დიღმის გზა
დიღმის გზა — თბილისზე გამავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული გზა, რომლითაც ქალაქი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა.
თბილისიდან დიღმისკენ გზა ორი კარიბჭით მიემართებოდა. ერთი მათგანი დიღმის კართან იწყებოდა (ახლანდ. პუშკინისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე), მეორე კი — კოჯრის კართან (ახლანდ. ლესელიძის ქუჩის თავისუფლების მოედანთან შერწყმის ადგილზე). დიღმის კართან გზა დაახლოებით ახლანდელი თაბუკაშვილის ქუჩის დასაწყისის ხაზს მისდევდა, ზემოდან უვლიდა ასპარეზს (დღევანდელი გ. ლეონიძის სახ. ბაღი), გ. ჭანტურიას ქუჩის სწვრივად უხვევდა რუსთაველის გამზირისკენ და აქ, ახლანდელი სასტუმრო „თბილისი-მერიოტის“ ახლოს, უერთდებოდა კოჯრის კარიდან რუსთაველის გამზირით წამოსულ გზას. შემდეგ გზა მიჰყვებოდა დღევანდელ რუსთაველის გამზირის და მ. კოსტავას ქუჩის ხაზს, კვეთდა რამდენიმე ხევს, ხიდით გადადიოდა მდინარე ვერეზე, კვლავ კოსტავას ქუჩისა და შემდეგ სააკაძის მოედნის სწვრივად მიდიოდა, მკვეთრად ჩადიოდა მტკვრისკენ და აღმა აუყვებოდა მდინარის მარჯვენა ნაპირს. მოგვიანებით ეს გზა საქართველოს სამხედრო გზის ნაწილი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 32. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985