დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა (თავდაპირველი სახელწოდება – დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი) — საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლში, თბილისიდან სამხრეთ დასავლეთით 85-ე კილომეტრზე. იგი განთავსებულია სოფელ პატარა დმანისის (დმანისის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, მდინარეების მაშავრისა და ფინეზაურის შესართავთან მდებარე კონცხზე.
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი | |
---|---|
41°20′11″ ჩ. გ. 44°20′33″ ა. გ. / 41.33639° ჩ. გ. 44.34250° ა. გ. | |
დაარსდა | 1983 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ქვემო ქართლის მხარე |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 2345 |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
მუზეუმი დაარსდა 1989 წლის 14 ივნისს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულებით. მუზეუმის დაცვისა და საექსკურსიო მარშრუტების ზონას წარმოადგენდა დმანისის ნაქალაქარი, ასევე ნაქალაქარის სამაროვანი; სამუზეუმო კოლექციების ბაზას ქმნიდა დმანისის ნაქალაქარში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა. 2005 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ეწოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი.
2010 წწლის 1 იანვრისთვის დმანისი სამუზეუმო-სამეცნიერო კომპლექსს წარმოადგენს. მისი შემადგენელი სეგმენტებია: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია (დმანისის ნაქალაქარი და სამაროვანი), ნაქალაქარზე განთავსებული საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, მუზეუმის ადმინისტრაციული შენობა, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის საველე ლაბორატორია და ბაზა, მუზეუმის საფონდო საცავი. სეზონურად დმანისში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები. ინტერდისციპლინარულად იკვლევს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის ჯგუფი, რომელშიც ქართველი სპეციალისტების გარდა, შედიან სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 2005 წლიდან დმანისში ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა-ბანაკი, რომელიც გათვლილია საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტზე. სწავლება წარმოებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. 2009 წელს შეიქმნა საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სეგმენტი დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა; ამ სკოლის კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ დატვირთვას შემდეგ საგნებში: არქეოლოგია, გეოლოგია, ტაფონომია, პალეოანთროპოლოგია, პალეონტოლოგია. სკოლის კურსდამთავრებულებს ეძლევათ აკადემიური კრედიტი და სერტიფიკატი. დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია სამი ძირითადი ეპოქის: შუა საუკუნეების, გვიანბრინჯაოადრერკინისა და ქვის ხანის ძეგლები. 2009 წლის სექტემბერში დმანისის ნაქალაქარზე გაიხსნა საველე-არქეოლოგიური მუზეუმი. ნაგებობა უშუალოდ გათხრების ტერიტორიაზეა და სამივე ეპოქის: ქვის, ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების ფენებზეა გამართული, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა ითვალისწინებს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ფენების დაცვას, მეცნიერთათვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნასა და ფართო საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას. საველე მუზეუმში შესაძლებელია ერთდროულად არქეოლ. სამუშაოების ჩატარებაც და დამთვალიერებელთა მიღებაც. მისი სამუზეუმო და საგანმანათლებლო კონცეფცია სრულად ასახავს დმანისის არქეოლოგიური ძეგლის უნიკალურობას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დმანისი (კრებული), ტ. 1–5, თბ., 1998–2006;
- კოპალიანი ჯ., დმანისის ციხე, თბ., 1996;
- მუსხელიშვილი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938;
- საქართველო – „პირველი ევროპელის სამშობლო", თბ., 2000;
- Dmanisi Archaeological Site, Georgian National Museum. Studio Milou architecture, 2009.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დაარქივებული 2023-10-05 საიტზე Wayback Machine.