა და ბაროკოს სტილის სასახლე სურდა, რომელიც XVIII საუკუნის ევროპულ სამეფო რეზიდენციებს გაუწევდა კონკურენციას. სასახლე ოსმალეთის იმპერიის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი იყო 1853-1922 წლებში ოცწლიანი ინტერვალის (1889-1909) გარდა, როდესაც ამ ფუნქციას ილდიზის სასახლე ასრულებდა.

ხედი სასახლეზე ბოსფორიდან
სულთანის კარიბჭე
სასახლის ფასადი ბოსფორის მხარეს

დოლმაბაჰჩეს სასახლე 1843-1856 წლებში შენდებოდა იმპერიის 31-ე სულთანი აბდულმეჯიდის ბრძანებით და ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ეკვივალენტი, დაჯდა. თოთხმეტი ტონა ოქრო, ოქროს ფირფიტების სახით, იქნა გამოყენებული სასახლის ჭერის მოვარაყებაში. ჰაჯი საიდ აღა ხელმღძვანელობდა მშენებლობას. პროექტის მთავარი რეალიზატორები იყვნენ ევანის ყალფა, ქარაბეთ ბალიანი და მისი ვაჟი ნიკოღოს ბალიანი.

შენობის სტილი დასავლურია, ბაროკოს, როკოკოსა და ნეოკლასიკური ტრადიციებით, რომელშიც შერწყმულია ოსმალეთის ტრადიციული ხელოვნება და კულტურა თვითმყოფადი იერის მისაცემად. ფუნქციურად შენობა ესადაგება ტრადიციული ოსმალური სასახლის ცხოვრებას და ასევე თურქული სახლის ადათებს. დღემდე ის უდიდესი სასახლეა თურქეთში დარბაზების ფართობის მიხედვით.

დოლმაბაჰჩეს სასახლეში 1856 წლიდან ექვსი სულთანი ცხოვრობდა, 1924 წელს სახალიფოს გაუქმებამდე. უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც აქ ცხოვრობდა იყო ხალიფა აბდულმეჯიდ ეფენდი. 1924 წლის 3 მარტს მიღებულმა კანონმა სასახლე ახალი რესპუბლიკის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. მუსტაფა ქემალ ათათურქი, თანამედროვე რესპუბლიკის დამაარსებელი, სასახლეს საზაფხულო საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებდა. ათათურქმა აქ გაატარა მისი უკანასკნელი დღეები და აქ გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს.

მსოფლიოს უდიდესი ბოჰემიური ბროლის ჭაღი სასახლის ცენტრალურ დარბაზშია დაკიდული. ჭაღს 750 ნათურა აქვს და 4,5 ტონას იწონის. დოლმაბაჰჩეს ბოჰემიური და ბაკარას ბროლის ჭაღების უდიდესი კოლექცია აქვს მსოფლიოში. მისი მთავარი ფოიეს კიბეს ბაკარას ბროლის სახელურები აქვს.

დოლმაბაჰჩე თავდაპირველად ბოსფორის ყურეზე იდგა, თუმცა XVIII საუკუნეში მის ირგვლი ტერიტორია თანდათან შეივსო და აქ საიმპერატორო ბაღი გაშენდა, რაც სულთნების საყვარელი ადგილი იყო. სასახლის სახელი სწორედ ამ ბაღისგან მომდინარეობს: დოლმაბაჰჩე შევსებულ ბაღს ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: