დართლოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დართლოში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ნაჭაურიძეებს.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

კოშკი ხუთსართულიანია, გეგმით კვადრატული (ფუძესთან 4,2 X 4,2 მ), ნაგებია ფიქლით. სართულშუა გადახურვა ბრტყელი, კოჭოვანი ყოფილა. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთიდან, მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე. სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი სარდაფია, რომლის ხის გადახურვა მეორე სართულის კედლების გათხელებით შექმნილ საფეხურს ეყრდნობოდა. პირველი სართული გადახურულია ბრტყელი კამარით, რომლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი სწორკუთხა საძრომი. მეორე სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, დანარჩენ კედლებში — თითო სათოფური. მესამე სართულზე ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარი კოშკზე მიშენებულ საცხოვრებელ სახლში გადიოდა. მეოთხე სართული მეორის მსგავსია. მეხუთე სართულის ოთხივე კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. ეს სართული შემაღლებული კამარითაა გადახურული.

სამხრეთის ფასადზე, მესამე და მეოთხე სართულების სარკმლების ზემოთ, ჭადრაკულად განლაგებულია პატარა კვადრატული ნიშები. მეხუთე სართულის სარკმლებზე სალოდეებია მიდგმული. კოშკი გადახურულია საფეხუროვანი პირამიდისებრი სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება