სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირცხულავა.

დავით მირცხულავა (დ. 1955) — ქართველი ენერგეტიკოსი, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ყოფილი თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით მირცხულავა დაიბადა 1955 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ინსტიტუტში, იტალიის ნაციონალურ ენერგეტიკულ კომპანიაში, აგრარულ უნივერსიტეტში. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1995 წელს სადოქტორო დისერტაციები. 1999-2003 წლებში იყო სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. 2003 წლის აგვისტოდან 2004 წლის მარტამდე — სემეკ-ის თავმჯდომარე. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაკავება და შეწყალება

რედაქტირება

2003 წლის დეკემბერში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.[1] 2005 წლის 30 მარტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.[2] 2006 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა 7 წელსა და 6 თვემდე შეუმცირა. 2008 წლის იანვარში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მირცხულავა, კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელ სულხან მოლაშვილთან ერთად შეიწყალა.

2015 წელს სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოიტანა.[3]  მომჩივანი მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევას ასაჩივრებდა. საქართველოს მთავრობამ მირცხულავას მიმართ ევროპული კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივანს კომპენსაციის სახით 5 000 ევრო შესთავაზა. მომჩივანი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად დაეთანხმა. შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული დავა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა.

„ხუდონჰესი“

რედაქტირება

დავით მირცხულავა ბოლო წლებში ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ თანამშრომლობს, რომელიც „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებას გეგმავს. თუმცა, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მშენებლობის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.[4]