დასავლეთის ფრონტი უცვლელია
დასავლეთის ფრონტი უცვლელია (გერმ. Im Westen nichts Neues) — ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, დაწერილი 1929 წელს. თარგმნილია 26 ენაზე და 2.5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 1930 წელს მოხდა მისი ეკრანიზაცია და ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.
ტერმინი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ აგრეთვე დამკვიდრებულია პოპკულტურაშიც და გამოხატავს ისეთ სიტუაციას, როცა, ნებისმიერ ასპექტში, აბსოლუტური სტაგნაციაა და არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.[1]
სიუჟეტი
რედაქტირება"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს. რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.
რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.
რომანში აღწერილია დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების მძიმე პირობები და ბრძოლები. ამავდროულად მეგობრები ხშირად მსჯელობენ ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე რომ მათთვის იგი სრულიად უაზროა.
ამ წიგნში ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ როგორც უბრალო ახალგაზრდა ხალხი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თავისი ხასიათებით და მისწაფებებით, რომლებიც გააერთიანა და შერწყა ომმა. ხშირად მიდის მსჯელობა იმის შესახებაც რომ ახალგზრდა ჯარისკაცებს, რომლებსაც ჯერ არაფერი არ გააჩნიათ და ვისთვისაც ცხოვრება სწორედ ომით დაიწყო, უკან დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ, ამავდროულად ყველანი მოუთმენლად ელოდებიან ომის დასასრულს.
პაული იღებს შვებულებას და რამდენიმე კვირით შინ ბრუნდება, მის მიერ მიტოვებულ სამყაროში. აქ იგი თავს უსაზღვროდ უცხოდ გრძნობს, თან ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცს სახლში უამრავი პრობლემა ხვდება: დედა კიბოთი დაავადებულია, შიმშილი და გაჭირვება. იგი ვერ ახერხებს ოჯახის წევრებთან საერთო ენის პოვნას და სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ფრონტზე თავის მეგობრებთან.
ფრონტზე კი პაულის გვერდით ერთი მეორეს მიყოლებით იღუპებიან მისი სკოლის მეგობრები. პაული და მისი მეგობარი კროპი დაიჭრნენ და ერთად მოხვდნენ ლაზარეთში. პაულს შეუძლია ფრონტზე დაბრუნება, კროპი კი კარგავს ფეხს, რაც მის ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახა.
ერთ-ერთი უკანასკნელი იღუპება კატჩინსკი, რის შემდეგაც პაული ფრონტზე ძველი მეგობრების გარეშე რჩება. რემარკი მთავარ გმირსაც არ ინდობს და კლავს ომის ბოლო დღეებში, როდესაც დასავლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია".
თემატიკა
რედაქტირებამიუხედავად იმისა რომ რომანი ომზეა, ცენტრალური თემის გამოყოფა ძალიან ძნელია. რემარკმა არა მარტო რეალისტურად აღწერა ომის საშინელებები, არამედ მოიყვანა ჯარისკაცების მსჯელობა ომის მიზეზზე და აღწერა მათი სულიერი მდგომარეობაც, სადაც უიმედობაა გამეფებული. ასევე შესანიშნავადაა აღწერილი ჯარისკაცთა ძმობაც.
ომის საშინელებები
რედაქტირებატრადიციულად ლიტერატურაში ომის აღწერა შემოიფარგლებოდა ჯარისკაცთა გმირობების აღწერით, რემარკი კი არღვევს ამ ტრადიციას და აკანონებს ომის სრულიად სხვანირ აღწერას. რომანში კარგადაა აღწერილი არტილერიული დაბომბვები, ქიმიური იარაღის გამოყენება, მძიმე ჯავშანტექნიკით ბრძოლა და ჯარისკაცთა სრული დაუცველობა ამ საშინელებების წინაშე, სადაც მათ არა მხოლოდ პიროვნული სიმამაცე, არამედ ცხოველური ინსტინქტები ეხმარებათ, რათა ცოცხლები გადარჩნენ. სიკვდილი იმისგან დამოუკიდებლად მოდის გულადია თუ არა მეომარი. რემარკი მთავარი გმირის, პაულის საშუალებით აღწერს ჯარისკაცთა შიშს ამ ყველაფრის მიმართ, სადაც ადამიანი ასეთი უძლურია.
ომის ამაოება
რედაქტირებაპაული და მისი მეგობრები არაერთხელ ბჭობენ ომის მიზეზებზე და საბოლოოდ რწმუნდებიან მის სრულ ამაოებაში. ეს უკეთ იმაშიც იკვეთება, რომ არც პაულს არ მის მეგობრებს არ ჰყავდათ არც ერთი ფრანგი ნანახი, სანამ ფრონტზე არ მოხვდნენ და მათ არ გააჩნიათ მათი მოკვლის მიზეზები. კიდევ საგულისხმოა ეპიზოდი, როდესაც პაული ორმოში იმალებოდა და მასთან შემთხვევით ჩახტა ფრანგი ჯარისკაცი, რომელიც მან მაშინვე მოკლა, რადგან ომში ჩამოყალიბებული ინსტინქტი ასე კარნახობდა. ხოლო შემდეგ, როდესაც მომაკდავ ფრანგთან ერთად ღამის გატარება მოუწია, მან განიცადა მის მიერ ჩადენილი მკვლელობა. დაინახა რომ ფრანგიც ისეთივე უბრალო ოჯახიდან იყო როგორც თვითონ და რომ მათ შესაძლოა ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ.
უიმედობა
რედაქტირებაწიგნს მთლიანად გასდევს უიმედობის განცდა. ეს გამოიხატება როგორც რომანის მოქმედებაში, ასევე ჯარისკაცების რეპლიკებშიც. მიუხედავად იმისა რომ თითქოსდა ყველა მათგანი მზადაა სიკვდილისთვის, კარგად ჩანს თუ როგორ ეპოტინებიან მომაკვდავები სიცოცხლეს. რომანი ასეთივე უიმედობით სრულდება, როდესაც რემარკი მთავარ გმირს კლავს ომის ბოლო დღეებში.
ბუნება
რედაქტირებარემარკი კარგად აღწერს ბუნების ჯარისკაცების მიერ ბუნების აღქმას. პაული მოგვითხრობს გერმანიის და საფრანგეთის ლამაზი ბუნების შესახებ, მაგრამ რომანის მოქმედებისას ბუნების სილამაზე მეორეხარისხოვანია, ვინაიდან მისთვის, ის მხოლოდ თავდაცვისთვის მოსარგებ ლანდშაფტს წარმოედგენს.
შეფასება
რედაქტირება"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" პირველად გერმანიაში 1929 წელს გამოვიდა. მან მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ზოგი მიიჩნევდა რომ რემარკმა სრული სიმართლე აღწერა, ხოლო იმ დროს მომძლავრებული ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები კი პირიქით მიიჩნევდნენ რომ ამ რომანით რემარკმა უღალატა გერმანიას და მის მეომრებს.
1933 წელს, როდესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის რომანები აიკრძალა. წიგნები ამოღებულ იქნა მოსახლეობისგან და საჯაროდ დამწვარი.
მიუხედავად ამისა იგი არაერთხელ იქნა გამოცემული და ნათარგმნი 26 ენაზე.
ეკრანიზაციები
რედაქტირებარომანის პირველი ეკრანიზაცია 1930 წელს მოხდა ამერიკაში ლევის მილსტოუნის მიერ. ამ ფილმმა ოსკარი მიიღო. მეორედ ფილმის ეკრანიზაცია 1979 წელს მოხდა ასევე ამერიკაში. რეჟისორი დელბერტ მანი იყო.
ქართული თარგმანი
რედაქტირებარომანის ქართული თარგმანი ეკუთვნის კონსტანტინე გამსახურდიას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომანის ტექსტი რუსულად დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine.
- რომანის ტექსტი გერმანულად
- ↑ „all quiet on the Western Front“. The Free Dictionary. ციტირების თარიღი: 2017-12-29.