დენდურის ტაძარი
დენდურის ტაძარი — რომაულ-ეგვიპტური ტაძარი ნუბიაში. აგებულია ქვიშაქვით. მდებარეობდა ნილოსის მარცხენა ნაპირზე, აიგო რომის იმპერატორ ავგუსტუსის ბრძანებით, რომელმაც ძვ. წ. 31 წელს, აქციუმის ბრძოლაში კლეოპატრას დამარცხების შემდეგ, ეგვიპტე რომის მმართველობას დაუქვემდებარა. ტაძარი მიძღვნილია ქალღმერთ ისიდასადმი, რომელსაც ნუბიის მოსახლეობა ადგილობრივ ნახევარ ღვთაებებთან, პედეისსა და პეჰორთან ერთად, განსაკუთრებით სცემდა თაყვანს, ტაძრის რელიეფზე ფარაონის სამოსში გამოსახული ავგუსტუსი ეგვიპტელ ღმერთ თოთს ღვინოს სთავაზობს. აღნიშნული მიუთითებს იმპერატორის განზრახვაზე, მორგებოდა ადგილობრივ რელიგიურ წარმოდგენებს.
ტაძარი წარმოადგენს ქვიშაქვის ბლოკებით აგებულ ოთხკუთხა კონსტრუქციას, ამშვენებს ორი მასიური სვეტით გამაგრებული პორტიკი (პრონაოსი). ტაძარს წინ უძღვის მონუმენტური შესასვლელი კარი, რომელიც თავის დროზე ტაძრის შემომსაზღვრელი კედლის ნაწილია. 1960 წელს, ასუანის მეორე კაშხლის მშენებლობის გამო, ნაგებობა მთლიანად ჩაიძირებოდა ნასერის წყალსაცავში. ეგვიპტის მთავრობის ინიცივატიითა და უცხოეთის ქვეყნების ტექნიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით, ნუბიის ძეგლების გადარჩენის კამპანია დაიწყო. ეგვიპტემ მადლიერების ნიშნად რამდენიმე ტაძრის იმ ქვეყნებისთვის გადაცემა გადაწყვიტა, რომლებიც ანტიკური ნაგებობების დაშლისა და ხელახალი აწყობის პროცესში მონაწილეობდნენ. 1965 წელს ამერიკის პირველმა ლედიმ, ჟაკლინ კენედიმ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეარჩია დენდურის ტაძარი, რომელიც 1978 წელს მეტროპოლიტენის საკლერის ფრთაში განათავსეს. ტაძარი მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავერიო ფ., მეტროპოლიტენის მუზეუმი, ნიუ-იორკი : სერიიდან „ხელოვნების საუკეთესო მუზეუმები“, წგნ. 9, თბ.: „პალიტრა L“, 2018, ISBN 9789941291074.