დე ბუა
დე ბუა (ლათ. de Boyx) — XIII საუკუნის დასაწყისის ჯვაროსანი რაინდი. ვატიკანის ფონდში დაცულია დე ბუას საინტერესო წერილი საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის არქიეპისკოპოსის ამადე დეტრემლესადმი, რომელშიც მოხსენიებულია ქართველთა მეფის ლაშქრობა მუსულმანთა წინააღმდეგ და გარდაცვლილი დედოფლის თამარის ნეშტის იერუსალიმში დაკრძალვის განზრახვა. წერილის ავტორი de Boyx შესაძლოა იყოს იგივე ჟილბერ დე ბუა (Gilbert de Boi), ფრანგი რაინდი, რომელიც ცნობილია 1221 წლით დათარიღებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან.
დე ბუას წერილის შინაარსი
რედაქტირებადე ბუას წერილი დაწერილი უნდა იყოს 1220-22 წლებში (შ. ლომსაძე). წერილის ლათინური ტექსტი პირველად 1893 წელს გამოაქვეყნა რ. რერიხტმა. საქართველოში წერილის ლათინური ტექსტიც და თარგმანიც (ა. ურუშაძე) პირველად დაიბეჭდა 1974 წელს ვ. ჩაჩანიძის წიგნში „პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში“.
ფრანგი რაინდი წერს, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, აიღეს მათი 300 ციხესიმაგრე და 9 დიდი ქალაქი... სახელგანთქმული მათი თექვსმეტი წლის მეფე, მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელის) შემართებითა და მოკრძალებულობით, რწმენით კი — არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის — უძლიერესი დედოფლის თამარის (ლათ. regina potentissima Thamar) ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, მისი ძვლები იერუსალიმში წაეღოთ და უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალათ. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“.
ზოგიერთი მეცნიერის — ს. კაკაბაძის, შ. ამირანაშვილის — მოსაზრებით, ეს ახალგაზრდა მეფე ლაშა-გიორგია და შესაძლოა, თამარ მეფის ნეშტი მართლაც იერუსალიმში იყოს დაკრძალული. ვატიკანის ფონდებში დაცულმა ცნობამ დიდად შეუწყო ხელი არქეოლოგიური გათხრების დაწყებას 1946 წელს იერუსალიმში, იორდანიის უდაბნოში ვ. კორბოს ხელმძღვანელობით, რასაც შედეგად მოჰყვა V საუკუნის ქართული ტაძრის უძველესი ქართული წარწერის და კულტურის უძვირფასესი ძეგლების აღმოჩენა (1952).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 345.
- Regesta regni Hierosolymitani, 1097-1291, ed. Reinhold Röhricht. Innsbruck, 1893; reprint New York, 1960, no. 868, pp. 233-4.