დაგეგმვა
დაგეგმვა — ცალკეულ პირთა, ადამიანთა ჯგუფის, საწარმოთა, დაწესებულებათა, სახელმწიფო ხელისუფლების მომავალი საქმიანობის თეორიული მოდელის შემუშავება გარკვეული პერიოდისათვის, რომელიც გულისხმობს საქმიანობის მიზნებისა (მოსალოდნელი შედეგისა) და მათი მიღწევის საშუალებათა წინასწარ განსაზღვრას, ურთიერთდაკავშირებას. დაგეგმვა ადამიანთა მიზანდასახული, გაცნობიერებული საქმიანობაა.
დაგეგმვის ელემენტები ცალკეული ადამიანებისა და მათი ჯგუფების საქმიანობაში დასაბამიდან არსებობდა. უძველესი ხანის რომაელი პოეტი ოვიდიუს ნაზონი მოიხსენიებს გეგმას, როგორც მიზანს და ნაპოვნ სამოქმედო გზას. დაგეგმვა საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში – სამეურნეო (ეკონომიკურ), პოლიტიკურ, სამხედრო, მეცნიერულ, კულტურულ და სხვ. – გვხვდება. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა. უძველესია მიკროეკონომიკური, ანუ ცალკეულ საწარმოთა საქმიანობის დაგეგმვა. იგი განსაკუთრებით მსხვილი მრეწველობის განვითარების კვალდაკვალ ვრცელდებოდა. ამჟამად საწარმოები ადგენენ ბიზნესგეგმებს, რომლებიც განსაზღვრავს საწარმოს (ფირმის, ორგანიზაციის) მომავალი საქმიანობის ეკონომიკურ პარამეტრებს.
ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე წარმოიშვა მაკროეკონომიკური, ანუ ეკონომიკური დაგეგმვა ქვეყნის მასშტაბით. იგი შეიძლება ორი სახის იყოს: სპეციალური და კომპლექსური – ერთიანი მთელი ქვეყნისათვის. სპეციალური მაკროეკონომიკური დაგეგმვა ქვეყნის მასშტაბით ცალკეული დარგის გეგმების, ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა სახის პროგრამის შემუშავებას გულისხმობს. ამგვარ გეგმებს, უწინარესად, მიეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტი – შემდგომი წლის ან წლების შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა. კომპლექსური, ერთიანი მაკროეკონომიკური დაგეგმვა კი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური და სოციალური სფეროს განვითარების ყოვლისმომცველი პარამეტრების შემუშავებას ნიშნავს. მისი ფორმებია: დირექტიული და ინდიკატიური. დაგეგმვა შეიძლება ეროვნულ ჩარჩოებსაც სცილდებოდეს მაშინ, როცა ის საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობის ორიენტირთა და საშუალებათა განმსაზღვრელ ფუნქციას ასრულებს. ასეთ გეგმებს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგ., საერთაშორისო კორპორაციების, საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების პროექტები და სხვა. დროის ხანგრძლივობის მიხედვით, გამოიყოფა მოკლე- (ერთ წლამდე), საშუალო- (ხუთ წლამდე) და გრძელვადიანი (ხუთ წელზე მეტი) გეგმები, დანიშნულების მიხედვით კი – ოპერატიული (მიმდინარე პერიოდის, ცალკეულ ღონისძიებათა განხორციელების) და სტრატეგიული (მსხვილმასშტაბიანი, ხანგრძლივი მოქმედების).
ლიტერატურა
რედაქტირება- მალაშხია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 245-247.