დავით ზირაქაშვილი
დავით ზირაქაშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1983) — ქართველი მორაგბე. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის „ტოპ 14-ის“ გუნდის, კლერმონის წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა 2003, 2007 და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2010 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ასევე დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.
დავით ზირაქაშვილი | |
---|---|
დავით ზირაქაშვილი | |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1983 (41 წლის) |
დაბადების ადგილი | რუსთავი |
სიმაღლე | 1.83 მეტრი |
წონა | 120 კილო |
მეტსახელი | ზირაქა |
საქმიანობა | მორაგბე |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
კლუბი | კლერმონი |
პოზიცია | ბურჯი |
ნომერი | 3 |
ეროვნული ნაკრები | |
ნაკრები | საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები |
ნომერი | 3 |
Davit Zirakashvili ვიკისაწყობში |
კარიერის დასაწყისი
რედაქტირებადავით ზირაქაშვილი რუსთავში დაიბადა. ის თავიდან ჭიდაობაზე დადიოდა და კარგადაც გამოდიოდა ჩემპიონატებზე, მაგრამ მეგობრების თხოვნით მან რაგბის თამაში დაიწყო. დავით ზირაქაშვილი გუნდ „სკა“-ში თამაშობდა. შემდეგ — რუსთავის ახალ გუნდ „გორდაში“, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობდა. იმავე წელს ზირაქაშვილი 19 წლამდელთა ნაკრებში აიყვანეს, რომლის შემადგენლობაში ახალბედა სპორტსმენმა ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები მაშინ „ბ“ ჯგუფში გამოვიდნენ. ზირაქაშვილი ამ ნაკრებში მწვრთნელების — დიმიტრი ობოლაძისა და პაატა ნარიმანაშვილის დიდი ხელშეწყობით მოხვდა.
19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ზირაქაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელსაც გაემგზავრა. მაშინ ქართველმა ჭაბუკებმა იაპონიასა და რუსეთის ნაკრებს მოუგეს. მაგრამ უელსთან დამარცხდნენ ანგარიშით 3:9.
ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა რუსთავის კლუბ „აზოტში“ დაიწყო თამაში თავის თანაქალაქელ ირაკლი ნატრიაშვილთან ერთად, რომელიც დღეს, ზირაქაშვილის მსგავსად, ბორჯარლოსანთა შემადგენლობაშია. იმავე წელს, დავით ზირაქაშვილმა პაატა ნარიმანიძის თხოვნით, თბილისურ გუნდ აკადემიაში გადაინაცვლა. კლუბს იმხანად კომპანია „იმედი ელ“-ი ასპონსორებდა. 18 წლის ასაკში დაოჯახებული ზირაქაშვილისთვის „აკადემია“ საკმაოდ კარგი შემოთავაზება იყო: აქ სპორტსმენს ასი დოლარის ოდენობის ჯამაგირს უხდიდნენ.
ფრანგული პერიოდი
რედაქტირება2003 წლის 23 სექტემბერს, ზირაქაშვილი საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქ გრანდ მოტში გამეგზავრა, სადაც მეგობარმა და ლეგიონერმა გოდერძი შველიძემ სამთვიანი სტაჟირება გაუკეთა მესამე დივიზიონის ერთ-ერთ კლუბში.
მოგვიანებით, ზირაქაშვილის კიდევ ერთმა ლეგიონერმა - „ბეზიეს“ მოათამაშე დავით ხინჩაგაშვილმა გაუწოდა დახმარების ხელი და თავის კლუბში ორკვირიანი სტაჟირების შესაძებლობა მისცა: „ბეზიეს“ მარცხენა ბურჯი ტრავმების გამო ვერ თამაშობდა და სასწრაფოდ შემცვლელს ეძებდნენ. ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდა ფრანგი მწვრთნელი ოლივიე საისე: წარსულში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, შემდგომ კი განთქმული კლუბების: „კლერმონისა“ და „პერპინიანის“ მწვრთნელი. წარმოშობით ბეზიელი ოლივიე საისე ზირაქაშვილს დაუკავშირდა და ყოველგვარი სტაჟირების გარეშე „კლერმონში“ აყვანა შესთავაზა. „ბეზიეს“ მსგავსად, „კლერმონსაც“ სასწრაფოდ სჭირდებოდა დაშავებული მორკინალის შემცვლელი. 2003 წლიდან მოყოლებული, დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ამ სახელოვანი გუნდის მოთამაშეა.
2010 წლის სეზონი ზირაქაშვილისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა:საქართველო - რუსეთის მატჩის დროს გატანილმა მისმა შესანიშნავმა ლელომ თამაშში გარდატეხა მოახდინა და დიდწილად განსაზღვრა ბორჯღალოსანთა გამარჯვება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ზირაქაშვილისთვის ეს სეზონი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, ტოპ14-ის, გათამაშებაში, რომელიც მისი კლუბის ჩემპიონობით დაგვირგვინდა.
ტოპ 14 - ის ფინალურ მატჩში „პერპინიანის“ წინააღმდეგ ზირაქაშვილმა მოედანზე მხოლოდ ოცი წუთი დაჰყო - ტრავმების გამო, სრულფასოვანი თამაშის საშუალება არ მიეცა.
ზირაქაშვილს ოთხჯერ აქვს ნათამაშევი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში. იგი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ამ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ფლობს.
ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. რაგბის სამყაროში ჩემოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ნაკრები, სახელწოდებით “WORLD XV” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი სპორტსმენებით კომპლექტდება და რომელიმე ტიტულოვან გუნდს ეთამაშება.როგორც წესი, მსგავსი შეხვედრები რაიმე მნიშვნელოვან სარაგბო თარიღისა, თუ მოვლენის პატივსაცემად იმართება.
ჩინელი მილიონერის მიერ დაფინანსებული წლევანდელი მატჩი ახალი ზელანდიის ლეგენდარულ „Classic All Blacks” -ის წინააღმდეგ, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ივნისში შედგა და ახალზელანდიური რაგბის მემკვიდრეობას მიეძღვნა. შეხვედრა მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 36:26.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ERC Rugby profile დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- scrum.com statistics
- lequipe.fr profile
- itsrugby.fr პროფილი
- ყველაფერი ბორჯღალოსანთა შესახებ 1989-2010 დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine.