დიანა ვაშაყმაძე-ვერონეზე
დიანა თამაზის ასული ვაშაყმაძე-ვერონეზე (დ. 4 ნოემბერი, 1966, თბილისი, — გ. 14 მაისი, 2011, იქვე) — ქართველი მომღერალი (დრამატული სოპრანო), თეორეტიკოს-ფიზიკოსი. იტალიელი მუსიკოსის ა. ვერონეზეს მეუღლე.
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ხოლო 1991 წელს — თბილისის კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძისა და გ. კარიაულის კლასი). 1987 წელს სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (პროფ. მალასის კლასი) და ოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. 1994–1996 წელს ვაშაყმაძე-ვერონეზემ გაიარა პროფესიული სწავლების პროგრამა ნიუ-იორკის მანჰეტენის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში. ვაშაყმაძე-ვერონეზეს დებიუტი საოპერო სცენაზე შედგა ნიუ-იორკში, რ. ვ. უილიამზის ოპერაში „ზღვის მხედრები”; ვაშაყმაძე-ვერონეზეს მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეთი, აიდა, აზუჩენა (ჯ. ვერდის „მაკბეთი”, „აიდა”, “ტრუბადური”), ტურანდოტი (ჯ. პუჩინის „ტურანდოტი”), იზოლდა (რ. ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდა”) და სხვ. 2005 წელს ვაშაყმაძე-ვერონეზე წარმატებით წარსდგა ქართული მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ვერდის ოპერა „აიდაში”. ჰქონდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი, სავსე ბგერის მქონე ხმა. აღსანიშნავია ვაშაყმაძე-ვერონეზეს სამეცნიერო მოღვაწეობა. ის ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვანძთა თეორიის გამოყენება ელემენტარული ნაწილაკების აღსაწერად. მიღებული აქვს 3 პატენტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2009).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Same Problems of Particle Physics According to the Topological Models of Three-dimensional Manifolds, Tb., 2000.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოიკაშვილი ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 200.