დასავლეთ ქშატრაპების სამეფო

დასავლეთ ქშატრაპების სამეფო — ძველი ინდური სამეფო, მდებარეობდა საურაშტრაში (ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთში). არსებობდა დაახლოებით 110—395 წ.წ.

დასავლეთ ქშატრაპების სამეფო

პრეისტორია

რედაქტირება

ერთ–ერთი ადრეული ინდო–სკვითური სამეფო საურაშტრაში იყო ადრაშტრას სამეფო. ძვ.წ. I ს. ინდისა და ნარბადის შუამდინარეთი შევიდა საკების (ინდური წყაროების მიხედვით შაკების, აგრეთვე სკვითების) მაუეს ბელადის სამეფოში, რომელმაც განდჰარაში დაიკავა ინდო–ბერძნული სამეფოს ტახტი. შემდგომში აქ არსებობდა შაკთა (საკთა) რამდენიმე სამეფო. მათ შორის, I ს. გაძლიერდა ქშატრაპების სამეფო, რომელმაც თავისი ხელისუფლება გაავრცელა ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთის მთელ რიგ რაიონებზე. ამ დინასტიის მეტ–ნაკლებად ცნობილი მეფეები იყვნენ ბჰუმაკა და ნაჰაპანა. უკანასკნელი მეფობდა დაახლოებით 119 წ. — 124 წ. შორის პერიოდში და დეკანის უძლიერეს მეფედ ითვლებოდა. თუმცა მისი ხელისუფლება დაამხეს ანდჰრების მეფემ — გაუტამიპუტრა შატაკარნი. ამის შემდეგ დასავლეთ დეკანი მცირე ხნით მოექცა ქუშანის სამეფოს ხელისუფლების დაქვემდებარებაში. მე–II ს. მე–II ნახევარში დასავლეთ დეკანის მმართველი გახდა ქშატრაპების დინასტია.

ქშატრაპების აღმავლობა

რედაქტირება

აღნიშნული დინასტიის მეფეები წარმოშობით იყვნენ შაკი (საკი) სატრაპებიდან, რომლებიც ატარებდნენ ქშატრას ტიტულს. ტიტულს ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში ანიჭებდნენ ადგილობრივ მმართველებს. იგი სიტყვასიტყვით აღნიშნავს მეფისნაცვალს (გუბერნატორს). დინასტიის დამაარსებელი ჩაშტანი თავდაპირველად იყო კუშანების მეფისნაცვალი – ადგილობრივი მმართველი. II ს. 30–ან წლებში ის გახდა დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი და მიიღო მაჰარაშტრას ტიტული.

მისი შვილიშვილი რუდრამან I იყო უძლიერესი მმართველი, რომელიც აწარმოებდა ომებს აღმოსავლეთ დეკანის მეფესთან (სავარაუდოდ შივა შრი შატაკარნთან, ანდჰრას მმართველთან), რომელიც მან გაანადგურა. რუდრამან I–მა დაიპყრო, აგრეთევე, ქუშანის სამეფო, რომელსაც წაართვა ინდის დაბლობი. მან გაანადგურა იაუდჰეები, რომელთა სახელმწიფო მდებარეობდა მდ. სატლეჯის აუზში. რუდრამან I–ის მეფობის ბოლო პერიოდში ქშატრაპების ხელისუფლება გავრცელდა მალვაზე, გუჯარათზე, რაჯასტანის სამხრეთ ნაწილზე და აღმოსავლეთ დეკანის ზოგიერთ რაიონზე, რომელიც მანამდე სატავაჰანებს ეკუთვნოდა. ქშატრაპების დედაქალაქი გახდა უჯაინი. რუდრამან I მხოლოდ წარმატებული მხედართმთავარი არ ყოფილა. ის იყო უაღრესად განათლებული ადამიანი – გრამატიკის, პოლიტიკური მეცნიერების, ლოგიკისა და მუსიკის შესანიშნავი მცოდნე.

ქშატრაპების დაცემა

რედაქტირება

რუდრამან I–ის მემკვიდრეთა ისტორია თითქმის არ არის ცნობილი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამეფო ტახტისათვის ბრძოლებმა, დამორჩილებული ხალხების აჯანყებებმა, ძლიერი მეზობლების თავდასხმებმა (მათ შორის სატავაჰანების) თანდათან დაასუსტეს შაკების სახელმწიფო. IV ს. პირველ ნახევარში ადგილობრივმა მეფეებმა უარი თქვეს მაჰაქშატრაპების ტიტულის ტარებაზე. სავარაუდოდ, ეს ნიშნავდა ირანელი სასანიდების სიუზერენობის აღარებას.

348 წ. ქშატრაპტა ახალმა მეფემ რუდრასენ III–მ კვლავ მიიღო მაჰაქშატრაპის ტიტული, მაგრამ დინასტიის აღორძინება დიდხანს არ გაგრძელებულა. 395 წელს გუპტას იმპერიის მმართველმა ჩანდრაგუპტა II–მ, დაიპყრო ქშატრაპთა სამეფო და მოკლა შაკთა უკანასკნელი მეფე რუდრასიმჰა III. ამით ქშატრაპთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება