დავითი (ტიკარაძე)

(გადამისამართდა გვერდიდან დავითი (მეუფე))

მთავარეპისკოპოსი დავითი (ერისკაცობაში – გიორგი გურამის ძე ტიკარაძე; დ. 1 მაისი, 1963, სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი 1998 წლიდან[1]. ანგელოზის დღე: ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი – ღირსი დავით გარეჯელის ხსენება.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი
დავითი (ტიკარაძე)
დროშა
დროშა
ადიშელი მთავარეპისკოპოსი (ტიტულარული)
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
დაბადების სახელი: გიორგი გურამის ძე ტიკარაძე
დაბადება: 1 მაისი, 1963 (1963-05-01) (61 წლის)
ლანჩხუთი
ბერად აღკვეცა: 18 დეკემბერი, 1995
დიაკვნად კურთხევა: 19 იანვარი, 1996
მღვდლად კურთხევა: 6 მაისი, 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 14 ოქტომბერი, 1998
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1 ივნისი, 2006

ბიოგრაფია

რედაქტირება

მთავარეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში გიორგი ტიკარაძე, დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში. 1969-1980 წლებში სწავლობდა სუფსის საშუალო სკოლაში, 1982-1989 წლებში – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო საგზაო ფაკულტეტზე. 1983-1985 წლებში გიორგი ტიკარაძემ იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სოფელ სუფსაში, სადაც საქმიანობდა 1994 წლამდე. 1994 წელს გიორგი ტიკარაძე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ცხოვრობდა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში. 1995 წლის 18 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა მორჩილი გიორგი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად დავითი. 1996 წლის 14 იანვარს მეუფე იობმა ბერი დავითი აკურთხა დიაკვნად. 19 იანვარს – იეროდიაკვნად, ხოლო 6 მაისს – მღვდელ-მონაზვნად და დაადგინა ბათუმის წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

1997 წლის 20 იანვრიდან მღვდელ-მონაზონი დავითი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო იმავე წლის 22 მაისს დაინიშნა ქარელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვრად, იმავე დროს ასრულებდა სამწევისის მთავარანგელოზთა სახელობის და სამწევისის ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის, სოფელ ღილევიას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრების წინამძღვრის მოვალეობას. 1997 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონ დავითს მიანიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 1998 წლის 8 ოქტომბერს იგი გამორჩეულ იქნა ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსად. 1998 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იღუმენი დავითი აკურთხა ეპისკოპოსად.

2001 წლის 12 ოქტომბერიდან ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ბოდბის ეპარქია 1925 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით გამოეყო ალავერდის ეპარქიას. ბოდბის ეპარქიის მეშვეობით ინარჩუნებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია საქართველოდან ჩამოშორებულ საინგილოს ქართველებთან სულიერ კავშირს, მაგრამ ბოლშევიკური მმართველობის პირობებში ქვეყანაში ხორციელდებოდა აგრესიული ათეიზმის პოლიტიკა, ადმინისტრაციული წესით იხურებოდა ეკლესია-მონასტრები. 1936 წლის 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში აღწერა ბოდბის ეპარქიის მძიმე მდგომარეობა.

XX საუკუნის 50-60-იან წლებში ბოდბის ეპარქია გაერთიანებული იყო ალავერდის ეპარქიასთან. ბოდბის მონასტერი გაუქმებული იყო, მისი ტერიტორია საავადმყოფოს ეკავა. ბოდბელი მღვდელმთავარი თბილისის სამების ეკლესიაში წირავდა. 1978 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეულ იქნა ბოდბელი ეპისკოპოსი ათანასე, მაგრამ ეპარქიაში რთული ვითარება იყო.

მეუფე დავითი 2001 წლიდან შეუდგა საქმიანობას. მისი ღვაწლით ბევრი რამ გაკეთდა ეპარქიაში ქრისტიანული რწმენის, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმიდა ნინოს საფლავის, ბოდბის დედათა მონასტრის გამშვენიერება. 2006 წლის 1 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დავითი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2013 წლის 11 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად და ეწოდა ადიშელი მთავარეპისკოპოსი.[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება